ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მაიკლ ო'ფლაერტის ოფისი, საქართველოში განხორციელებულ ვიზიტზე ინფორმაციას ავრცელებს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო'ფლაერტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს კანონის აღსრულების ანგარიშვალდებულება უზრუნველყოს, „უცხოური გავლენის შესახებ“ შემზღუდველი კანონები გააუქმოს და იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების მხარდაჭერა შეინარჩუნოს.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისი 14-15 აპრილს საქართველოში კომისარი მაიკლ ო'ფლაერტის ვიზიტის შემდეგ განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოში კომისრის ვიზიტი ფოკუსირებული იყო 2024 წელსა და 2025 წლის დასაწყისში საპროტესტო აქციების ძალადობრივი დარბევის გამო სახელმწიფო აგენტების მიმართ ანგარიშვალდებულების არარსებობის საკითხზე, გამოხატვის თავისუფლების, მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების უფლებების მზარდ შეზღუდვებზე, ასევე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ადამიანის უფლებებზე. კომისარი მადლობას უხდის საქართველოს ხელისუფლებას თანამშრომლობისთვის. ასევე, მიესალმება სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებათა დამცველებისა და ჟურნალისტების სიმტკიცეს, რომლებიც მზარდ შემზღუდველ გარემოში მუშაობას აგრძელებენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, საქართველოში ვიზიტისას ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა ანგარიშვალდებულებისა და კანონის აღსრულების საკითხები განიხილა.

„შეხვედრების დროს მან კიდევ ერთხელ გაიმეორა მოწოდება დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების შემცველი წყლის ჭავლის გამოყენებასთან დაკავშირებით დამოუკიდებელი და საფუძვლიანი გამოძიების ჩატარების შესახებ. მან ყურადღება გაამახვილა 2020 წლის გაერო-ს ადამიანის უფლებათა სახელმძღვანელოზე სამართალდამცველების მიერ ნაკლებად ლეტალური იარაღის გამოყენების შესახებ და ხელისუფლებას მოუწოდა, რომ აღნიშნული მითითებები სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა გაითვალისწინონ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე, განცხადებაში საუბარია დემოკრატიული თავისუფლებების შეზღუდვის შესახებ.

„რაც შეეხება შემზღუდველ კანონმდებლობას, რომელიც გავლენას ახდენს გამოხატვის თავისუფლების, მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების უფლებებზე, კომისარი აღნიშნული კანონების ერთობლივ გავლენას აღნიშნავს და ხაზს უსვამს, რომ ხელისუფლებამ კიდევ უფრო მეტი შემზღუდველი ზომა მიიღო. შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში მიღებული ახალი ცვლილებები პოლიციისთვის წინასწარ შეტყობინებას მოითხოვს, თუ დემონსტრაცია ისეთ ადგილას იმართება, სადაც ავტომობილები ან ადამიანები მოძრაობენ. ასევე, პოლიციას უფლებამოსილებას ანიჭებს, რომ შეცვალოს დემონსტრაციის ადგილი ან დრო, თუ ეს ავტომობილებისა და ადამიანების შეუფერხებელ გადაადგილებას ხელს უშლის. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, 2025 წლის თებერვალში მიღებული 60-დღიანი პატიმრობის ვადა სხვა დანაშაულებზეც ვრცელდება, როგორიც ნიღბის ტარება ან გზის გადაკეტვაა. სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ახალი ცვლილებები ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული განმეორებითი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის. კომისარი შეშფოთებას გამოხატავს, რომ აღნიშნული ცვლილებები მნიშვნელოვნად ზღუდავს მშვიდობიანი შეკრების უფლებას და კონვენციაში დაფიქსირებულ აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპებთან შეუთავსებელია“, - აცხადებს კომისრის ოფისი.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია