მაიკლ ო'ფლაერტი - საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებ, „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ გააუქმოს და მნიშვნელოვნად გადახედოს ან გააუქმოს სხვა შემზღუდველი კანონები, რათა კონვენციასთან შესაბამისობა უზრუნველყოს

საქართველოში ხელისუფლებასთან შეხვედრებისას ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მაიკლ ო'ფლაერტიმ შეშფოთება გამოთქვა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, ადამიანის უფლებათა დამცველებსა და ჟურნალისტებზე „უცხოურ გავლენასთან“ დაკავშირებული რამდენიმე კანონის ზემოქმედების შესახებ, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის განცხადებაში წერია.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისი 14-15 აპრილს საქართველოში კომისარი მაიკლ ო'ფლაერტის ვიზიტის შემდეგ განცხადებას ავრცელებს.

მაიკლ ო'ფლაერტის განცხადებით, „ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებისას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ადამიანის უფლებებზე გავლენის შესახებ შეშფოთება გამოხატა“.

„ასევე, შეშფოთება გამოვთქვი „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ (GEOFARA), „გრანტების შესახებ“ კანონისა და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის გამო. მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დაფინანსებასთან დაკავშირებით გამჭვირვალობის გაზრდა შეიძლება ლეგიტიმური მიზანი იყოს, რიგი შეზღუდვები კონვენციის 10(2) და 11(2) მუხლების თანახმად კანონიერების, ლეგიტიმურობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის კრიტერიუმებს არ შეესაბამება. ხელისუფლებას მოვუწოდებ, GEOFARA-ს კანონი გააუქმოს და მნიშვნელოვნად გადახედოს ან გააუქმოს სხვა შემზღუდველი კანონები, რათა კონვენციასთან შესაბამისობა უზრუნველყოს. ასევე, აღვნიშნავ, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, უფლებადამცველები და ჟურნალისტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო სივრცის დაცვის საქმეში. ამიტომ, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ათეულობით სამოქალაქო ორგანიზაციის წინააღმდეგ მიმდინარე ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმე სახელმწიფოს მიერ კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებთან შესაბამისობაში იყოს“, - აცხადებს მაიკლ ო'ფლაერტი.

ასევე, კომისარმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული ადამიანის უფლებების საკითხზე.

„ვაფასებ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას, ამ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებსა და იქიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო ჯანდაცვითა და განათლებით დაეხმაროს. იძულებით გადაადგილებული პირები კვლავ ინტეგრაციის გამოწვევების წინაშე დგანან. მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ ყურადღება გაამახვილოს ისეთ სექტორებზე, როგორიც საცხოვრებლით უზრუნველყოფა, სამუშაო და განათლებაა“, - აღნიშნავს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია