კაია კალასი - საქართველო არ აჩვენებს დემოკრატიული უკუსვლის შემობრუნების ნიშნებს - მინისტრებს ცხადი მესიჯი ჰქონდათ, რომ საქართველომ უნდა შეცვალოს კურსი

საქართველო არ აჩვენებს დემოკრატიული უკუსვლის შემობრუნების ნიშნებს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მინისტრებს ცხადი მესიჯი ჰქონდათ, რომ საქართველომ უნდა შეცვალოს კურსი.

„საქართველო არ აჩვენებს დემოკრატიული უკუსვლის შემობრუნების ნიშნებს. მინისტრებს ცხადი მესიჯი ჰქონდათ, რომ საქართველომ უნდა შეცვალოს კურსი და, რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებებზე დიალოგში გულწრფელი ჩართულობა ნიშანი იქნება, რომ მათ [„ქართულ ოცნებას“] კურსის შეცვლა სურთ“, - განაცხადა კალასმა.

კალასმა ასევე აღნიშნა, რომ მინისტრები სომხეთში ივნისის საპარლამენტო არჩევნებამდე ევროკავშირის სამოქალაქო მისიის გაგზავნაზე შეთანხმდნენ, რომელიც „გააძლიერებს ქვეყნის მდგრადობას მასიური სადეზინფორმაციო კამპანიებისა და კიბერთავდასხმების წინააღმდეგ“.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება ენერგეტიკისა და დაკავშირებადობის საკითხებში და აღნიშნა, რომ „გვსურს ჩვენი კავშირების გაღრმავება და მალე გავაგრძელებთ ორმხრივი თანამშრომლობის ახალ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს“.

ამასთან, კაია კალასმა სანქციებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

„თუ მეკითხებით ზოგად განწყობაზე, მაშინ შემიძლია გიპასუხოთ, რომ დიახ, ზოგადი განწყობა არსებობს, რადგან თუ მოვითხოვდით სანქციების დაწესებას, მაგალითად, იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ამ ქმედებებს სჩადიან თავისუფალი მედიის ოპოზიციის წინააღმდეგ, მაშინ 26 ქვეყანა მხარს დაგვიჭერდა და ერთი წინააღმდეგი წავიდოდა“, - განაცხადა კაია კალასმა პრესკონფერენციაზე „ევროსკოპის“ მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ.

კერძოდ, კალასს დაუსვეს შეკითხვა, როგორია ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ზოგადი განწყობა საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ასევე მიზნობრივი სანქციების მხრივ, თვლიან თუ არა ისინი, რომ მიზნობრივი სანქციები შეიძლება იყოს ეფექტური ინსტრუმენტი, რათა წაახალისოს „ქართული ოცნება“, დაუბრუნდეს ევროპული ინტეგრაციის გზას ხალხის ნების შესაბამისად და უზრუნველყოს, რომ პასუხისმგებელ პირებს თავიანთი ქმედებებისთვის პასუხისმგებლობა დაეკისროთ.

„ახლა, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების საკითხი ასევე ეხება საქართველოს; მოაქვს თუ არა ამას ახალი იმპულსი ამ მხრივ? ვერ გავუსწრებ მოვლენებს, მაგრამ ვნახოთ. ნამდვილად, დღეს ძალიან კარგი დისკუსია იყო ამ საკითხებზე, ასევე ჩართულობაზე. რადგან ზოგიერთი ამბობდა, რომ უფრო მეტად უნდა ჩავერთოთ. საბოლოო გაგება ის არის, რომ ჩვენ აუცილებლად უფრო მეტად უნდა ვიურთიერთოთ ქართველ ხალხთან, მათ შორის თბილისის გარეთაც, რათა ვაჩვენოთ ხალხს, რომ ევროკავშირი იქ არის და რომ ჩვენ ნამდვილად კეთილი ფიქრებითა და ნებით მოვდივართ. მაგრამ ამავდროულად, ძალიან მკაფიო გზავნილი უნდა გადავცეთ საქართველოს მთავრობას, რომ მათი მიმართულება არ შეესაბამება იმ ღირებულებებს, რომელსაც ევროპა წარმოადგენს. ასე რომ, ეს იყო დღევანდელი განხილვის თემა და ჩვენ ხელახლა განვიხილავთ სანქციებს, როგორც კი ახალი მთავრობები მოლაპარაკების მაგიდასთან შეიკრიბებიან“, - აღნიშნა კალასმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია