რუსთაველზე მშვიდობიანად მივედით, არ მიფიქრია, რომ ტყვია მომხვდებოდა, არ მეგონა, რომ ვიღაც საფანტს და შემდეგ დათვის ტყვიას მესროდა,- ამის შესახებ 20 ივნისის საქმეზე დაზარალებულმა ლუკა პეტრიაშვილმა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრისა და „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში ჩვენების მიცემისას განაცხადა.
როგორც მან განაცხადა, როდესაც აქციაზე მივიდა, სამართალდამცავი უწყების მიერ არანაირი გაფრთხილება არ ყოფილა.
„როდესაც რუსთაველისკენ მივდიოდი, ხალხის ნაწილი უკვე მიდიოდა, სავარაუდოდ ცრემლსადენი გაზის გამო, რადგან როდესაც იქ მივედი ცრემლსადენი უკვე გაშვებული იყო. ჩემს გარშემო სიმშვიდე იყო. როდესაც სროლა დაიწყო, დავინახე, რომ ჩემ წინ ვიღაც დაზიანდა და მას ვეხმარებოდი, რომ ადგილი დაეტოვებინა. როდესაც შემოვტრიალდი 6-7 ტყვია მომხვდა ტანის ზედა არეში. როდესაც დაზიანება მივიღე გადავინაცვლე პარლამენტის მარჯვენა მხარეს, სადაც ხალხის მასაში მოვყევი, რა დროსაც თავის არეში კიდევ ერთი ტყვია მომხვდა.
ჩემს გარშემო სიმშვიდე იყო. შევესწარი წყლის ბოთლის სროლის ფაქტს.
სამართალდამცველებთან არანაირი შეხება არ მქონია. პირველი ტყვია, სავარაუდოდ, პირდაპირ იყო ნასროლი. სხვა დაზიანებული ადამიანებიც დავინახე.
არ მიფიქრია რომ ტყვია მომხვდებოდა, მშვიდობიანად მივედით და არ მეგონა, რომ ვიღაც საფანტს და შემდეგ დათვის ტყვიას მესროდა. არანაირი გაფრთხილება არ ყოფილა.
სტრასბურგში მომჩივანიც ვიყავი, რომ დამნაშავე დასჯილიყო. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას ვეთანხმები. გიორგი გახარია იქ არ იყო, ლოგიკით ხვდები, რომ ასეთი გადაწყვეტილებები ჰაერიდან არ მოდის”,- განაცხადა პეტრიაშვილმა.
ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრისა და „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა მიმდინარეობს.
ცნობისთვის, გიორგი გახარიას 20 ივნისის საქმეზე ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ორ პირზე მეტის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.