საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრს, ვანგ ვენთაოს შეხვდა. მინისტრებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო ურთიერთობები და მათი კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობები. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების თანახმად, მხარეებმა ხელი მოაწერეს ოქმს საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაში ცვლილებების განხორციელების შესახებ, რომელიც არსებული შეთანხმების თანამედროვე სავაჭრო გარემოს მოთხოვნებთან ადაპტაციას, განსაზღვრული თანამშრომლობის სფეროების კონკრეტიზაციას და ასევე ახალი მიმართულებების დამატებას ითვალისწინებს.
„საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში განხორციელებული ცვლილებები წარმოადგენს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ნაბიჯს ჩვენი ეკონომიკური პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების პროცესში და მოლოდინი გვაქვს, რომ ხელს შეუწყობს ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის ზრდას. ბოლო წლებში ჩვენ ქვეყნებს შორის ეკონომიკურმა ურთიერთობებმა მნიშვნელოვანი დინამიკა შეიძინა, რაც განპირობებულია როგორც მაღალი დონის პოლიტიკური ჩართულობით, ისე ბიზნესსექტორებს შორის მზარდი თანამშრომლობით“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის შეფასებით, განახლებული შეთანხმება ქმნის უფრო თანამედროვე და მოქნილ ჩარჩოს, რომელიც მოიცავს როგორც არსებული თანამშრომლობის სფეროების დაზუსტებას, ისე ახალი მიმართულებების დამატებას. ამასთან, ინვესტიციების და ელექტრონული კომერციის მიმართულებით იქმნება დამატებითი შესაძლებლობები.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებში და ქმნის ახალ შესაძლებლობებს ქართველი მწარმოებლებისთვის ჩინეთის ბაზარზე დამკვიდრებისათვის. ასევე ითქვა, რომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ფარგლებში მიმდინარეობს მუშაობა ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩინურ ბაზარზე დაშვებასთან დაკავშირებით, მათ შორის აღინიშნა მიღწეული პროგრესი ფრინველის ხორცის და ქართული თაფლის ჩინეთის ბაზარზე დაშვების კუთხით.
აღსანიშნავია, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ (2018 წლის პირველი იანვრიდან), 2025 წელს ექსპორტმა შეადგინა 327,6 მლნ აშშ დოლარი, რაც 62%-ით მეტია 2017 წლის მონაცემებთან შედარებით. 2025 წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 148%-ით აღემატება 2017 წლის მაჩვენებლებს. რაც შეეხება 2026 წელს, პირველ კვარტალში საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სავაჭრო ბრუნვა 55%-ით გაიზარდა. ხაზგასასმელია, რომ ჩინეთი საქართველოსთვის ვაჭრობის კუთხით მესამე, ხოლო ექსპორტის მიმართულებით პირველი პარტნიორი ქვეყანაა.
ორი ქვეყნის მინისტრებმა განიხილეს საქართველოდან საექსპორტო პროდუქტების ჩინურ ბაზარზე განთავსებისა და ამ კუთხით ხელშეწყობის საკითხები მრავალმხრივი ასევე ორმხრივი ღონისძიებების მეშვეობით. ქართულმა მხარემ დაადასტურა მზაობა ჩინეთის ბაზარზე ქართული საექსპორტო პროდუქტების კონკუნერტუნარიანობის გაზრდის მიზნით სპეციალური ხელშეწყობის პროგრამის განხორციელებაზე ჩინური ბაზრისთვის.
შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს ჩინეთიდან მეტი ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებსა და ჩინელი ინვესტორების ინტერესზე, განსაკუთრებით ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, ინფრასტრუქტურის, ასევე ენერგეტიკის სექტორში, მათ შორის, გაზის და ნავთობის მოპოვების მიმართულებით.
მარიამ ქვრივიშვილისა და ვანგ ვენთაოს შეხვედრაზე განხილვის თემა იყო ასევე ტურიზმი. აღინიშნა, რომ 2026 წლის პირველ კვარტალში ჩინეთიდან ვიზიტორების რაოდენობა 49%-ით გაიზარდა. შეხვედრაზე ითქვა, რომ გაზრდილ ტურისტულ ნაკადებს ხელს უწყობს პირდაპირი ფრენები, რომლებიც მაღალი დატვირთვით ხორციელდება, ასევე უვიზო მიმოსვლის შეთანხმება, რომელიც 2024 წლის 28 მაისიდან ამოქმედდა. აღსანიშნავია, რომ დღეისთვის, საქართველოსა და ჩინეთს შორის ორი ჩინური ავიაკომპანია კვირაში 10 სიხშირით ოპერირებს.
მხარეებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს აზიასა და ევროპას შორის დაკავშირებადობის გაძლიერების მნიშვნელობას და შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავებას, რათა შუა დერეფნის გავლით ჩინეთსა და ევროპას შორის ტვირთბრუნვა კიდევ უფრო გაიზარდოს.
ჩინეთის კომერციის მინისტრთან გამართულ შეხვედრას მარიამ ქვრივიშვილთან ერთად მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი, ასევე საქართველოს დესპანი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ბესიკ შარაშენიძე ესწრებოდნენ.