ირაკლი კირცხალია პაველ ჰერჩინსკის - ვიდრე ევრობიუროკრატია არაფორმალურ ოლიგარქიულ გავლენებს ექვემდებარება, თქვენი გაწვევის მოთხოვნა კონტრპროდუქტიული იქნება, ბრიუსელი კვლავ ამ ძალების მორჩილს გამოგზავნის

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია ევროკავშირის ელჩს საქართველოში, პაველ ჰერინსკის ღია წერილით მიმართავს.

დეპუტატი ელჩის გუშინდელ განცხადებას პასუხობს და აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის კატეგორიულად მიუღებელია „ამგვარი არადიპლომატიური და არამეგობრული ქცევა“.

ამასთან, მისივე თქმით, მანამ, სანამ ევრობიუროკრატია არაფორმალურ ოლიგარქიულ გავლენებს ექვემდებარება, პაველ ჰერჩინსკის გაწვევის მოთხოვნა კონტრპროდუქტიული იქნებოდა, ვინაიდან მის ნაცვლად ბრიუსელი კვლავ ამ ძალების მორჩილ წარმომადგენელს გამოგზავნის.

ამასთან, კირცხალია წერილში წერს, რომ საქართველოში ჰერჩინსკის მსგავსი ფიგურის შენარჩუნება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ „მოსახლეობამ კარგად დაინახოს განსხვავება „დიფ სთეითის“ მართულ ევროპასა და რეალურ ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ გაერთიანებას შორის“.

„ბატონო პაველ, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, საქართველოში თქვენი მუშაობის პერიოდში ვერც ჩვენი ქვეყანა გაიცანით და ვერც ჩვენი ხალხი და მიზანმიმართულად, მხოლოდ და მხოლოდ თქვენთვის მოცემულ დავალებას ასრულებთ.

სხვაგვარად როგორ აიხსნება ის ფაქტი, რომ ბნელ წარსულში დაბრუნებას უწოდებთ იმას, რომ საქართველოში ვიცავთ ტრადიციებს, პატივს ვცემთ ოჯახის სიწმინდეს, ჩვენს რელიგიას და იდენტობას. ბნელ წარსულს უწოდებთ იმას, რომ მხოლოდ ორ სქესს ვაღიარებთ და ჩვენთვის მიუღებელია ერთნაირსქესიანთა ქორწინება, ისევე, როგორც ლგბტქ+ პროპაგანდა, განსაკუთრებით ბავშვებში.

ამასთანავე, როგორც ჩანს, თქვენ ბნელ წარსულში დაბრუნებას უწოდებთ იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება იცავს კონსტიტუციურ წესრიგს და კანონებს, რომელთა ფარგლებშიც იძულებულნი ვართ კანონის შესატყვისად ვიმოქმედოთ და პასუხი ვაგებინოთ არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი ევრობიუროკრატიისგან გონებამოწამლულ, რევოლუციის მოწყობისკენ წაქეზებულ ჩვენს თანამოქალაქეებს და ახალგაზრდებს, რომლებსაც თქვენ გმირებად ნათლავთ, რეალურად კი, ისინი სწორედ ევრობიუროკრატიის მიერ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გატარებული პოლიტიკის მსხვერპლი არიან.

თქვენივე განცხადებებით, ბნელ წარსულში დაბრუნებად სახავთ ფაქტს, რომ საქართველოში გვაქვს გამჭვირვალობის კანონი და არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები ბრიუსელის შავ ფულს ვეღარ დებენ ქართულ პოლიტიკასა და ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის დანერგვაში, იმ იდეოლოგიის დანერგვასა და გავრცელებაში, რომელიც მრავალი თვალსაზრისით ფაშიზმზე უარესად კი შეიძლება მივიჩნიოთ.

ამის საპირისპიროდ, როგორც ჩანს, თქვენ საქართველოს ნათელ მომავლად სახავთ იმას, რასაც ევრობიუროკრატია უკვე ითხოვს უნგრეთის ახალი ხელისუფლებისგან, რომ დაუშვან ლგბტქ+ პროპაგანდა და ასევე, არასრულწლოვანთათვის სქესის შეცვლის პროცედურები.

თქვენ მიერ დასახულმა ნათელმა მომავალმა რაც მოუტანა ევროპას, კარგად ჩანს ბოლო 15-20 წლის მაგალითზე. მანამ, სანამ ევროკავშირი იმ ფასეულობებს ეყრდნობოდა, რომელთა დაცვასაც საქართველო განუხრელად ცდილობს, ბატონი ელჩი კი სიბნელეს უწოდებს, ევროკავშირი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გლობალური აქტორი იყო, ხოლო მას შემდეგ, რაც ამ ფასეულობებზე უარი თქვა და ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას მოერგო, მორალურ ასპექტებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ევროკავშირის ეკონომიკა შემცირდა და რეცესიაშია, გაერთიანების წევრი ქვეყნების უმრავლესობა კი უმძიმესი კრიმინოგენური პრობლემების წინაშეა.

უფრო მარტივად რომ განვმარტოთ თქვენი გზავნილის შინაარსი, ჩვენთვის ის დაახლოებით ასე ჟღერს - ნათელი მომავალია თქვენ მიერ წაქეზებული ახალგაზრდების მოწყობილი რევოლუცია, რასაც ხელისუფლებაში არაფორმალური ოლიგარქიული გავლენების მართული აქტორების მოსვლა უნდა მოჰყვეს, რათა საქართველომაც ის სავალალო ბედი გაიზიაროს, რა დღეშიც ბრიუსელის პოლიტიკამ ევროპული ქვეყნები ჩააგდო.

რა თქმა უნდა, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ამგვარი არადიპლომატიური და არამეგობრული ქცევა, მაგრამ გულუბრყვილოები არ ვართ და კარგად ვხვდებით, რომ ელემენტარული დიპლომატიური ეთიკაც კი არ მოგცემდათ ამ და ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ სხვა არადიპლომატიური განცხადებების გაჟღერების უფლებას, მაგრამ თქვენს ქმედებებსა და განცხადებებში აშკარად იგრძნობა და იკითხება „დიფ სთეითის“ ხელწერა და გავლენა.

რა თქმა უნდა, არავის აქვს ილუზია, რომ საქართველოში თქვენ დიპლომატიურ მისიას ასრულებთ, შესაბამისად, წარსულშიც არაერთხელ არსებობდა ობიექტური მიზეზები იმისა, რომ საქართველოდან თქვენი გაწვევა მოგვეთხოვა, მაგრამ ჩვენი სახელმწიფო ამ შემთხვევაშიც ადეკვატურად იქცევა და „ქართული ოცნების“ მიერ დანერგილ მოთმინების პოლიტიკას ატარებს. ამ პოლიტიკის ფარგლებში, მაქსიმალურად ვერიდებით ნებისმიერი სახის კონფლიქტს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რადგან საქართველოსა და ევროპულ ქვეყნებს შორის მჭიდრო, პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნება და გაღრმავება ჩვენი სტრატეგიის ნაწილია.

მეორე მხრივ, აშკარაა, რომ მანამ, სანამ ევრობიუროკრატია არაფორმალურ ოლიგარქიულ გავლენებს ექვემდებარება, თქვენი გაწვევის მოთხოვნა კონტრპროდუქტიული იქნებოდა, ვინაიდან თქვენს ნაცვლად ბრიუსელი კვლავ ამ ძალების მორჩილ წარმომადგენელს გამოგზავნის, ადამიანს, რომელიც თქვენს მსგავსად არ წარმოადგენს და არ გამოხატავს ევროპელი მოსახლეობის აზრსა და პოზიციას.

დასასრულ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საქართველოში თქვენი მსგავსი ფიგურის შენარჩუნება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ ჩვენმა მოსახლეობამ კარგად დაინახოს განსხვავება „დიფ სთეითის“ მართულ ევროპასა და იმ რეალურ ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ გაერთიანებას შორის, რომლისკენაც საქართველო გაცხადებულად მიისწრაფვის და ამ სწრაფვას ვერც პირადად თქვენ და ვერც არაფორმალური ოლიგარქიული გავლენით მოქმედი ევრობიუროკრატია შეაჩერებს,“ - წერს კირცხალია მიმართვაში.

შეგახსენებთ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში, სადაც დოკუმენტური ფოტოგამოფენა „საქართველო ფოკუსში“ გაიხსნა, აღნიშნა, რომ საქართველო სწორ ტრაექტორიაზე აღარ იმყოფება.

ელჩის თქმით, „ხელისუფლებამ აირჩია ალტერნატიული, ავტორიტარიზმის მოდელი და საქართველოს ევროკავშირს აშორებს“.

„საქართველო გზაგასაყარზე დგას. საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება. ჩემი მთავარი გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ არის „ნუ დაკარგავთ იმედის“. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში. ეს არ არის ის მომავალი, რომელსაც ისინი იმსახურებენ.როგორც კი ხელისუფლება გამოთქვამს ჩვენთან თანამშრომლობის სურვილს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს გახდეს ევროკავშირის წევრი“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ, რომლის ციტატასაც „ნეგტაზეთი“ ავრცელებს.

გიორგი ბილანიშვილი - საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2026
ათობით სტიპენდიატი და გაცემული 85 000 ლარი - NMG ახალგაზრდების მხარდამჭერი
„სილქნეტი“ აგრძელებს პრო­ექ­ტის „მსა­ხი­ო­ბე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რის­თვის“ მხარდაჭერას
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება