თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სამოქალაქო დავის განხილვა შეწყვიტა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელის სამოქალაქო დავის განხილვა შეწყვიტა.

მზია ამაღლობელი სასამართლოში "ქართული ოცნების" თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძეს უჩიოდა, საჯარო განცხადების დროს, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევისა და პატივისა და ღირსების შელახვის გამო.

მზია ამაღლობელი სასამართლოსგან მოითხოვდა, რომ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები, რომლებიც მზია ამაღლობელთან დაკავშირებით გააკეთა, ცილისმწამებლურად შეფასებულიყო.

პროცესს ესწრებოდა მზია ამაღლობელი, თუმცა მოპასუხე მხარე- ირაკლი კობახიძე პროცესს არ დასწრებია, არც მისი წარმომადგენელი.

როგორც მზია ამაღლობელის ადვოკატმა ანა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებთან განმარტა, მათ სასამართლოს სთხოვეს დაეზუსტებინა, რამდენად მიიჩნევს, რომ ირაკლი კობახიძის განცხადებები მზია ამაღლობელის მიმართ იყო ცილისმწამებლური, მაგრამ სასამართლომ უარი თქვა ასეთი განმარტების გაკეთებაზე და ფაქტობრივად, ფორმალურად მოისმინა მხარეების პოზიციები.

„დღევანდელი საქმის განხილვა ეხებოდა მზია ამაღლობელის სარჩელს ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ, იმასთან დაკავშირებით, რომ ირაკლი კობახიძემ გაავრცელა მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ცილისმწამებლური განცხადებები. დღევანდელ საქმეში იხილებოდა განცხადებები იმის შესახებ, თითქოს მზია ამაღლობელმა განახორციელა ძალადობა, ის მოქმედებდა დაკვეთით, ის არის რომელიმე პარტიის აქტივისტი ადა ახორციელებს პარტიულ საქმიანობას. ამ განცხადებებზე ვდავობდით დღეს. ირაკლი კობახიძე არ გამოცხადდა სხდომაზე, არც მისი წარმომადგენელი გამოცხადდა, სარჩელთან დაკავშირებით არ წარმოადგინა პასუხი, ანუ შესაგებელი. მან უარი თქვა ამ დავაში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებაზე ანუ რომ წარმოდგენილიყო და მონაწილეობა მიეღო ამ დავაში. აქედან გამომდინარე, ჩვენი შუამდგომლობა, რომელიც დავაყენეთ სასამართლოს წინაშე, იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნა და სასამართლოს ვთხოვდით, გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, დაკმაყოფილდებოდა მზია ამაღლობელის სარჩელი, თუმცა სასამართლომ პროცესუალური მანევრები განახორციელა და ფაქტობრივად, არ თქვა პასუხი ჩვენს ამ შუამდგომლობაზე მიუხედავად წარმომადგენლების დაჟინებული მოთხოვნისა. მოითხოვა, რომ, პირველ რიგში, განხილულიყო რამდენად გამორიცხავს ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობას ამ დავასთან დაკავშირებით ის ფაქტი, რომ თითქოს განცხადებები გაკეთებულია პოლიტიკური დებატის ფარგლებში და სასამართლომ, პირველ რიგში, განიხილა ეს საკითხი. ამ საკითხზე ორი ფაქტორი იყო, პირველი, ის რომ პროცესუალურად მოსამართლეს უნდა განეხილა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საკითხი და როგორც გითხარით არ გააკეთა ეს. მეორე , მნიშვნელოვანი საკითხი რაც არის, რომ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოება ეხება ცილისმწამებლურ განცხადებებს ანუ უნდა შეფასდეს განცხადება, როგორც ცილისმწამებლური და შემდეგ უნდა გაკეთდეს გამონაკლისი კანონის შესაბამისად და გამოირიცხოს ასეთი განცხადების გამკეთებელი პირის პასუხისმგებლობა. ამაზე ჩვენ სასამართლოს ვთხოვეთ განმარტება, მათ შორის, იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ნათელი ყოფილიყო ნორმის ჩანაწერი და სასამართლოს მიდგომა ამ ნორმის განმარტებასთან და ვთხოვეთ დაეზუსტებინა, რამდენად მიიჩნევს სასამართლო, რომ ეს განცხადებები მართლაც ცილისმწამებლურია და სწორედ ამიტომ გადადის შემდგომ პასუხისმგებლობის გამომრიცხავ გარემოებებზე მსჯელობაზე, მაგრამ სასამართლომ უარი თქვა ასეთი განმარტების გაკეთებაზე. ფაქტობრივად, ფორმალურად მოისმინა მხარეების პოზიციები და ძალიან მოკლედ და მარტივად გამოგვიცხადა, რომ საქმის წარმოებას შეწყვეტდა, რადგან ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადებები, რომელიც გაკეთდა ერთი ერთზე ინტერვიუს ფარგლებში და არა მართლაც პოლიტიკური დებატის ფარგლებში, არის პოლიტიკური დებატის ნაწილი და არ შეიძლება დადგეს ამ განცხადებების გამო პასუხისმგებლობა. რა თქმა უნდა, ვაპირებთ გასაჩივრებას, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ნდობა, მზია ამაღლობელის ნდობაც გამოწვევების წინაშე დგას ქართული მართლმსაჯულების მიმართ და ასე ნდობა ფაქტობრივად არ არსებობს, ყველა სამართლებრივ საშუალებას გამოვიყენებთ, რაც ეროვნულ დონეზე გვაქვს და ვიდავებთ მისი უფლებების დასაცავად ბოლომდე.“- განაცხადა მზია ამაღლობელის ადვოკატმა ანა რეხვიაშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2026
ათობით სტიპენდიატი და გაცემული 85 000 ლარი - NMG ახალგაზრდების მხარდამჭერი
„სილქნეტი“ აგრძელებს პრო­ექ­ტის „მსა­ხი­ო­ბე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რის­თვის“ მხარდაჭერას
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება