ელჩისგან წუხილი იმაზე, რასაც „ოცნება“ აკეთებს და იმ საფრთხეებზე, რასაც „ოცნების“ არასწორი პოლიტიკა ქმნის ამ ქვეყანაში, ძალიან ლოგიკური და ბუნებრივიც არის, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, თუ ვინმე ამ ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირებას აღვივებს და წარსულში გვაბრუნებს, ეს პირველ რიგში არის „ქართული ოცნება“.
„გავიგე ისე, როგორც თქვა ევროკავშირის ელჩმა, რადგან თუ ვინმე ამ ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირებას აღვივებს და წარსულში გვაბრუნებს, ეს პირველ რიგში არის თავად „ოცნება“. ელჩისგან, წუხილი იმაზე, რასაც „ოცნება“ აკეთებს და იმ საფრთხეებზე, რასაც „ოცნების“ არასწორი პოლიტიკა ქმნის ამ ქვეყანაში, ძალიან ლოგიკური და ბუნებრივიც არის. ამ შემთხვევაში „ოცნებამ“ კეთილი ინებოს და საკუთარ ქმედებებზე, ძალადობაზე, ადამიანის უფლებების დარღვევაზე, კანონის უზენაესობის დარღვევაზე ისაუბროს, რაც საბოლოო ჯამში ამ ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირებას იწვევს. ამაზე თუ ვინმე დღეს პასუხისმგებელია, ეს პირველ რიგში თავად „ოცნებაა“ და ამ შემთხვევაში ელჩის განცხადება არაფერ შუაში არ არის. ეს არის თავიდან ბოლომდე „ოცნების“ ინტერპრეტაცია და დემაგოგია, რომ კიდევ ერთხელ ევროკავშირის ელჩისგან შექმნას საფრთხე. ამ დროს სინამდვილეში თავად არის „ოცნება“ ამ ქვეყნის საფრთხე”, - აღნიშნა გიორგი შარაშიძემ.
მისი თქმით, ელჩის განცხადება „მან მიიღო მხოლოდ მეგობარი ქვეყნის და სტრატეგიული პარტნიორის რჩევად, წუხილად და ერთგვარ პრევენციად, რადგან „ქართული ოცნება“ თავად არის ის ძალა, რომელიც ამ საფრთხეებს ქმნის“.
„მუქარა ვერ დავინახე. მე დავინახე მხოლოდ წუხილი იმაზე, რასაც „ოცნება“ აკეთებს - ანუ როდესაც [ქვეყანას] აბრუნებს იმ ძველ დროში, როდესაც მართლაც იყო სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე და რეალობაც იყო ასეთი. ეს თავიდან ბოლომდე „ოცნების“ პასუხისმგებლობაა. ნებისმიერი ჩვენი მეგობარი ქვეყნის ელჩი ზრუნავს და წუხს ამ რეალობაზე და ცდილობს, რომ ამის პრევენცია მოახდინოს. მე ეს მივიღე მხოლოდ მეგობარი ქვეყნის და სტრატეგიული პარტნიორის რჩევად, წუხილად და ერთგვარ პრევენციად, რადგან „ოცნება“ თავად არის ის ძალა, რომელიც ამ საფრთხეებს ქმნის”, - აღნიშნა გიორგი შარაშიძემ.
შეგახსენებთ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში, სადაც დოკუმენტური ფოტოგამოფენა „საქართველო ფოკუსში“ გაიხსნა, აღნიშნა, რომ საქართველო სწორ ტრაექტორიაზე აღარ იმყოფება.
ელჩის თქმით, „ხელისუფლებამ აირჩია ალტერნატიული, ავტორიტარიზმის მოდელი და საქართველოს ევროკავშირს აშორებს“.
„საქართველო გზაგასაყარზე დგას. საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება. ჩემი მთავარი გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ არის „ნუ დაკარგავთ იმედის“. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში. ეს არ არის ის მომავალი, რომელსაც ისინი იმსახურებენ.როგორც კი ხელისუფლება გამოთქვამს ჩვენთან თანამშრომლობის სურვილს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს გახდეს ევროკავშირის წევრი“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ, რომლის ციტატასაც „ნეტგაზეთი“ ავრცელებს.