საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოსთვის“ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებში, რომლის საფუძველზეც ადგილობრივ თვითმმართველობებს სსიპ-ების დაფუძნების უფლება ეძლევა, “ქართული ოცნების“ პარტიული აქტივის დასაქმების რისკებს ხედავს.
ამ რისკებზე ფრაქციის წევრმა გიორგი შარაშიძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, რასაც კამათი მოჰყვა.
კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა პროექტი, რომლის მიხედვით, თვითმმართველ ქალაქებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის უფლებამოსილება მიენიჭება. სსიპ-ებს თვითმმართველი ქალაქის საკრებულო მერის წარდგინებით დააფუძნებს.
როგორც შარაშიძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ის ყველა ინიციატივას მიესალმება, რომელიც მეტ დეცენტრალიზაციასა და თვითმმართველობების გაძლიერებას მოემსახურება, მაგრამ მისივე თქმით, საკითხს აქვს მეორე - სამწუხარო მხარე, როცა სსიპ-ები “ქართული ოცნების“ პარტიული აქტივის დასაქმებისთვის არის გამოყენებული. შარაშიძემ ინფორმაციით, ამგვარი გამოცდილება თბილისის მერიის მიერ დაფუძნებულ სსიპ-ებში არსებობს.
“თბილისის მერიის სსიპ-ების გაანალიზება დაგვანახებს, რომ იქ გაცილებით მეტი ადამიანი მუშაობს, ვიდრე სსიპ-ების ამოცანების შესრულებას სჭირდება“, - განაცხადა შარაშიძემ კომიტეტის სხდომაზე.
შარაშიძეს თავდაპირველად “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა უპასუხა და მიმართა კითხვით, რომ თუკი სსიპ-ებში პარტიული აქტივის დასაქმების პრობლემა იყო, აღნიშნული საკითხი რატომ არ დააყენა გიორგი გახარიამ მაშინ, როცა ის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
“ვერ დაგეთანხმებით, რომ სსიპ-ი პარტიული აქტივის დასაქმების ადგილია. თუ თქვენ ამასთან დაკავშირებით კონკრეტული მოსაზრება და პოზიცია გაქვთ, გთხოვთ წარმოგვიდგინოთ. დიდი სიამოვნებით გავეცნობოდით, თუკი ისეთი ადამიანები მუშაობენ, ვისი მუშაობაც საჭირო არ არის, უბრალოდ არიან დახელფასებული და თავიანთი ცოდნა-გამოცდილებით კონკრეტულ პოზიციებს არ შეესაბამებიან. თუკი სსიპ-ებში გადახარჯვა ხდებოდა და პარტიული აქტივი იყო დასაქმებული, რატომ არ დააყენა ეს საკითხი გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრობის დროს?“ - მიმართა შარაშიძეს ლევან მაჭავარიანმა.
პასუხად შარაშიძემ განმარტა, რომ ასეთი პრაქტიკა “ოცნების“ პირობებში ყოველთვის არსებობდა, მაგრამ “ბოლო წლებში გაციებით მეტად არის გაზრდილი და ბევრი რამ არის გაფუჭებული“.
კანონპროექტის გარშემო გამართულ კამათში კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი ჩაერთო, რომელმაც აღნიშნა, რომ სსი-ებში დასაქმება ღია კონკურსით ხორციელდება და ეს ტენდენცია ბოლო წლებში არ შეცვლილა.
“როდესაც რაღაცას ამბობ, კონკრეტული სტატისტიკაც უნდა იყოს - რომ იყო ამდენი და გახდა - ამდენი. კანონპროექტის მიზანია მეტი დეცენტრალიზაცია და თვითმმართველობისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემა, რათა უფრო ეფექტურად იმუშაონ. თუ თქვენ გაქვთ მოდელი რის საფუძველზეც ასეთი ეჭვების გამორიცხვა იქნება შესაძლებელი, შეგიძლიათ წარმოგვიდგინოთ“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
“ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ თვითმმართველ ქალაქებს, გარდა თბილისისა, არა აქვთ უფლება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი დააფუძნონ. თვითმმართველი ქალაქები (გარდა თბილისისა) უფლებამოსილნი არ არიან განახორციელონ საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდებით განსაზღვრული საქმიანობა - მომსახურება, დაჩქარებული მომსახურება, მათ შორის მშენებლობის ნებართვის დაჩქარებული წესით გაცემის მომსახურება, გარე რეკლამის განთავსების რეგულირება და სხვა.
პარლამენტში წარდგენილი პროექტის თანახმად, თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს, მერის წარდგინებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის, დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის უფლებამოსილება ენიჭება. საჯარო სამართლის იურიდიული პირი შეიძლება შეიქმნას მშენებლობის შეტყობინების შეთანხმების ან მშენებლობის ნებართვის გაცემის, ქალაქის ურბანული განვითარების კონცეფციის შემუშავებისა და სივრცის დაგეგმარების, გენერალური და განაშენიანების გეგმების/განაშენიანების დეტალური გეგმების შემუშავების, შესაბამისი კვლევის ჩატარებისა და რეკომენდაციების მომზადების, გარე რეკლამის განთავსების რეგულირების, ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის, მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზების, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით უზრუნველყოფისა და დგომის/გაჩერების წესების რეგულირების ან სხვა მიზნით.
ამასთან, თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს მიენიჭება უფლებამოსილება, მერის წარდგინებით საჯარო სამართლის იურიდიულ პირს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულებით განსაზღვრული საქმიანობის/მომსახურების საფასური დაუდგინოს.
თვითმმართველი ქალაქის მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ქალაქის მერი დანიშნავს და გაათავისუფლებს.
პროექტის ინიციატორები არიან “ქართული ოცნების“ წევრები: ირაკლი ქადაგიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, ზვიად შალამბერიძე, ანზორ ბოლქვაძე, დიმიტრი სამხარაძე, დიმიტრი ხუნდაძე, ნიკა ელისაშვილი, ნინო წილოსანი, ზაურ დარგალი, შოთა ხაბარელი, ზაზა ლომინაძე, არჩილ ბერიძე, გიორგი ხახუბია.