საპატრიარქომ სინოდისადმი მიტროპოლიტ ისაიას მიმართვა გაავრცელა, რომელშიც ის საპატრიარქო კანდიდატისთვის საღვთისმეტყველო განათლების მოთხოვნაზე საკუთარ ხედვას განმარტავს და კანდიდატობის სურვილს გამოთქვამს

საქართველოს საპატრიარქო წმინდა სინოდისადმი ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიას მიმართვას ავრცელებს, რომელშიც საპატრიარქო კანდიდატად საკუთარი კანდიდატურის დაყენების სურვილს გამოთქვამს.

როგორც ის აღნიშნავს, საეკლესიო დებულება საპატრიარქო კანდიდატისთვის ითხოვს საღვთისმეტყველო განათლებას, თუმცა, მიაჩნია, რომ საკითხის მხოლოდ ფორმალურ კუთხით განხილვა არასრულყოფილ სურათს იძლევა.

მიტროპოლიტი საკითხზე სინოდს საკუთარ ხედვას წარუდგენს.

„მაღალყოვლადუსამღვდელოესო საპატრიარქო ტახტის მოსაყდრევ, მეუფეო შიო, მაღალყოვლადუსამღვდელოესნო მეუფენო,

დღევანდელი შეკრება ჩვენი ეკლესიის ისტორიაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობის ჟამია. მსურს, ამ პასუხისმგებლობით აღჭურვილმა, თქვენი ყურადღება შევაჩერო ერთ საკითხზე, რომელიც კანონიკურ სამართლიანობასა და მღვდელმთავრის ხარისხის პატივისცემას ეხება.

საეკლესიო დებულება საპატრიარქო კანდიდატისთვის ითხოვს საღვთისმეტყველო განათლებას. თუმცა, მიმაჩნია, რომ ამ საკითხის მხოლოდ ფორმალურ კუთხით განხილვა არასრულყოფილ სურათს იძლევა. მსურს, წარმოგიდგინოთ ჩემი ხედვა, რომელიც ეფუძნება ეკლესიის მრავალწლიან პრაქტიკას:

როდესაც 1995 წელს წმინდა სინოდის თანხმობით ხელი დამასხეს ეპისკოპოსად, ეკლესიამ ამით დაადასტურა ჩემი მზაობა მღვდელმთავრობისთვის. ეპისკოპოსი, თავისი არსით, არის ეკლესიის მასწავლებელი. თუ მღვდელმთავარი აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას ეპარქიის სამართავად და სინოდის წევრობისთვის, ბუნებრივია, მას უნდა ჰქონდეს უფლება, მონაწილეობა მიიღოს საპატრიარქო არჩევნებში.

ჩემი სწავლის პერიოდი ქვეყნისთვის ურთულეს წლებს დაემთხვა. მიუხედავად იმისა, რომ სასულიერო აკადემიაში ლექციებს ვესწრებოდი, რეალურმა ვითარებამ აკადემიური სწავლის ნაცვლად სამონასტრო მსახურებისა და უშუალოდ ეპარქიაში მოღვაწეობისკენ მიბიძგა. მიმაჩნია, რომ ათწლეულების განმავლობაში ეპარქიის მართვა და ეკლესიის ერთგული მსახურება არის ის ცოცხალი გამოცდილება, რომელიც არანაკლებ ფასეულია, ვიდრე აკადემიური დიპლომი.

ყველა მღვდელმთავარს აქვს კანონიკური უფლება, დააყენოს საკუთარი კანდიდატურა. ამ უფლების შეზღუდვა ფორმალური მიზეზით, გარკვეულწილად, თავად ეპისკოპოსის ხარისხის მნიშვნელობას აკნინებს. თუ ჩვენ მაშინ მიგვაჩნია ღირსად ეპისკოპოსობისა, დღესაც უნდა გვქონდეს უფლება, წარვდგეთ არჩევნებში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსურს დავაყენო ჩემი კანდიდატურა. ამ გადაწყვეტილებით მე არ ვეძებ პატივს, არამედ მსურს დავიცვა ის პრინციპი, რომ მღვდელმთავრის მსახურების ნაყოფი და ეკლესიისადმი ერთგულება მისი კომპეტენციის მთავარი საზომია.

გთხოვთ, თქვენს მსჯელობაში გაითვალისწინოთ ეს გარემოებები, რათა არჩევნების პროცესი იყოს მაქსიმალურად სამართლიანი და მოიცავდეს ყველა იმ ადამიანს, ვისაც წლებია ეკლესიის ტვირთი მხრებით უტარებია“, - წერია მიმართვაში.

შეგახსენებთ, 28 აპრილის სინოდის ოქმის თანახმად, ვინაიდან, საპატრიარქო კანდიდატის ასაკისა და განათლების შესახებ დაკავშირებით არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა, სინოდის სხდომაზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) წმინდა სინოდის წევრებს შესთავაზა, გამოეთქვათ მოსაზრებები საკითხების თაობაზე, რათა ჩამოყალიბებულიყო წმინდა სინოდის საბოლოო პოზიცია. აზრთა გამოთქმის შემდგომ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) კენჭისყრაზე დააყენა ზემოაღნიშნულ საკითხებზე მსჯელობის გაგრძელების მიზანშეწონილობა. წმინდა სინოდის უმრავლესობა კენჭისყრით დაეთანხმა საკითხების განხილვის შეწყვეტას.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად