დავით დარჩიაშვილი - პატრიარქის არჩევის საკითხში ხელისუფლების ჩარევა ირიბი და დელიკატურია - შესაძლოა, ვინმეს ჰქონდა მოლოდინი, რომ სუს-ის ოფიცრები ირბენდნენ, მაგრამ კომუნიკაციის ბევრად დახვეწილი ფორმებია გამოყენებული

ხელისუფლების ჩარევა იყო ირიბი და დელიკატური. შესაძლოა ვინმეს ჰქონდა მოლოდინი, რომ სუს-ის ოფიცრები ირბენდნენ, მაგრამ ასე არ მომხდარა. კომუნიკაციის ბევრად დახვეწილი ფორმები იყო გამოყენებული. შესაძლოა იმ ადამიანების მეშვეობით, რომლებსაც ხელისუფლებასთანაც კარგად არის და ეკლესიასთანაც, მოხერხდა ის, რომ შიომ ამდენი ხმა დააგროვა, - ამის შესახებ პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, დავით დარჩიაშვილმა განაცხადა, რითაც 28 აპრილს გამართულ წმინდა სინოდის სხდომასა და სხდომაზე საპატრიარქო კანდიდატების დასახელება შეაფასა, საიდანაც ყველაზე მეტი 20 ხმა - საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) დააგროვა.

მისი თქმით, შედეგების მიხედვით „ეჭვი არავის ეპარება, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია“.

„ეს პოლიტიკური საკითხია იქიდან გამომდინარე, თუ რა გავლენა აქვს ეკლესიას ცხოვრების ყველა სფეროზე, განსაკუთრებით პოლიტიკურ პროცესებზე. შედეგები ისეთია, თითქოს ეჭვი არავის ეპარება, რომ გადაწყვეტილება მიღებულია, ხმების რაოდენობით ეს ჩანს. რამდენიმე დღეში ახალი პატრიარქი გვეყოლება და ვიცით, ეს ვინ იქნება. იმ დონის ავტორიტეტი და ქარიზმა, რომელიც ილია მეორეს ჰქონდა, მას [მიტროპოლიტი შიო მუჯირი] არ აქვს, ეს დამსახურების საკითხია და დრო სჭირდება. ყველა ეპისკოპოსისთვის ილია მეორე მშობლად ითვლებოდა, ამ შემთხვევაში ასე არ არის, არც ასაკით და არც კარიერული გზით, ამიტომ ის მათ თანასწორად შეგვიძლია განვიხილოთ. საპატრიარქოს რეგულარული გავლენა აქვს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და ასეთ დროს, საპატრიარქოს ხელმძღვანელობა პოლიტიკური ელიტის ნაწილად შეგვიძლია მივიჩნიოთ. პოლიტიკურ ელიტაში იგულისხმება ყველა, ვისაც რეგულარულად გავლენა აქვს მიმდინარე პროცესებზე, შესაბამისად, ემპათია-ანტიპათიები, ჯგუფები და ეკლესიის გარეთ კავშირები სულ იყო, არის და იქნება. მგონია, რომ ხელისუფლების ჩარევა იყო ირიბი და დელიკატური. შესაძლოა ვინმეს ჰქონდა მოლოდინი, რომ სუს-ის ოფიცრები ირბენდნენ, მაგრამ ასე არ მომხდარა. კომუნიკაციის ბევრად დახვეწილი ფორმები იყო გამოყენებული. შესაძლოა იმ ადამიანების მეშვეობით, რომლებსაც ხელისუფლებასთანაც კარგად არის და ეკლესიასთანაც, მოხერხდა ის, რომ შიომ ამდენი ხმა დააგროვა“, - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.

ანალიტიკოსმა, ასევე ისაუბრა საქართველოს ახალი პატრიარქის არჩევის პროცესში რუსეთის შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით არსებულ ეჭვებზე. მისი თქმით, საქართველოს საპატრიარქოს რუსეთთან კავშირები ცალსახაა, რადგან შიომ უმაღლესი განათლება რუსეთში მიიღო, შესაბამისად, მას პიროვნული კავშირები აქვს რუსეთის მღვდელმთავრებთან.

„კულუარებში რომ გარიგებები ხდება, ეს ცალსახაა. რუსეთთან კავშირები ცალსახაა, შიომ უმაღლესი განათლება რუსეთში მიიღო, შესაბამისად, მას პიროვნული კავშირები აქვს რუსეთის მღვდელმთავრებთან, მაგრამ ეს პირდაპირ ითარგმნება თუ არა დაქვემდებარებად, საჩოთირო საკითხია. არ გამოვრიცხავ, რომ ახალმა თანამდებობამ მას მეტი ავტონომიურობის მოთხოვნისკენ უბიძგოს, რადგან თანამდებობას თავისი იდენტობა ახლავს. ილია მეორესაც და რევოლუციამდელ პატრიარქებს, რომელთა დროს მოხდა ავტოკეფალიის აღდგენა, განათლება რუსეთში ჰქონდათ მიღებული, მაგრამ მათი პოზიციები თავიანთი ეკლესიების ავტონომიურობის გაძლიერებისკენ მომდინარეობდა. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ, როგორ შეძლებს ახალი პატრიარქი იყოს არა რუსული ეკლესიის დანამატი, რაც არ მგონია მოხდეს, რადგან ამის შესაძლებლობას თავად სისტემა არ მისცემს. ასევე, ქართულ ეკლესიას მსოფლიო პატრიარქთან ნელ-თბილი ურთიერთობები ჰქონდა, საერთაშორისო საეკლესიო საკითხებთან დაკავშირებით ქართული ეკლესია ფრთხილი იყო, ეს იქიდან გამომდინარეობდა, რომ რუსული ეკლესია არ გაღიზიანებულიყო, რომელიც საკმაოდ იზოლირებულ მდგომარეობას იკავებს. არა და არ განიხილა საპატრიარქომ უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების საკითხი, ეს კი შესაძლოა რუსეთისთვის ანგარიშის გაწევად იყოს აღქმული. სიფრთხილეს ალბათ მომავალშიც ექნება ადგილი, მაგრამ ეს სრულ მორჩილებაში შესვლას ნიშნავს თუ არა, ამას ვნახავთ. ილია მეორის დაკრძალვაში, მსოფლიო პატრიარქის მონაწილეობაც აჩვენებს იმას, რომ ქართული ეკლესია ბოლომდე რუსულ ეკლესიას არ დაჰყოლია“, - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.

რაც შეეხება პოლიტიკურ საკითხებს, პოლიტოლოგმა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელთა ცვლილება შეაფასა.

„რეალური პოზიცია, რომელიც მამუკა მდინარაძეს აქვს, ეს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის პოზიციაა, რაც არ უნდა ეწოდოს კანონმდებლობით. რეალური სისტემური კოორდინაციისა და სახელმწიფო კონტროლისთვის ძალოვანი უწყებებისთვის ეროვნული უშიშროების საბჭო არსებობს. ის საბჭო კი დღევანდელი ხელისუფლების მიერ მაქსიმალურად იქნა დაკნინებული. ახლა ამ პიროვნებას [მამუკა მდინარაძეზე] რამდენად ექნება შესაძლებლობა, რომ მან ვინმე აკონტროლოს და ვინმეს კოორდინაცია გაუწიოს, ეჭვი მეპარება. ძალოვან ბლოკში ხშირი ცვლილებები გამოწვეულია პიროვნული მოტივებით - ვინმე, ვინმეს ენდობა და შემდეგ აღარ ენდობა, ან ვინმემ სურვილი დაკარგა იყოს ამ თანამდებობაზე. ასეთი ხშირი ცვლილებები არასტაბილურობასა და პიროვნულ კაპრიზებს მიუთითებს. თუ ასეთი წარმატებული იყო, თურმე დიმიტრი გელოვანი გვყოლია და სად მიდის? 6 წლით იყო დანიშნული და 8 თვეში მიდის? ის ჩამოთვლილი საკითხები, რომლებსაც სუ-ში მდინარაძის ყოფნის პერიოდს უკავშირებენ, რეალურ მოტივებს ფარავს. შესაძლოა, მას აღარ უნდოდა ზედმეტი პასუხისმგებლობა. ეს პარალელური პერიოდია, როდესაც საქართველოს ურთიერთობა პარტნიორებთან სულ უფრო ფუჭდება და მან შესაძლოა უკეთ დაინახა ეს ყველაფერი ამ თანამდებობიდან“,- განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.

მისივე შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის მართვის სტილია, რომ ადამიანები მუდმივად შიშსა და ეჭვში იყვნენ.

ბიძინა ივანიშვილის გონებაში ვერ ჩავიხედავთ და ვერ გავიგებთ როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ ჩანს, რომ კობახიძეს ან ჩრდილში გადასვამს ან იმ განცდას შეუქმნის, რომ ჩრდილში გადასმა ემუქრება. ივანიშვილის ტაქტიკასა და მართვის სტილში იგრძნობა, რომ მას უნდა ადამიანები მუდმივ შიშსა და ეჭვში იყვნენ და არ იფიქრონ რაიმე დამოუკიდებელი ნაბიჯის გადადგმისკენ“, - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - საქართველო უფრო მოწყვლადი ხდება როგორც საშინაო, ისე საგარეო ურთიერთობებში, განსაკუთრებით კი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისათვის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.04.2026
გლობალური ტექნიკის ბრენდი „Tineco“ საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის
დიდი ფასდაკლების დღეს „არქი იასამნების“ C ბლოკში 291 ბინა გაიყიდა
მილიონი გაყიდული ყავა და 10 000-მდე ერთგული მომხმარებელი უმოკლეს დროში
„სოკარი“, როგორც ეკომეგობრული ენერგეტიკის ახალი სტანდარტი საქართველოში