თბილისში, „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ორგანიზებით, გაიმართა კონფერენცია თემაზე: „თამბაქოს ნაწარმის დაბეგვრა საქართველოში - გამოწვევები და მომავლის პერსპექტივები“.
ალიანსის ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, სამოქალაქო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ჯანდაცვისა და ეკონომიკის სფეროს წამყვანი ექსპერტები.
„კონფერენციაზე წარმოდგენილი კვლევების თანახმად, 2017 წელს თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული წლიური ეკონომიკური ზარალი საქართველოში 825 მილიონ ლარს აღწევდა, რაც ქვეყნის მშპ-ის 2.43%-ს შეადგენდა. ექსპერტების განცხადებით, 2026 წლისათვის პირდაპირი ეკონომიკური ზარალი შესაძლოა 3 მილიარდ ლარსაც აჭარბებდეს. ამას ემატება დაახლოებით 2,5 მილიარდ ნახევარი ლარის დანახარჯი, რასაც თამბაქოს სხვადასხვა ნაწარმის შესაძენად იხდის მოსახლეობა. ამასთან, არაპირდაპირი ხარჯი დაახლოებით 7 მილიარდ ლარამდეა.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2024-2026 წლებში განხორციელებულ და დაგეგმილ საგადასახადო ცვლილებებს. ექსპერტების შეფასებით, ჩამოყალიბდა არათანაბარი საგადასახადო სისტემა, რამაც ადგილობრივი მწარმოებლებისთვის გაუმართლებელი პროტექციონისტული გარემო შექმნა.
კერძოდ, მონაცემები აჩვენებს, რომ ნედლ თამბაქოზე აქციზის მკვეთრი შემცირება არ აისახა საცალო ფასზე, რის შედეგადაც სარგებელი მხოლოდ მწარმოებლებმა მიიღეს, ბიუჯეტმა კი მნიშვნელოვანი თანხები დაკარგა და კიდევ დაკარგავს, თუ 2026 წლისთვის პროგნოზირებული სააქციზო შემოსავლები არსებული პოლიტიკით შეადგენს 1451 მლნ ლარს, მაშინ როცა ალტერნატიული, უფრო ეფექტური დაბეგვრის შემთხვევაში, ბიუჯეტი 1731 მლნ ლარს მიიღებდა (280 მილიონით მეტს).
ეკონომიკურ დანაკარგებთან ერთად, სპეციალისტები საგანგაშო პროგნოზებზე საუბრობენ ჯანდაცვის კუთხით. არსებული პოლიტიკის გაგრძელების შემთხვევაში, 2026 წელს თამბაქოს მოხმარება საქართველოში გაიზრდება და 7074 მილიონ ღერს მიაღწევს. ალტერნატიული საგადასახადო მოდელის გამოყენების შემთხვევაში კი შესაძლებელი იქნებოდა მოხმარების 766 მილიონი ღერით შემცირება.
კონფერენციაზე ასევე განიხილეს გავრცელებული მოსაზრება, თითქოს გადასახადების ზრდა ავტომატურად იწვევს უკანონო ვაჭრობის მატებას. ევროპული ქვეყნების გამოცდილება (გრაფიკი N1) აჩვენებს, რომ კავშირი აქციზის მატებასა და არალეგალურ ვაჭრობას შორის არ დასტურდება. არალეგალური ვაჭრობის მიზეზი არა მაღალი გადასახადები, არამედ სუსტი ადმინისტრირება და საზღვრებზე არასათანადო კონტროლია.
ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება ნიკოტინის საწუწნი ბალიშების დაბეგვრის საკითხი, რითაც სარგებლობს თამბაქოს ინდუსტრია და მზარდია ამ პროდუქტის მოხმარება მოზარდებში.
„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ და ექსპერტები ხელისუფლებას რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებენ:
საგადასახადო სისტემის გათანაბრება: აღდგეს თანაბარი პრინციპები ყველა სახის თამბაქოს და ნიკოტინის ნაწარმისთვის.
დაწესდეს გადასახადი ნიკოტინის საწუწნ ბალიშებზე; გადასახადების ეტაპობრივი ზრდა: მოხდეს აქციზის განაკვეთების ზრდა მოხმარების შემცირებისა და საბიუჯეტო შემოსავლების ოპტიმიზაციისთვის; კონტროლის გაძლიერება: დაიხვეწოს ადმინისტრირებისა და მიკვლევადობის სისტემები არალეგალური ვაჭრობის პრევენციისთვის; საერთაშორისო პროტოკოლთან შეერთება: საქართველო შეუერთდეს თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობის აღმოფხვრის ოქმს.
კონფერენციის დასასრულს აღინიშნა, რომ ეფექტური საგადასახადო პოლიტიკა არის ერთადერთი გზა, რომელიც ერთდროულად უზრუნველყოფს სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდას, მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას და ეკონომიკური პროდუქტიულობის ამაღლებას", - ნათქვამია ინფორმაციაში.