ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ უპრეცედენტო პოლიტიკური ანგარიშსწორება მიმდინარეობს, - ასე აფასებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა ფარულავა პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის საქმეს, რომელზეც დღეს განაჩენი გამოცხადდება.
როგორც ფარულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ქვეყანაში არც სამართლიანი სასამართლო არ არსებობს და არც კანონის უზენაესობა.
„ლევან ხაბეიშვილის საქმე არის პოლიტიკური ანგარიშსწორების უპრეცედენტო მაგალითი. სასამართლო ახლა მსჯელობს პოლიტიკოსის საჯარო დაპირების შეფასება როგორ მოახდინოს. ეს ერთგვარი ტესტია, როგორც პოლიტიკური სისტემისთვის, ისე იმ სასამართლოსთვისაც კი, რომელიც რეჟიმის მიერ გამოტანილ განაჩენებს აცხადებს. სამართლიანი სასამართლო არ გვაქვს და კანონის უზენაესობა. რეჟიმი იღებს გადაწყვეტილებას და მოსამართლე აცხადებს. მოსამართლე [ირაკლი ] ხუსკივაძე თავად ამბობდა, რომ 20 მაისს, როდესაც ლევან ხაბეიშვილის საბოლოო სიტყვას მოისმენდა, გადაწყვეტილებას გაგვაცნობდა, თუმცა სხდომა გადადო. ამ ადამიანს ფერი ჰქონდა გუშინდელ პროცესზე დაკარგული“, - განაცხადა ფარულავამ.
მისი განმარტებით, რამდენიმე გარემოება ადასტურებს იმას, რომ ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ მიმდინარე საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. ლაშა ფარულავას თქმით, 9 თვის განმავლობაში ლევან ხაბეიშვილი სამარტოო საკანში იმყოფებოდა და ბრალდების მხარემ ამ დროის განმავლობაში ვერ წარმოადგინა კონკრეტული მტკიცებულებები ან საიდუმლო ინფორმაცია, რაც დაადასტურებდა იმას, რომ კონკრეტული საჯარო მოხელის მოსყიდვა ხდებოდა.
„საქმეში არ არსებობს ფული, არ არსებობს ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ ჩემთან ვინმე მოვიდა და ფარული ინფორმაციის სანაცვლოდ რაიმე შემომთავაზაო. 3 მოწმიდან მხოლოდ ერთი მოიყვანა ბრალდებამ სასამართლოზე. ამ მოწმემაც თქვა, რომ ეს იყო აღქმა და სხვა არაფერი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს. 9 თვის განმავლობაში მხოლოდ 9 საათი მიმდინარეობდა ლევან ხაბეიშვილის საქმის განხილვა. ამ დროის განმავლობაში თითქმის 1 საათი დაეთმო მოწმის გამოკითხვას. წინასწარ პატიმრობაში ხომ იმ მოტივით იმყოფებოდა ლევან ხაბეიშვილი, რომ მოწმეებზე ზეწოლა არ მოეხდინა, ეს წინასწარი პატიმრობაც კი უკანონო გამოდის. არ არსებობს ფული, არც სხვა მტკიცებულებები, გარდა საჯარო განცხადებებისა.
ამ ქვეყანაში არავინ არის ბედნიერი, უბედურების მთავარი წყარო არის „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილის ყოველდღიური რეპრესიული პოლიტიკა. როგორ უნდა იყოს მოსამართლე ბედნიერი იმით, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულება? ამოკრიფეს 3 წუთი, სადაც ლევან ხაბეიშვილი მშვიდობიან პროცესზე საუბრობს და არის მესიჯური განცხადება მშვიდობიან დამხობაზე. შემდგომი ხიდი რაიმე ფაქტთან დაკავშირებით, რომ ძალადობისკენ იქნებოდა ორგანიზებული პროცესი, მსგავსი რამ ბრალდებამ მტკიცებულების სახით ვერ მოიტანა“, - განაცხადა ფარულავამ.
გარდა ამ საკითხისა, ლაშა ფარულავა სხვა თემებსაც შეეხო. მან შსს-ში სპეციალური სამმართველოს შექმნაზე ისაუბრა, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და სამართლებრივი რეაგირება იქნება. ფარულავას თქმით, ხელისუფლებას რისი შეთავაზებაც შეუძლია, მხოლოდ რეპრესია და ტერორია.
„ქაღალდის გენერალი გვპირდება, რომ საჯარო სივრცეში გაკეთებულ განცხადებას შეამოწმებს, ეს ხომ სიგიჟეა. ეს გადაწყვეტილება მიიღო ბიძინა ივანიშვილმა, რომელსაც ადარდებს ის კრიტიკა, რომელიც საჯარო სივრცეში მის მიმართ ისმის. რაც ამ ქვეყანას დაჰპირდა, არცერთი დაპირება არ შეუსრულა. შესაბამისად, არსებობს კრიტიკა და ამ კრიტიკის ასაკრძალად, მამუკა მდინარაძე ჯერ ქაღალდის გენერლად აქცია, ახლა ამ გენერალს გაუშვებს, რომ „ფეისბუქ“ პოსტები შეამოწმოს. ხომ სიგიჟეა, მაგრამ რეალობა არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილი თვითონ ცხოვრობს იზოლაციაში და ახლა უნდა მთელი ქვეყანა იზოლაციაში მოაქციოს. ივანიშვილი ახლა ცდილობს, რეპრესიებითა და ტერორით ქართველი ხალხი დააშინოს. ერთი რამ ეშლება, ივანიშვილი ქართველ ხალხს არ იცნობს. მან ძალიან ბევრი დრო გაატარა რუსეთში და რუსი ხალხი ქართველ ხალხში ეშლება, ძალიან ცდება, თუ ჰგონია, რომ ამ რეპრესიულ პოლიტიკას მისთვის არავითარი ეფექტი არ ექნება. ეფექტი ექნება მხოლოდ ის, რომ ქართველი ხალხი გაერთიანდება და გადამწყვეტი მომენტი, მათ შორის იქნება 26 მაისი“, - განაცხადა ფარულავამ.
როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება თვითონ აღვივებს სიძულვილს.
„უპასუხისმგებლობა, გულგრილობა, დაუდევრობა ყველა მიმართულებითაა. ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ, 16 მილიარდი იყო საგარეო ვალი, დღეს 72 მილიარდია. ეროვნულმა ბანკმა ეს ციფრი საკუთარი ვებ-გვერდიდან გააქრო. ქართველ ხალხთან ხელისუფლებას არაფერი აქვს შესათავაზებელი, გარდა რეპრესიისა და ტერორისა. ლევან ხაბეიშვილის დღევანდელი განაჩენი და სხვებიც არის „ქართული ოცნების“ რეჟიმის, რომელიც ამ ქვეყანაში აუცილებლად დასრულდება“, - განაცხადა ფარულავამ.