გრიგოლ გეგელია - ამერიკა არ აპირებს, ქართველი ხალხი დატოვოს მარტო - ბევრ ნაწილში ჩვენი და სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია დიდ თანხვედრაშია

ამერიკა არ აპირებს, ქართველი ხალხი დატოვოს მარტო. ჩვენ ვხედავთ, რომ აშშ-ს აქვს ძალიან დიდი ინტერესი, რომ საქართველოში იყოს პოლიტიკური მშვიდობა და სტაბილურობა, - ამის შესახებ “ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულებისას განაცხადა.

გრიგოლ გეგელიას თქმით, ამერიკელები ასევე, დაინტერესებული არიან, რომ „შუა დერეფნის პერსპექტივა“ არ დაიკარგოს.

„ჩვენ აშშ-სგან ვხედავთ ძალიან ინტენსიურ ჩართულობას, ეს არის მესამე შეხვედრა მოკლე პერიოდის განმავლობაში. აშშ და სახელმწიფო მდივანი რუბიო აჩვენებს ამით, რომ საქართველო არის მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკურად, სტრატეგიული თვალსაზრისით. ამერიკა არ აპირებს, რომ ქართველი ხალხი დატოვოს მარტო. ჩვენ ვხედავთ, რომ აშშ-ს აქვს ძალიან დიდი ინტერესი, რომ საქართველოში იყოს პოლიტიკური მშვიდობა და სტაბილურობა. შესაბამისად ჩვენი და აშშ-ს ინტერესები არის თანხვედრაში, რადგან ჩვენც ამისთვის ვიბრძვით, არც გულისხმობს პროცესის დაბრუნებას კონსტიტუციურ ჩარჩოში, რომლიდანაც პროცესი გაიყვანა „ქართული ოცნების“ ანტიკონსტიტუციურმა რეჟიმმა.

ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი შეხების წერტილი, თანხვედრის წერტილი, ვისაუბრეთ პოლიტპატიმრების გათავისუფლების აუცილებლობაზე, ახალ არჩევნებთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ იმაზე, რომ საქართველოს სტაბილურობას და აშშ-ს ინტერესებს ამ რეგიონში სჭირდება სწორი პოლიტიკური პროცესი და ყველა მხარე უნდა მუშაობდეს ამ მიმართულებით.

დისკუსია იყო მათ შორის იმაზე, როგორ უნდა გამოვიყვანოთ ქვეყანა კრიზისიდან. ამერიკა არის დაინტერესებული იმით, რომ ჩვენ გვქონდეს გამართული პოლიტიკური სისტემა, რომელშიც პარლამენტი გამართულად მუშაობს და არ არის უსახური, კოჭლი ინსტიტუტი.

მათ ასევე აინტერესებდათ ის, რომ შუა დერეფნის პერსპექტივა არ იკარგებოდეს. მათ ძალიან კარგად ესმით, რომ პოლიტიკური კრიზისი ვნებს ქართულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს, ამერიკულ ინტერესებსაც მათ შორის. ჩვენ მათ ვუთხარით, რომ მზად ვართ, ვიყოთ ისეთ პროცესში ჩართული, რომელშიც ჩვენ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მივაღწევთ, ასევე იმ კანონების უკან გაწვევას, რომელიც ამ ქვეყანაში ყველა ადამიანის ინტერესს ვნებს და ერთად დავიწყებთ დიალოგს ახალ არჩევნებთან დაკავშირებით. შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ბევრ ნაწილში ჩვენი და სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია არის ძალიან ფართო და დიდ თანხვედრაში”, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი