პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სხვადასხვა უნივერსიტეტების იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს პროკურატურის ცნობით, შეხვედრის ფარგლებში პროფესიული განვითარების ცენტრის უფროსმა მირიან მეგრელიშვილმა ახალგაზრდებს საქართველოს პროკურატურის უფლებამოსილებები, ასევე, უწყების სტრუქტურა, სტრატეგიული პრიორიტეტები და საქმიანობის ძირითადი პრინციპები გააცნო.
„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროკურორის ფუნქცია-მოვალეობებს და იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც უწყება დაინტერესებულ პირებს დასაქმების, სტაჟირებისა და პრაქტიკის მიმართულებით სთავაზობს.
აღნიშნული შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტებისთვის საქართველოს პროკურატურის სტრატეგიის, ამოცანების, პრინციპების და უფლებამოსილების გაცნობა და მათი ცნობიერების ამაღლება პროკურატურის საქმიანობისა და პროკურორის ფუნქცია-მოვალეობების შესახებ, ასევე, ახალგაზრდებში პროკურატურის, როგორც უწყების პოპულარიზაცია.
საინფორმაციო შეხვედრას ჯამში 40-მდე სტუდენტი დაესწრო.
გარდა საინფორმაციო შეხვედრისა, სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო დარბაზი და საქართველოს გენერალური პროკურატურის საბრიფინგე სივრცე.
მსგავსი აქტივობები ახალგაზრდებს ინფორმაციის და გამოცდილების მიღებაში, ასევე, პროფესიული არჩევანის გაკეთებაში ეხმარება. საქართველოს პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს, მომავალშიც აქტიურად გააგრძელოს თანამშრომლობა ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან და დაგეგმოს ისეთი მიზნობრივი ღონისძიებები, რომლებიც ახალგაზრდა თაობის განვითარებასა და მათი სამართლებრივი ცნობიერების გაღრმავებას შეუწყობს ხელს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.