შს მინისტრი - გორში მომხდარი ინციდენტი იყო ძალიან მძიმე შემთხვევა და ფაქტი, თუმცა დღეს მიმაჩნია, რომ საჭირო არ არის სიღრმეებში შესვლა - ბრძანებას არავინ გასცემდა, ეს სპონტანურად მოხდა

გორში მომხდარი ინციდენტი იყო ძალიან მძიმე შემთხვევა და ფაქტი, თუმცა დღეს მიმაჩნია, რომ საჭირო არ არის სიღრმეებში შესვლა - ბრძანებას არავინ გასცემდა, ეს სპონტანურად მოხდა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა ჟურნალისტებთან გორში ორ მოქალაქეზე სამართალდამცველების მხრიდან ძალადობის ფაქტზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მინისტრის თქმით, სახელმწიფომ ამ ფაქტის მიმართ პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირა.

„გორში მომხდარი ინციდენტი იყო ძალიან მძიმე შემთხვევა და ფაქტი, თუმცა დღეს მიმაჩნია, რომ საჭირო არ არის სიღრმეებში შესვლა. საზოგადოებამ ნახა, რომ სახელმწიფომ მკაფიოდ დააფიქსირა პოზიცია ამ ფაქტის მიმართ. სულ ეს არის, რაც შემიძლია დღეს ვთქვა.

ბრძანებას არავინ გასცემდა, ეს სპონტანურად მოხდა“, - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავები ორ პირს - პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია ექვსი სამართალდამცავი. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთან, გამოძიება დაწყებულია პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში