შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა პოლიციელის დღესთან დაკავშირებით უწყების სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები სამინისტროს I და II ხარისხის მედლებით - „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“, სამინისტროს მედლით - ,,მამაცობისთვის“ და სამინისტროს მედალიონით - „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ დააჯილდოვა.
მანამდე შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სამართალდამცველებს სიტყვით მიმართა, მათ პროფესიული დღე მიულოცა და საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.
სულხან თამაზაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის რანგში ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა თითოეულ პოლიციელს ჰქონდეს ღირსეული სამუშაო პირობები, მხარდაჭერა და დაფასება.
„როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რათა თითოეულ პოლიციელს ჰქონდეს ღირსეული სამუშაო პირობები, მხარდაჭერა და დაფასება. ამ მიმართულებით განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და მთავრობის მხარდაჭერა, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, კიდევ უფრო გავაძლიეროთ სამართალდამცავი სისტემა.
დიდი პატივისცემით მინდა მივმართო პოლიციის ვეტერანებს - ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში ღირსეულად ემსახურნენ ქვეყანას და შექმნეს ის გამოცდილება, რასაც დღევანდელი ქართული პოლიცია ეფუძნება.
ასევე, განსაკუთრებულად მინდა მივულოცო ეს დღე პოლიციელების ოჯახებს. რადგან სწორედ ოჯახის წევრები არიან ის ადამიანები, რომლებიც ჩვენთან ერთად იზიარებენ იმ დიდ პასუხისმგებლობასა და სირთულეებს, რაც თან სდევს ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობას.
კიდევ ერთხელ გილოცავთ პოლიციელის დღეს. გისურვებთ წარმატებას, განსაკუთრებულად საპასუხისმგებლო და საამაყო საქმეში“, - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
სულხან თამაზაშვილმა მიმართვაში, პოლიციელის პროფესიის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ საქართველოს უსაფრთხოება ყოველდღიურად სწორედ სამართალდამცველების თავდადებით შენდება და ძლიერდება.
„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ დღეს, რომელიც მხოლოდ პროფესიული თარიღი არ არის - პოლიციელის დღე არის ერთგულების, თავდადებისა და სიმამაცის სიმბოლო. დღევანდელი დღე ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან მაქვს პატივი თქვენს წინაშე პირველად ვიდგე მინისტრის რანგში, თუმცა, უპირველეს ყოვლისა მე აქ ვდგავარ როგორც პოლიციელი. მე ვიცი, რას ნიშნავს ატარო პოლიციელის ფორმა. ვიცი, რამხელა თავგანწირვა და პასუხისმგებლობა დგას თითოეული პოლიციელის უკან.
პოლიციელობა ნიშნავს სხვისი სიცოცხლე და უსაფრთხოება საკუთარ თავზე წინ დააყენო. ქედს ვიხრი ჩვენი გმირი პოლიციელების ხსოვნის წინაშე, ვინც საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს სამსახურს შესწირა. მათი სახელები და თავგანწირვა ყოველთვის დარჩება ჩვენი სახელმწიფოს ღირსებისა და ისტორიის ნაწილად. გთხოვთ, პატივი მივაგოთ ჩვენი დაღუპული პოლიციელების უკვდავ ხსოვნას.
პოლიციელობა არ არის მხოლოდ პროფესია. ეს არის არჩევანი ემსახურო სახელმწიფოს და ყველაზე რთულ დროსაც იდგე იქ, სადაც სამშობლოს ყველაზე მეტად სჭირდები. სწორედ ამიტომ, თქვენ უნდა ამაყობდეთ იმით, რომ საქართველოს უსაფრთხოება ყოველდღიურად თქვენი თავდადებით შენდება და ძლიერდება“, - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.