ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში მთავარი არის გარემოს შექმნის ვალდებულება, სადაც საზოგადოებასა და მათ წარმომადგენლებს, ამ შემთხვევაში ოპოზიციურ ძალებს, შესაძლებლობა აქვთ, თავისი ინსტიტუციური და დემოკრატიული უფლებები გამოიყენონ. მნიშვნელოვანი არის გარემო და სწორედ ეს გარემო არის უზრუნველსაყოფი, ეს არის სწორედ ვაშინგტონის პოზიცია საქართველოსთან დაკავშირებით, - ამის შესახებ “ფედერალისტების” ერთ-ერთმა ლიდერმა, თენგო კირთაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “დღის ნიუსრუმში” განაცხადა.
კირთაძის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის შემდეგ გამოიკვეთა რამდენიმე აუცილებელი ხაზი, რომელიც ქვეყანაში შიდა და გარე მდგრადი სტაბილურობის უზრუნველყოფას მოიცავს. კერძოდ, კირთაძის განმარტებით, აუცილებელია პოლიტიკურ პროცესებში საზოგადოების დიდი ნაწილის ჩართულობის უზრუნველყოფა, ადამიანების ფუნდამენტური უფლებების უზრუნველყოფა და გარე გავლენების გაუვნებლების უზრუნველყოფა, რომელიც, თავის მხრივ, რუსულ და ირანულ გავლენებს მოიცავს.
“ამერიკის შეერთებულ შტატებს რეგიონსა და საქართველოში თავისი ეროვნული ინტერესები აქვს, ეს აძლიერებს ჩვენს ქვეყანას და ახლა პირველად გაიწერა ის ხაზი, თუ ვის ირგვლივ შეიძლება ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობა განვითარდეს მომავალში, რომ შიდა და გარე მდგრადი სტაბილურობა უზრუნველყოს. უნდა უზრუნველყოს ასევე საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის ჩართულობა იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილის ცესკო-ს მონაცემებითაც კი, ამ ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარი არის “ქართული ოცნების” ხელისუფლების წინააღმდეგი და სწორედ ეს ძალები არ არის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართული. ამის უზრუნველყოფა უნდა მოხდეს და იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილი თავის საშინაო დავალებებს, რომელიც გაუწერეს, შეასრულებს, შემდეგ შეიძლება ოპოზიციის ჩართულობაზე საუბარი.
უზრუნველსაყოფია გარე გავლენების გაუვნებლება საქართველოში, რაც ეხება რუსულ და ირანულ გავლენებს, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ირანთან შეერთებულ შტატებს მიმდინარე ომი აქვს, ჩვენ ვიცით ირანის პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში, ჩვენ ვიცით იმ ქსელების შესახებ, რომელიც საქართველოში მოქმედებენ და ჩვენ ვიცით ირანის საელჩოს დამოკიდებულება ქართული საზოგადოებისა და ქართული სახელმწიფოს მიმართ - ეს ყველაფერი დაუშვა ივანიშვილის რეჟიმმა და ეს არის მოსაგვარებელი.
ასევე უზრუნველსაყოფია შიდა სტაბილურობა. შეიძლება, არ მოგწონდეს საზოგადოების დიდი ნაწილი, მაგრამ როდესაც შიდა სტაბილურობის უზრუნველყოფაზეა საუბარი, სწორედ იმ ადამიანების ფუნდამენტური უფლებები უნდა იყოს უზრუნველყოფილი, იმ განსხვავებული აზრის, რომელიც შენ არ მოგწონს. მათი ჩართულობის უზრუნველყოფა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ელემენტარული დემოკრატიული პრინციპებიო იქნება დაცული საქართველოში”, - აღნიშნა თენგო კირთაძემ.
მისივე თქმით, წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, ამერიკას აღარ სურს, შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებული პროცესების გამეორება საქართველოში და მისი მოთხოვნები ახლა უფრო მყარ პრინციპებზეა დაფუძნებული.
“ამერიკელებს ყველაზე მეტად არ უნდათ, რომ პროცესი “შარლ მიშელ 2”-ში გადაიზარდოს. მაშინ, ფაქტობრივად, წინაპირობების შესრულების გარეშე შეჰყვა ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილს პროცესში, რადგან იძულებული იყო, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების შუამდგომლობიდან გამომდინარე. შეჰყვა და გამოაყენებინა თავი, შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა გადააგდო ის და ეს გაფორმდა, როგორც ოპოზიციის წარუმატებლობა და გაფორმდა ასევე ევროკავშირის წარუმატებლობა, რომელმაც დასავლეთის პოზიციები დაასუსტა საქართველოში. ამ შეცდომიდან დასკვნები გამოიტანეს და ახლა ამიტომ ესაუბრებიან ივანიშვილს სტაბილურობის მოთხოვნაზე, როგორც პროცესზე. ანუ შენ რაღაც კანონი მიიღე დღეს და ამით უზრუნველყავი სტაბილურობაო, ამას არ სთხოვენ მას, მდგრადი პროცესი დამანახეო და მხოლოდ იმ შემთხვევაში დავილაპარაკებ შენთან გადატვირთვაზეო, სწორედ იმ შარლ მიშელის პროცესიდან გამომდინარე.
ოპოზიციამ, მთავარი რაც იყო, საკმაოდ ფრაგმენტირებულ სუბიექტებად ყოფნის პირობებში მოახერხა სტრატეგიისა და ქცევის წესებთან დაკავშირებით საერთო აზრის ჩამოყალიბება, მოახერხა საზოგადოების ერთი ნაწილის ნდობის მოპოვება და ეს ჩვენ ვნახეთ 26 მაისს და ახლა დაანონსებული აქვს კამპანია, რომელიც გაგრძელდება მთელი ზაფხულის განმავლობაში და ეს არ იქნება მხოლოდ პროტესტში მყოფი საზოგადოებისკენ მიმართული. პოლიტიკურად ცხელი ზაფხული იქნება აუცილებლად და “ქართული ოცნების” მხრიდან შეცდომების დაშვების იმედი სულ უნდა გვქონდეს, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის შეცდომების, განსაკუთრებით იმის გამო, როგორ ვითარებაშიც ის დღეს იმყოფება”, - განაცხადა კირთაძემ.
“ფედერალისტების” წევრმა სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების მონიტორინგის და პროაქტიული გამოვლენის მიზნით შს სამინისტროში ახალი სამმართველოს ამოქმედებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის ისედაც ყველა მექანიზმი გააჩნდა, ეს სამმართველო კი გზავნილია თავისი ელექტორატისთვის, რათა ამომრჩეველმა ნახოს, რომ “ქართული ოცნება” წინააღმდეგობას ებრძვის.
“ნორმალურ გარემოში ჩვენ შეგვეძლო ეს ძალიან ცუდი გადაწყვეტილება სამართლებრივად გაგვერჩია და იქ შეიძლება საზოგადოებისთვისაც და ექსპერტებისთვისაც ძალიან საინტერესო მოსასმენი ყოფილიყო არგუმენტების ჭიდილი, მაგრამ იმ გარემოში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, შემზღუდავი კანონი #357 იარსებებს თუ არ იარსებებს, ნულოვანი მნიშვნელობა აქვს.
ამ კანონს, ჩემი გადმოსახედიდან, სრული უგულებელყოფა შეხვდება და საზოგადოებიდან შეხვდება დაცინვა. მიუხედავად თავისი არსისა და მსუსხავი ეფექტისა, ის ვერ იმუშავებს. პოლიტიკური ოპონენტებისთვის კი გამოიყენებს, მაგრამ პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის ხომ ყველა მექანიზმი გააჩნდა ისედაც? ეს არის უბრალოდ ისევ თავისი ვერტიკალისთვის გზავნილი, რომ ვითომ მე კი არ დავნებდი, ისევ ვიბრძვი და ამ წინააღმდეგობას ჩამოვშლი. ანუ წინააღმდეგობა არის პრობლემა. საქართველოში არსებობს კანონი, რომელიც გარკვეული ადამიანებისგან ითხოვს წინასწარ შეთანხმებას სახელმწიფოსთან, შეუძლია თუ არა მას, გამოვიდეს სახლიდან.
მეტს კი არ ნიშნავს ტროტუარზე დგომისთვის ხალხის დაჭერის პრაქტიკა, თუ შენ სავალ ნაწილზე გადაადგილებისა და ტროტუარზე დგომის უფლება არ გაქვს, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ რეჟიმთან უნდა შეათანხმო, სახლიდან გამოხვალ თუ არა. ეს კანონი უკვე ნახევარი წელია, მოქმედებს”, - აღნიშნა კირთაძემ.