ადვოკატთა ასოციაციამ საკვალიფიკაციო გამოცდები დაიწყო. ადვოკატთა ასოციაციის ცნობით, საგაზაფხულო საგამოცდი სესია საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში მიმდინარეობს.
მათივე ცნობით, გამოცდაზე 1000 - მდე მონაწილეა რეგისტრირებული, რომლებიც ელექტრონულ ტესტირებას 2,3 და 4 ივნისს სისხლის, სამოქალაქო და საერთო სპეციალობების მიმართულებით გაივლიან, ხოლო მსურველები საკითხების გასაჩივრებას 6 ივნისს შეძლებენ.
„ადვოკატთა ასოციაცია საკვალიფიკაციო გამოცდებს წელიწადში ორჯერ, სპეციალურ საგამოცდო პორტალზე წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე ატარებს. გამოცდის ჩაბარების შემდეგ ასოციაციაში გაწევრიანების მსურველები პროფესიული ადაპტაციის პროგრამას გაივლიან, რომელიც თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
„მოხარული ვარ, რომ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე მსურველთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. მიმდინარე საგამოცდო სესიაზე რეგისტრირებულთა მაღალი მაჩვენებელი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ადვოკატის პროფესია საზოგადოებაში სულ უფრო მეტ ინტერესსა და ნდობას იძენს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პროფესიას უერთდებიან მოტივირებული და კვალიფიციური ახალგაზრდები, რომლებიც მომავალში ღირსეულად უნდა ემსახურონ სამართალსა და ადამიანის უფლებების დაცვას.
ადვოკატის პროფესია დამოუკიდებელი პროფესიაა, რომელიც დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველია. სწორედ ადვოკატი წარმოადგენს იმ რგოლს, რომელიც მოქალაქეთა და ბიზნესის უფლებების დაცვას უზრუნველყოფს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში. შესაბამისად, ადვოკატთა ასოციაცია აგრძელებს პროფესიის გაძლიერებას, მაღალი სტანდარტების დამკვიდრებასა და იმ პირობების შექმნას, რომლებიც ადვოკატის პროფესიის განვითარებასა და პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს“,- აღნიშნა ირაკლი ყანდაშვილმა.