ის, რომ ბოიკოტი შეცდომა კი არა, კატასტროფა იყო, ფაქტია - მათ მიერ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების „არაღიარება” ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობების გამწვავების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი პირობა იყო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან აშშ-ის ამერიკული დელეგაციის ვიზიტის შესახებ საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციაში აღნიშნულმა განცხადებამ ურთიერთშეუთანხმებლობა იმიტომ გამოიწვია, რომ „თავისი კატასტროფული შეცდომის აღიარება არავის უნდა“.
„ის, რომ ბოიკოტი შეცდომა კი არა, კატასტროფა იყო, ფაქტია. აქ მხოლოდ იმაზე კი არ არის საუბარი, რომ ამ ბოიკოტის გამო ოპოზიცია მანდატების გარეშე დარჩა და პარლამენტში არ შემოვიდა, არამედ მთავარი ისაა, რომ მათ ამ “შეტევით” დემოკრატიის წინააღმდეგ, ფაქტობრივად, შეტევა განახორციელეს საქართველოს წინააღმდეგ. მათ მიერ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების “არაღიარება” ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობების გამწვავების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი პირობა იყო.
ამიტომ, აქ რომ ევროპაზე და ევროპულ გზაზე ბევრს ლაპარაკობენ, პირდაპირ საქმით ევროპულ გზას სწორედ ეს პოლიტიკოსები, თავისი ამ ნაბიჯებით, ტორპედირებდნენ და ანადგურებდნენ. ეს პასუხისმგებლობა მათზეა. რა თქმა უნდა, ამ პასუხისმგებლობის აღიარება ახლა ძალიან ბევრს უჭირს. უჭირს ორი მიზეზის გამო: ერთი, რომ სწორედ ამ დემოკრატიის უგულებელყოფამ მისცა ევროპას და ევროჩინოვნიკებს სპეკულაციის საშუალებას. მეორე - ვისგანაც ეს დავალება მიიღეს, იმას სხვა დავალება ჯერ არ მიუცია მათთვის და ამიტომ, ჯერჯერობით ძველი მიღებული ინსტრუქციის ერთგულები არიან.
აქ არც ინგლისურის ცოდნაზეა საქმე და არც არაფერზე. არავის არ უნდა თავისი კატასტროფული შეცდომის აღიარება. მეტი არაფერი არ არის აქ - არც ინგლისურია, არც ფრანგული და არც ქართული მთავარი. ეგ არის ის კატასტროფა, რომელიც მათ არა მარტო საპარლამენტო ცხოვრებასთან დაკავშირებით, არამედ საქართველოს მიმართ ჩაიდინეს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში, 25-28 მაისს სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტისას, საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადებების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დელეგაციის წევრებმა საქართველოს მთავრობასთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნეს, რომ დელეგაციამ საქართველოს მთავრობას მასთან კონსტრუქციულ, მომავალზე ორიენტირებულ ურთიერთობასთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის მზადყოფნა გაუზიარა.ინფორმაციის მიხედვით, შეერთებული შტატები ელის საქართველოს მთავრობასთან მუშაობას ისეთი პარტნიორობისთვის, რომელიც ორივე ქვეყანას ხელშესახებ სარგებელს მოუტანს და სრულად აამოქმედებს ორმხრივი ურთიერთობის პოტენციალს.რაც შეეხება სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის მიერ საქართველოს ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ გამოთქმულ მოსაზრებებს, მათი თქმით, პოლიტიკური სტაბილურობა და ოპოზიციის რეალური წარმომადგენლობა იმ ფაქტორებს შორისაა, რომელიც საქართველოს ამერიკული ინვესტიციებისთვის, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისა და გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობისთვის სანდო პარტნიორად აქცევს.