პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან გოგიჩაიშვილის შეფასებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადება „მკაფიო“ იყო.
ოპოზიციონერის თქმით, კონგრესში რუბიომ დაადასტურა ვაშინგტონის წუხილი „ქართული ოცნების“ კავშირების გამო ირან-ჩინეთთან, თუმცა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ უკვე მიმართა აშშ-ს ურთიერთობების აღდგენის გზებზე კითხვით, რაზეც აშშ-სგან პასუხებიც მიიღო.
გოგიჩაიშვილის აზრით, სხვა საკითხია, ახლა როგორც მოიქცევა „ქართული ოცნება“.
“ეს იყო კონგრესის განხილვა, სადაც ისაუბრა ადამიანმა, ვინც ამერიკის მხრიდან პროცესებს მართავს.
დასმული იყო კითხვა „ქართული ოცნების“ ირანთან, ჩინეთთან ურთიერთობებზე. რუბიომ უპასუხა, რომ წუხილი აქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით და ეს ამბავი იციან, მაგრამ ისიც აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ მიმართა კითხვით, თუ რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ურთიერთობები აღდგეს.
როგორ მოიქცევა „ქართული ოცნება“, ვნახავთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში ის პროცესები შეჩერდეს რაც მიდის” , - აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.
გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებსა და ოპოზიციის შეხვედრაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეხვედრის ძირითადი გზავნილები თავად საელჩოს განცხადებაში აისახა.
მისი თქმით, საელჩოს განცხადებაშიც ყურადღება გამახვილებული იყო ოპოზიციის მხრიდან კონსტიტუციური პროცესების გამოყენების აუცილებლობაზე.
„მე არ ვიმყოფებოდი შეხვედრაზე, ვინც იმყოფებოდა, ყველა ინფორმაციას ვერ გამოიტანს. რაც გამოსატანია, ამერიკის საელჩომ გამოიტანა. შეხვედრაზე მათ აღნიშნეს, რომ ხელისუფლებასთან აქვთ ურთიერთობები სხვადასხვა საკითხზე. განცხადებაში უფრო მეტი კონკრეტიკა ოპოზიციაზე, ვიდრე ხელისუფლებაზე ურთიერთობაზე, სადაც ისინი საუბრობენ, რომ ოპოზიციამ უნდა გამოიყენოს კონსტიტუციური პროცესი. ამას არ სჭირდება ამერიკელების თქმა, ეს ისედაც ასეა. ყველა სიტუაციაში უნდა გამოიყენო, საპარლამენტო და საარჩევნო პროცესი, რადგან ის ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ იდევნებიან ხელისუფლების წარმომდგენლები არ ეყოლებათ და მათი ხმა არ იქნება გაგონილი“,- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
გოგიჩაიშვილმა ასევე ისაუბრა „ლელოს“ პარლამენტში შესაძლო დაბრუნებაზე. მისი თქმით, ეს საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესებსა და პოლიტიკურ ვითარებაზეა დამოკიდებული.
მისივე თქმით, არსებული პოლიტიკური პროცესების პროგნოზირება რთულია, რადგან ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები ხშირად ცვალებადია.
„ვერ გეტყვით „ლელო“ დაბრუნდება თუ არაა საქართველოს პარლამენტში. ეს არ არის „ლელოზე“ დამოკიდებული, საკონსტიტუციო სასამართლოზეა დამოკიდებული. დღეს ეს მოცემულობა არ ჩანს. არ ვიცი ამ ადამიანებს ამის თქმის საშუალებას რა აძლევთ, სამწუხაროდ „ლელო“ ჯერ ვერ შევა პარლამენტში. რა მოხდება ხვალ და ზეგ ამასთან დაკავშირებით პროგნოზს ვერ გავაკეთებთ, რადგან შეუძლებელია „ქართული ოცნების“ პროგნოზირება. დღეს პაპუაშვილმა თქვა, ჩვენ როდის გვინდოდა „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვაო. იგივე ეხება კობახიძეს, ხან ერთს ამბობს, ხან მეორეს“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.