„მართლმსაჯულების სახლის“ დამფუძნებლის, ეკა ბესელიას განცხადებით, დასაშვებად მიაჩნია ვერსია, რომ ჯაშუშობის მუხლით დაკავება გიორგი უძილაურის მიმართ სადამსჯელო ფორმად გამოიყენეს, რადგან სახელისუფლო მთავარ პოლიტიკურ ხაზს გადაუხვია.
„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ გიორგი უძილაური „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკული იყო ჯერ კიდევ 2019-2020 წლებში და მათგან დისტანცირებული იყო.
„ვუშვებ, რადგან ამდენი უმსგავსობა, ამდენი წარმოუდგენელი რამ ვნახე „ქართულ ოცნებაში“. კონსპირაციებს, შეთქმულებებს აწყობენ შენს ზურგს უკან ისე, რომ პირადად ვერ გიბედავენ, ამის მერე, როგორ გამიკვირდება და როგორ ვიტყვი, რომ არ იკადრებდნენ უძილაურის საქმე შეეთხზათ. ვერაფერზე ვეღარ ვიტყვი ამას, რადგან საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, რას კადრულობდნენ. ამის ფონზე, ადამიანის უფლებების დაცვის დამოუკიდებელი სისტემა აღარ დარჩა, არც სასამართლო და არც სხვა მაკონტროლებელი ინსტიტუტი, როგორ დავუშვებ, რომ შეუძლებელია, ჯაშუშობის შეთხზული შინაარსით ვინმე დააკავონ. მით უმეტეს უძილაურის ისტორიის მქონე ადამიანზე ვერ ვიტყვი, რომელსაც კრიტიკული პოზიცია ჰქონდა 2019-2020 წლებში და დისტანცირებული იყო“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ეკა ბესელიას თქმით, აღნიშნული საქმე უცნაურია იმითაც, რომ უძილაურს ბრალად არა რომელიმე მტრული, არამედ ევროპული ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობა ედება.
„ეს [საქმე] გამიკვირდა. უცნაურია. როგორი ფორმულირება აქვს - ევროპული ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობა, არც გამიგია. ნატო-ს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის ვახტანგ მაისაიას დასდეს ბრალი, მოუგონეს, შეუთხზეს სააკაშვილის პერიოდში. შემდეგ გათავისუფლდა ჩვენი ამნისტიის აქტით. სხვათა შორის, ჩემი პრინციპული პოზიცია იყო, რაც მის დასაცავად გავაკეთე. მეორე პრეცედენტი ესაა „ქართული ოცნების“ პერიოდში, ევროპული ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობა, თან როგორც მითხრეს, საფრანგეთი იგულისხმება. ეს საერთოდ რას ნიშნავს, შინაარსს ვერ ვეწევი“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ცნობისთვის, გიორგი უძილაური 5 მაისს დააკავეს. პროკურატურის ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის დავალებით, სისტემატურად აგროვებდა და გადასცემდა მათ სხვადასხვა სახის და კატეგორიის ინფორმაციას. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯაშუშობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქალაქო სასამართლომ გიორგი უძილაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეს ადევს გრიფი „სრულიად საიდუმლო“.