ცალსახაა, რომ ყველა ის პოლიტიკური ნაბიჯი, რომელიც აქამდე იყო გადადგმული საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ეწინააღმდეგება იმ დადგენილ ინტერესებს, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებში იყო. შესაბამისად, მოთხოვნა იმის, რომ ქცევა შეიცვალოს, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია იმის, რომ შემდგომი ურთიერთობები აეწყოს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “დღის ნიუსრუმში”, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ საქართველოზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ცქიტიშვილის თქმით, სტრატეგიულ ურთიერთობას მდგრადი და სანდო პარტნიორობა სჭირდება, “ქართულ ოცნებას” კი მოუწევს დაამტკიცოს, რომ პროგნოზირებადი და სანდო პარტნიორი იქნება, თუ მას მართლა სურს, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები აღადგინოს.
“რა დათქმები იყო და რა პირობები იქნა ჩამოთვლილი იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები გამოასწოროს, ჩვენ შეგვიძლია დაახლოებით ვივარაუდოთ იმ კითხვებიდან და იმ შეშფოთებებიდან გამომდინარე, რაც აშშ-ს აქვს. შეიძლება დავიწყოთ იმით, რომ როგორც მინიმუმ, ის მტრული რიტორიკა და ბოდვითი ფრაზები “დიფ სთეითისა” და “გლობალური ომის პარტიაზე”, რომლის მანიპულაციის მსხვერპლიც როგორც წინა, ისე ახალი ადმინისტრაციაა. ეს რიტორიკა უნდა დასრულდეს და მათი პოლიტიკის შეცვლა უნდა მოხდეს.
რაც უკვე ძალიან აშკარაა ყველასთვის, გარდა “ქართული ოცნების” მხარდამჭერების მცირე ჯგუფისა, არის ის, რომ “ქართულმა ოცნებამ” მოარღვია ტრადიციული, 30-წლიანი საგარეო პოლიტიკური კურსი, რაც უკვე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, საზოგადოების არჩევანს და აკეთებს იმას, რაც მიუღებელია ქართული სახელმწიფოსთვის. ამაში არცერთ შემთხვევაში არ ჯდება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები იმიტომ, რომ თუ შენი ძირითადი ორიენტირი არის რუსეთისთვის დახმარება ჩრდილოეთ-სამხრეთის კორიდორის მშენებლობაში, რა თქმა უნდა, ეს წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს უკვე, პრაქტიკულად, ისტორიულ ფუნქციასთან, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი კარიბჭის შექმნასთან, რომელიც დღეს უკვე არის როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ისე ევროპისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების, დიდი ბრიტანეთის სტრატეგიულ ინტერესებში.
ცალსახაა, რომ ყველა ის პოლიტიკური ნაბიჯი, რომელიც აქამდე იყო გადადგმული საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ეწინააღმდეგება იმ დადგენილ ინტერესებს, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებში იყო, შესაბამისად, მოთხოვნა იმის, რომ ქცევა შეიცვალოს, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია იმის, რომ შემდგომი ურთიერთობები აეწყოს, თუმცა აქ პროპაგანდა ჯერ კიდევ საუბრობს იმაზე, რომ ეს იქნება სტრატეგიული ურთიერთობა. სტრატეგიულ ურთიერთობას სჭირდება მდგრადი და სანდო პარტნიორობა, რომელიც წლების განმავლობაში შენდება. ის, რაც დააზიანა და დაანგრია “ქართულმა ოცნებამ”, ამის აშენებას თუ შეძლებს “ქართული ოცნება” საერთოდ, ძალიან საეჭვოა, მაგრამ რომც შეძლოს, ამას სჭირდება წლები და დამტკიცება იმის, რომ შენი პოლიტიკა არის ურყევი, შენ ხარ პროგნოზირებადი და სანდო პარტნიორი”, - განაცხადა ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას საგარეო ველზე ახლა ძალიან ლიმიტირებული სივრცე აქვს, ამიტომ, ცქიტიშვილის აზრით, “ქართული ოცნება” გარკვეულ სიმულაციურ მანევრირებასა და სხვადასხვა მხარის გარკვეულ პროცესებში შეტყუებას შეეცდება.
“ახლა ძალიან ლიმიტირებულია “ქართული ოცნების” სივრცე საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე. ის, რომ ირანთან გარკვეული ურთიერთობები არის, ეს არ არის უბრალოდ დიპლომატიური ნაწილი. როგორც ჩანს, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ვალდებულებები აღებული საქართველოს მხრიდან, რაზეც მარტივად ვერ იტყვის უარს. მისი “გადაგდება” ასე მარტივი არ არის.
იგივე ხდება რუსეთთან - აქაც აშკარაა, რომ მათი ვალდებულებები გამოიკვეთა იმაში, რომ უზარმაზარი ფინანსური წყაროები შეიქმნა ომის პერიოდში და საკუთარი ეკონომიკური შედეგები შეიქმნა “ქართულმა ოცნებამ”. რუსეთი ტყუილად ფულს არასდროს არაფერში არ იხდის. ეს ვალდებულებები არის და ამას ვერავინ გაექცევა. მეორეს მხრივ, მათ [“ქართულ ოცნებას”] სასიცოცხლოდ სჭირდებათ, გარკვეულწილად იყვნენ დასავლეთთანაც ინტეგრაციაში და მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად იმ კონსპირაციული ბოდვითი თეორიებისა, მაინც ყოველთვის ცდილობდნენ, რომ ხელმოსაკიდი ჰქონოდათ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში და ამაზე თვითონაც ცდილობდნენ, რომ ნარატიულ დონეზე მსგავსება ეჩვენებინათ.
ახლა არჩევანი უფრო მკვეთრია და, ჩემი აზრით, “ქართული ოცნება” ეცდება, ყველა ეს მხარე რაღაც პროცესში შეიტყუოს. ერთის მხრივ, აჩვენოს, თითქოს რაღაც ნაბიჯებს დგამს, თუმცა ეს იქნება სიმულაცია იმ საკითხების რეალიზაციის, რაც დაიშვა. საბოლოო ჯამში, ეს სიმულაციური ნაბიჯები წარუმატებლობისთვის იქნება განწირული და ეცდება, რომ ნებისმიერი სხვა მოძებნოს, ვისაც იმ წარუმატებლობას დააბრალებს.
მე ვფიქრობ, რომ “ქართული ოცნება” არაფრის გაკეთებას არ აპირებს. საგარეო პოლიტიკური და შიდა პოლიტიკური გადაწყვეტილებები საქართველოში ერთმანეთში ძალიან გადაჯაჭვულია. რეალურად, არც დემოკრატიის განვითარება უნდა მას და არც გეოპოლიტიკური კურსის შეცვლა იმიტომ, რომ ეს არის მათი ძალაუფლების დაკარგვის გზა.
შეიძლება, მათი რიტორიკა ცოტათი შეიცვალოს, ცოტა შესუსტდეს აგრესიულობა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მაინც დარჩებიან იმ ხაზზე, სადაც არიან, უბრალოდ, ეცდებიან, დრო მოიგონ, ეცდებიან აჩვენონ, რომ თითქოს რაღაც პროცესი მიმდინარეობს”, - განაცხადა ცქიტიშვილმა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, “ქართული ოცნება” პარტნიორებს “გადააგდებს” და არ შეასრულებს მოთხოვნას, რომელიც პატიმრების გათავისუფლებას ეხება. ცქიტიშვილის შეფასებით, ხელისუფლება ამ საკითხშიც გადაიტანს პასუხისმგებლობას სხვებზე, რათა მოკავშირეებთან თავი იმართლოს.
“ხელისუფლების მიდგომა პატიმრებთან დაკავშირებით არ არის სამართლიანი, ეს არის ამორალური პირობა. ადამიანებს, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში პრინციპულად ინარჩუნებენ თავის დამოკიდებულებას იმაზე, რის გამოც მოხვდნენ ციხეში, არაერთხელ ჰქონიათ შეთავაზება შეწყალებაზე აღიარების სანაცვლოდ. ეს ვაჭრობაა მათთან და არის მცდელობა, რომ ან დააკნინონ და ისე გამოუშვან ეს ხალხი ან საერთოდ არ გამოუშვებენ და შემდეგ პარტნიორებთან ისაუბრებენ იმაზე, რომ თითქოს ციხის კარები გაუღეს, მაგრამ ისინი არ გამოდიან. პასუხისმგებლობების გადატანის მცდელობები ექნებათ და ასე გაწელავენ დროს.
საბოლოო ჯამში, მე ვფიქრობ, რომ ეს დამთავრდება არაფრით - “ქართული ოცნება” ეცდება, რომ პარტნიორები კიდევ ერთხელ გადააგდოს. ეს არაერთხელ გაუკეთებია და ეს პერმანენტული მიდგომაა მათი მხრიდან.
მე ვფიქრობ, პარტნიორებმა ძალიან კონკრეტული გარანტიები უნდა მოსთხოვონ “ქართულ ოცნებას” და არ უნდა მისცენ მანიპულაციების საშუალება”, - განაცხადა ცქიტიშვილმა.
მას ასევე შეაფასა სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, რომელიც ოპოზიციის ნაწილს ეხება და სადაც დემოკრატიულ ინსტიტუტებში ოპოზიციის მონაწილეობაზეა საუბარი. ცქიტიშვილის თქმით, რაც არ უნდა ცუდი საარჩევნო გარემო იყოს ქვეყანაში, არჩევნები საზოგადოების მობილიზების საშუალებაა და ოპოზიციამ ის აუცილებლად უნდა გამოიყენოს.
“აშშ-ის საელჩოს განცხადების ნაწილი ოპოზიციასთან დაკავშირებით არ იძლევა კონკრეტულ განმარტებებს, ყველას შეუძლია, სათავისო ინტერპრეტაცია გააკეთოს, მაგრამ შეიძლება ისე შეფასდეს, რომ ოპოზიცია უნდა იყოს მეტად პრაგმატული. აქვე შეიძლება ითქვას, რომ საქართველო არ არის გაიგივებული ჩრდილოეთ კორეასთან, რომელშიც არჩევნებს აზრი არ აქვს.
რაც არ უნდა არ მოგვწონდეს და, რა თქმა უნდა, არ მოგვწონს, ის საარჩევნო გარემო, რომელიც ქვეყანაში არის, ჯერ კიდევ არის საქართველოში შესაძლებელი, რომ არჩევნები გამოყენებული იქნეს, როგორც საზოგადოების მობილიზების ინსტრუმენტი. ამის გამორიცხვა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არ არის სწორი იმიტომ, რომ “ქართულ ოცნებას” უფრო მეტ სივრცეს უტოვებს იმისთვის, რომ უფრო თავისუფლად გააყალბოს არჩევნები და უფრო მეტად გაიმყაროს თავისი ავტოკრატიული რეჟიმი.
ამ განცხადებაში ოპოზიციას დასაფიქრებელი აქვს თავის მიდგომებზე. ის მაინც უნდა დაინახონ ქართულმა პოლიტიკურმა ძალებმა, რომ რაღაც ნაბიჯებს შედეგები არ მოჰყვა, ამიტომ შემდეგი ნაბიჯები უფრო პრაგმატული უნდა იყოს და ორიენტირებული რაღაც კონკრეტულ შედეგზე.
მე არ ვფიქრობ, რომ ბევრი რამ შედეგიანი იყო, თუმცა ის, რომ პარლამენტის დელეგიტიმაცია მოხდა, ეს შედეგიანი იყო. არის თუ არა შემდეგი არჩევნების გამორიცხვა შედეგზე ორიენტირებული, მე ამაში ძალიან მეპარება ეჭვი”, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.