ჯერჯერობით იქნება მუშაობა, კომუნიკაცია ფარმაცევტულ კომპანიებთან, მაგრამ გასავლელია ცალკეული საკითხები. საბოლოო ჯამში, დაახლოებით ორი თვის შემდეგ იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება ორ მედიკამენტთან მიმართებაში, - ამის შესახებ დიუშენით დაავადებული პაციენტის მამამ, ზაქრო გვიშიანმა პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
გვიშიანის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ფარმაცევტულ კომპანიებთან კომუნიკაციის შემდეგ საუკეთესო პირობების შესაბამისად, იქნება მიღებული.
„ამ ღირსეულ და ძალიან დიდ ბრძოლაში გამარჯვება მიღწეულია. ვულოცავ ყველა მშობელს, ყველა პაციენტს, ყველა ჩვენს გულშემატკივარს, რომლებიც მხარს გვიჭერდნენ ამ დიდ და ღირსეულ ბრძოლაში.
დღევანდელ შეხვედრაზე მიღწეულ იქნა გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ შეიქმნება მუდმივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს კონკრეტულ მედიკამენტებთან მიმართებაში. საუბარი არის ორ მედიკამენტზე. იქნება აქტიური მუშაობა ფარმაცევტულ კომპანიებთან. საბოლოო ჯამში, მიღებული იქნება გადაწყვეტილება საუკეთესო პირობების შესაბამისად, რაც დაკავშირებული იქნება ბავშვებთან მიმართებაში, დიაგნოზთან მიმართებაში და გათვალისწინებული იქნება ყველა ის გარემოება, რაც აუცილებელია ამ პროცესში.
ჯერჯერობით იქნება მუშაობა, კომუნიკაცია ფარმაცევტულ კომპანიებთან, მაგრამ გასავლელია ცალკეული საკითხები და, საბოლოო ჯამში, საუკეთესო პირობების შესაბამისად, ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, საბოლოო ჯამში, დაახლოებით ორი თვის შემდეგ იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება ორ მედიკამენტთან მიმართებაში.
მედიკამენტებს ვერ დავასახელებთ, რადგან ახლა სამუშაო პროცესია და შეიძლება ეს სამუშაო პროცესი დაზიანდეს, თუმცა იმის თქმა შემიძლია, რომ ოთხი მედიკამენტიდან ორ მედიკამენტზე იქნება გადაწყვეტილება მიღებული”, - განაცხადა ზაქრო გვიშიანმა.