მარია ზახაროვა გულბაათ რცხილაძეზე - ყველა კონტაქტს ღიად, ოფიციალურად ახორციელებდა - არ შეიძლება მისი ბედი არ გვაღელვებდეს, იმედი გვაქვს, საქართველოს მთავრობა მოახერხებს საკითხში გარკვევას

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა, თბილისში ჯაშუშობის ბრალდებით გულბაათ რცხილაძის დაკავებას გამოეხმაურა.

ზახაროვამ აღნიშნა, რომ რცხილაძე წლების განმავლობაში ღიად უჭერდა მხარს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზებას.

მან დაკავება დაუკავშირა საქართველოში რუსოფობიის მონიტორინგის პროექტის დაანონსებას და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება სიტუაციაში გაერკვევა.

ამასთან, ზახაროვას თქმით, არ შეიძლება რუსეთს მისი ბედი არ აღელვებდეს.

“ვნახე ეს ახალი ამბები [გულბაათ რცხილაძის დაკავებაზე] და კოლეგებთან დავაზუსტე, რომლებიც ამ მიმართულებაზე მუშაობენ და მათ მითხრეს, რომ ის მათთვის კარგად ცნობილია, როგორც ადამიანი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში საჯაროდ და გულწრფელად, დამალვის გარეშე მხარს უჭერს რუსეთსა და საქართველოს შორის უთანხმოებების დაძლევას, მხარს უჭერს ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებას.

მან ნამდვილად ბევრი გააკეთა, როგორც ჩემმა კოლეგებმა მითხრეს, ჩვენი ერების დაახლოებისთვის, ჩვენს საერთო წარსულს სწავლობდა - მემორიალური სამუშაოები, მათ შორის მეორე მსოფლიოს ომის დროს გარდაცვლილების ძიება, მონუმენტების აღდგენა. ისტორიულ სიმართლეს იცავდა, მათ შორის ფაშიზმზე გამარჯვებაში ქართველი ერის დიდი და ფასდაუდებელი წვლილის.

ყველა კონტაქტს ღიად, ოფიციალურად ახორციელებდა. მსურს ასევე აღვნიშნო, რომ ის რამდენიმე დღეში დააკავეს მას შემდეგ, რაც საქართველოს საჯარო სივრცეში რუსოფობიის მონიტორინგის პროექტი დააანონსა.

როგორც ჩანს, გარკვეული ძალები დაინტერესებული არიან საერთაშორისო საზოგადოებისგან ქსენოფობიის გამოვლინებების შესახებ ინფორმაციის დამალვაში. და, რა თქმა უნდა, არ შეიძლება მისი ბედი არ გვაღელვებდეს.

ასევე დავაზუსტებ, რომ მისი მზრუნველობის ქვეშ იმყოფება მძიმედ დაავადებული მოხუცი მამა. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობა მოახერხებს ამ საკითხში გარკვევას. რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ ამ დამოუკიდებელი ქვეყნის სუვერენიტეტს, კანონმდებლობას, მაგრამ ამავდროულად გავაზიარეთ შეფასებები თქვენს კითხვაზე პასუხისას”, - განაცხადა ზახაროვამ.

ცნობისთვის, გულბაათ რცხილაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით 30 მაისს დააკავა.

მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯაშუშობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებულს ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურთან კავშირს ედავებიან. კერძოდ, გამოძიების მიხედვით, ბრალდებული ერთდროულად თანამშრომლობდა ორი უცხო სახელმწიფოს სპეციალურ სამსახურთან და ახორციელებდა პარალელურ სადაზვერვო საქმიანობას.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია