გიგი წერეთელი - რუბიომ თქვა, რომ „ქართული ოცნება“ ამერიკას სხვადასხვა გზებით უკაკუნებს, ამ ფონზე, თბილისში „დიდი კუნთებით“ გამოსვლა, ადეკვატური არ არის - ოპოზიციის მნიშვნელოვანი როლიცაა, რომ აშშ არ ეშვება საქართველოს

პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა განაცხადა, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს პასუხი კონგრესმენ ჯო უილსონის კითხვაზე მკაფიო იყო და არ ტოვებდა ორმაგი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას.

როგორც წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, ამერიკულ მხარეს სრულად აქვს ინფორმაცია საკითხებზე, რომლებიც საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებს აფერხებს, ხოლო ხელისუფლებამ ქცევა უნდა შეცვალოს, თუ ურთიერთობების აღდგენა სურს.

მისივე თქმით, ოპოზიციამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმაში, რომ „აშშ არ ეშვება საქართველოს“.

„რუბიოს მოკლე პასუხი ჰქონდა ჯო უილსონის კითხვაზე. მგონია, რომ ამ შემთხვევაში არ დატოვა ორმაგი ინტერპრეტაციისთვის სივრცე. ძალიან მკაფიოდ იყო ნათქვამი, რომ ყველაფერი ცნობილია, მათ შორის ის, რაც ხელს უშლიდა ურთიერთობებს. ყველა საკითხი ცნობილია, რაც რუბიომაც იგულისხმა, რომ ქცევა არის შესაცვლელი. ამავე დროს, რუბიომ ისიც თქვა, რომ „ქართული ოცნება“ ამერიკას სხვადასხვა გზებით უკაკუნებს. სურს ურთიერთობის აღდგენა, შესაბამისად, როდესაც გინდა ურთიერთობის აღდგენა და აქ შენს აუდიტორიის წინაშე გამოდიხარ დიდი კუნთებით, ეს არ არის ადეკვატური ამბავი. უნდა გესმოდეს, რომ ურთიერთობების აღდგენას, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა სჭირდება. არ შეიძლება ქვეყანაში რეპრესიები იყოს, არ შეიძლება გვყავდეს პოლიტპატიმრები, უნდა იყოს არჩევნებისთვის პირობები შექმნილი...

ამერიკელ პარტნიორებს მადლობა უნდა ვუთხრათ, რომ საქართველოზე ხელი არ ჩაიქნიეს. არის გარკვეული შანსი თუ სწორი ნაბიჯები გადაიდგა. „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა ლიდერებმა ზუსტად იციან, რა უნდა გაკეთდეს.

ოპოზიციის მნიშვნელოვანი როლიც არის, რომ აშშ-ი არ ეშვება საქართველოს. ჩვენ არასდროს გვითქვამს არავისთვის, რომ საქართველო არ უნდა იყოს ამერიკის ინტერსების სფეროში“,- განაცხადა წერეთელმა.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ასევე ისაუბრა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან შეხვედრაზე და აღნიშნა, რომ პარტნიორებს საპარლამენტო ბოიკოტთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდათ.

მისი თქმით, პარტნიორებს აინტერესებდათ, როგორ აფასებს ოპოზიცია ბოიკოტის შედეგებს და რა გავლენა აქვს მას პოლიტიკურ პროცესზე. წერეთელმა აღნიშნა, რომ დემოკრატიული სისტემისთვის ბოიკოტი იდეალური გზა არ არის, თუმცა გადაწყვეტილება იმდროინდელ პოლიტიკურ ვითარებას უკავშირდებოდა.

„ბუნებრივია, კითხვები არსებობს, როგორ გრძნობს თავს ახლა, მეტი გავლენა აქვს პოლიტიკურ პროცესზე თუ მაშინ როცა პარლამენტშია? გასაგებია, რომ დემოკრატიული საზოგადოებისთვის ბოიკოტი არ არის საუკეთესო გადაწყვეტილება. ჩვენ თუ გავიხსენებთ რა მომენტში მოხდა ბოიკოტი, რა იყო ამის საფუძველი. ჩვენ რასაც ვუყურებდით, თუ როგორ ექცეოდა „ქართული ოცნება“ უუფლებო ოპოზიციას, ნამდვილად არ მგონია ვინმეს მონდომებოდა იმ პარლამენტში ჯდომა.

აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ საზოგადოების განწყობაც არ იყო ის, რომ ჩვენ პარლამენტში შევსულიყავით და გვემუშავა იქ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გამოცხადდა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს აჩერებენ. მეც არ მომწონს და არც არავის, ვინც პარლამენტი დატოვა, სიხარულით ეს არავის გაუკეთებია. ასეთ მსხვერპლშეწირვას იმ მომენტისთვის გამართლება ჰქონდა. ეს პარტნიორებს ძალიან კარგად ესმით",- განაცხადა გიგი წერეთელმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია