გაეროში ჩინეთმა, ირანმა და არაბთა გაერთიანებულმა საამირომ მხარი არ დაუჭირა საქართველოს მიერ წარდგენილ რეზოლუციას აფხაზეთში ჩვენი დევნილების დაბრუნებასთან დაკავშირებით. ესენი არიან ზუსტად ამ მოღალატე, კრიმინალი, რუსული რეჟიმის მეგობრები, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ბარამიძის თქმით, საქართველოს ნამდვილი მეგობრები, რომლებიც ცივილიზაციის ნაწილი არიან, ქვეყნის სუვერენიტეტსა და ერთიანობას უჭერენ მხარს.
„ახლახან შევიტყვეთ, რომ გაეროში ჩინეთმა, ირანმა და არაბთა გაერთიანებულმა სამეფომ მხარი არ დაუჭირა საქართველოს მიერ წარდგენილ რეზოლუციას აფხაზეთში ჩვენი დევნილების დაბრუნებასთან დაკავშირებით, რაც ძალიან სამწუხარო და სავალალო ფაქტია.
ესენი არიან ზუსტად ამ მოღალატე, კრიმინალი, რუსული რეჟიმის მეგობრები და ამის საპირისპიროდ, ვისთანაც მათ კონფლიქტი აქვთ და ვისთანაც ცდილობენ, კედელი აღმართონ საქართველოსა და დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროს შორის - ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და სხვა ცივილიზებული სახელმწიფოები, ბუნებრივია, როგორც ადრე იდგნენ საქართველოს გვერდით, მხარს უჭერდნენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და იმ ჰუმანიტარულ რეზოლუციებს, რომელიც ეხებოდა ჩვენი დევნილების თავიანთ სახლ-კარში დაბრუნებას, დღესაც უჭერენ მხარს და ეს არის სწორედ ნამდვილი მეგობრობა და ამისთვის ჩვენ გვინდა, მათ მადლობა გადავუხადოთ“, - განაცხადა ბარამიძემ.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ასევე შეაფასა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ამ განცხადებას სხვანაირ ინტერპრეტაციას უკეთებს.
„რაც შეეხება ამ მოღალატე რეჟიმის მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ე.წ. გადატვირთვის პროცესის მცდელობას და ამასთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობას, ჩვენმა საზოგადოებამ ნახა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადება და მეორე დღეს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს პასუხი კონგრესმენ უილსონის შეკითხვაზე.
პირველი ნაწილი იყო დათანხმება მის შეფასებებზე, რომ საქართველოში არის არალეგიტიმური, კორუმპირებული, პრორუსული და პროჩინური რეჟიმი, რომელიც ანგრევს საქართველოს დემოკრატიას და ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის ნორმალურ, ცივილიზებულ განვითარებას და რუბიო ამას დაეთანხმა. რა თქმა უნდა, კრემლის პროპაგანდისტული მედიები ამას არ გააშუქებენ.
ამავდროულად, რუბიომ ძალიან მკაფიოდ კიდევ ერთხელ თქვა ის, რაც საელჩოს განცხადებაშიც იყო, რომ, ბუნებრივია, ამერიკის შეერთებულ შტატებს უნდა, რომ საქართველოში მოქმედ თუნდაც არალეგიტიმურ დე-ფაქტო რეჟიმთან ჰქონდეს ურთიერთობა, მაგრამ ეს უნდა უპირველეს ყოვლისა, ქართველი ხალხის გამო, საქართველოს გამო და იმის გამო, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის სულერთი არ არის საქართველოს ბედი და რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ისევე, როგორც ევროკავშირს უნდა, რომ საქართველოში ოს სტაბილურობა და, რა თქმა უნდა, ოპოზიცია იყოს ჩართული იმ პროცესებში, რომელშიც უნდა იყოს ჩართული დემოკრატიულ ქვეყანაში.
ეს ბუნებრივია, ვერ იქნება ისეთ პირობებში, როდესაც საქართველოში კვლავ გვყავს პოლიტიკური პატიმრები, კვლავ გვყავს ისეთი რეჟიმი, რომელიც ადამიანებს პროტესტის დროს, ტროტუარზე დგომის გამო აპატიმრებს, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში ნორმალური, ცივილიზებული, დემოკრატიული პროცესი არ წარიმართოს“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
ცნობისთვის, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, რეზოლუციას, რომელიც ასამბლეამ მე-80 სესიის ფარგლებში მიიღო, 107 ქვეყანამ დაუჭირა მხარი, მის წინააღმდეგ კი 8 ქვეყანა წავიდა.