ეს არის კიდევ ერთი ძალიან მკაფიო გზავნილი, რომ ამერიკა არ უყურებს პოლიტიკურ ვითარებას „ქოცურ“ ფერებში და „ქოცურ“ ფასად. არამედ ძალიან კონკრეტული ტიპის გამოწვევებს უყურებს როგორც გამოწვევებს და აქვს ძალიან კონკრეტული და ზუსტი მოთხოვნები, რომელიც ამ რეჟიმმა უნდა შეასრულოს იმ შემთხვევაში, თუ სურს რაიმე ტიპის გადატვირთვისა და ნორმალიზების ნახვა - ასე გამოეხმაურა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრი, გრიგოლ გეგელია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის მიერ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის პროექტში საქართველოსთან დაკავშირებულ ორ შესწორებას.
როგორც გეგელიამ აღნიშნა, კონკრეტული ზომების გარეშე, აშშ-სთან ურთიერთობების არავითარი ნორმალიზება არ იქნება.
„ამერიკაში ინიცირებული ახალი შესწორება არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი რამდენიმე მიმართულებით: 1. კონკრეტული ზომების გარეშე არავითარი ნორმალიზება არ იქნება აშშ-სთან. 2 ის, რომ რუსული და ჩინური სადაზვერვო გავლენები არის ამერიკული ყურადღების ეპიცენტრში და ამ გავლენების მოკვლევის გარეშე, ამერიკა, რასაკვირველია, თავს კომფორტულად არ იგრძნობს საქართველოსთან, როგორც შესაძლო სტრატეგიულ პარტნიორთან და მეგობართან მიმართებით და 3. პოლიტპატიმრების საკითხი. ქვეყანა რომელსაც ჰყავს პოლიტიკური ტყვეები, არ არის აღქმული როგორც ის სივრცე, რომელთანაც თავდაცვისა და სხვა მიმართულებით შესაძლებელია გამართული ურთიერთობების ქონა და წარმოება, როგორც ნორმალურ ადეკვატურ სახელმწიფოებთან.
ეს არის კიდევ ერთი ძალიან მკაფიო გზავნილი, რომ ამერიკა არ უყურებს პოლიტიკურ ვითარებას „ქოცურ“ ფერებში და „ქოცურ“ ფასად. არამედ ძალიან კონკრეტული ტიპის გამოწვევებს უყურებს როგორც გამოწვევებს და აქვს ძალიან კონკრეტული და ზუსტი მოთხოვნები, რომელიც ამ რეჟიმმა უნდა შეასრულოს იმ შემთხვევაში, თუ სურს რაიმე ტიპის გადატვირთვისა და ნორმალიზების ნახვა“,- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტმა აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის (NDAA) პროექტში საქართველოს შესახებ ორი შესწორება მიიღო. შესწორებები კონგრესმენმა ჯო უილსონმა („რესპუბლიკური პარტია“) წარადგინა.
„კომიტეტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციის ლიდერების, აქტივისტების და სხვა პირების დაკავებითა და დაპატიმრებით, რომლებიც ფართოდ არიან მიჩნეულნი პოლიტიკურ პატიმრებად და მიაჩნია, რომ ეს საკითხი თანმიმდევრულად და შესაბამისად მაღალ დონეზე უნდა წამოიჭრას საქართველოს მთავრობასთან და საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან ორმხრივ ურთიერთობებში. ამიტომ, კომიტეტი თავდაცვის მდივანს ავალებს, 2026 წლის 1-ელ ოქტომბრამდე წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტს წარუდგინოს არასაიდუმლო ანგარიში, რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი თავდაცვის დეპარტამენტის სტრატეგია პოლიტპატიმრების საკითხის საქართველოსთან სამხედრო ურთიერთობებში ჩართვის შესახებ”, - აღნიშნულია დოკუმენტში.
საქართველოს შესახებ შეტანილი მეორე შესწორება თავდაცვის მინისტრს ავალებს, ეროვნული დაზვერვის სააგენტოს დირექტორთან და სახელმწიფო მდივანთან თანამშრომლობით, აქტის (NDAA) ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 180 დღეში, კონგრესის შესაბამის კომიტეტებს წარუდგინოს საიდუმლო ანგარიში, რომელიც იკვლევს რუსული და ჩინური სადაზვერვო ელემენტების და მათი აქტივების შეღწევას საქართველოში და იკვლევს რუსეთისა და ჩინეთის გავლენისა და თანამშრომლობის პოტენციურ გადაკვეთას საქართველოში.