15-25 ივნისს, „ევროპის უნივერსიტეტის“ არქეოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები უნიკალურ კვლევით პროექტს, პრეისტორიული ქვის იარაღის ექსპერიმენტულ-ფუნქციონალურ შესწავლასა და რეპლიკაციას იწყებენ.
როგორც „ევროპის უნივერსიტეტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პროექტი საქართველოში პირველად ხორციელდება და მიზნად ისახავს პრეისტორიული ქვის იარაღის რეალური დანიშნულების, გამოყენების ინტენსივობისა და სამუშაო პროცესში მისი ცვეთის დინამიკის მეცნიერულად შესწავლას.
„კვლევა ეფუძნება ინტერდისციპლინურ მიდგომას და აერთიანებს ტიპოლოგიურ, ფუნქციონალურ (ტრასოლოგიურ / use-wear) და ექსპერიმენტული არქეოლოგიის მეთოდებს. საქართველოში ქვის იარაღის კვლევა დღემდე ძირითადად ტიპოლოგიურ კლასიფიკაციას ეფუძნება, რაც სრულყოფილად ვერ ასახავს მათ ფუნქციურ დანიშნულებას. სწორედ ამიტომ პროექტი ქვის იარაღის: საჭრისების, ხერხების, საფხეკების, სახვრეტებისა და დანების ექსპერიმენტულ რეპლიკაციას და მათ გამოცდას სხვადასხვა მასალაზე (ხე, ტყავი, ძვალი, ხორცი, რქა) ითვალისწინებს.
ექსპერიმენტის ფარგლებში შექმნილი ქვის იარაღის მოდელები ეტაპობრივად გამოიცდება პრაქტიკულ სამუშაოებში, მათ შორის ხის გახერხვაში, ტყავის გაფხეკაში, ხორცის დაჭრასა და ძვლის დამუშავებაში. თითოეული პროცესი დეტალურად დაფიქსირდება ბინოკულარული და ციფრული მიკროსკოპიის, ასევე ფოტო და ვიდეო დოკუმენტაციის გამოყენებით.
პროექტი მოიცავს საინფორმაციო ლექციებს სტუდენტებისთვის, საველე ექსპერიმენტულ სამუშაოებს, იარაღის რეპლიკაციის პროცესს, გამოყენების ეტაპობრივ ტესტირებასა და მიღებული მონაცემების სისტემატიზაციას. საბოლოოდ შეიქმნება ქვის იარაღის გამოყენების კვალის (use-wear) მონაცემთა ბაზა და ექსპერიმენტული დღიური, რომელიც ორენოვანი ფორმატით ხელმისაწვდომი იქნება სამეცნიერო საზოგადოებისთვის.
პროექტის შედეგები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს პრეისტორიული არქეოლოგიის განვითარებაში და საქართველოში პირველ სისტემურ ექსპერიმენტულ ბაზას შექმნის ქვის იარაღის ფუნქციისა და გამოყენების შესასწავლად, რაც ხელს შეუწყობს დარგში ახალი მეთოდოლოგიური პრაქტიკის დანერგვას.
პროექტში ჩართული არიან “ევროპის უნივერსიტეტის” არქეოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები და არქეოლოგიის დოქტორი, „ევროპის უნივერსიტეტის“ ასოცირებული პროფესორი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მთავარი სპეციალისტი ანა თეთრუაშვილი”,- ნათქვამია ინფორმაციაში.