საქართველო მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში - საერთაშორისო გამოცემები საქართველოს პურისა და ღვინის სამშობლოდ მოიხსენიებენ.
საქართველოს შესახებ ახალი სამეცნიერო აღმოჩენა მსოფლიოს წამყვანი მედიისა და აკადემიური წრეების ყურადღების ცენტრში მოექცა. საუბარია ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალ PNAS-ში (Proceedings of the National Academy of Sciences) გამოქვეყნებულ კვლევაზე — „An Independent Center for the Origin of Bread Wheat in the Neolithic Period of Georgia in the South Caucasus“, რომლის მიხედვითაც საქართველო პურის ხორბლის (Triticum aestivum) წარმოშობის ერთ-ერთი დამოუკიდებელი და უძველესი დადასტურებული კერაა. კვლევა ადასტურებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე პურის ხორბლის კულტივაცია სულ მცირე 8 000 წლის წინ არსებობდა.
აღმოჩენამ განსაკუთრებული გამოხმაურება ჰპოვა საერთაშორისო სამეცნიერო და პოპულარულ მედიაში. PNAS-მა კვლევის მნიშვნელობას დამატებით მიუძღვნა ამერიკის მეცნიერებათა აკადემიის ანთროპოლოგიის სექციის ხელმძღვანელის, პროფესორ მელინდა ზედერის სპეციალური კომენტარი სათაურით: „A Loaf of Bread and a Jug of Wine: The Origins of the Ultimate Culinary Pairing“ („პური და ღვინო - კაცობრიობის უდიდესი კულინარიული შეხამების სათავეებთან“).
საქართველოზე, როგორც პურისა და ღვინის უძველეს კერაზე, სტატიები და მასალები გამოაქვეყნეს ისეთმა საერთაშორისო გამოცემებმა, როგორებიცაა Discover (აშშ), Archaeology Magazine (აშშ), Down To Earth (ინდოეთი), Muy Interesante (ესპანეთი), Cosmos/Science Communication პლატფორმები (ავსტრალია), Newton (იაპონია, სამხრეთ კორეა და ჩინეთი) და სხვა ავტორიტეტული გამოცემები.
განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ამერიკული გამოცემა Food & Wine-ის შეფასებამ, სადაც ვკითხულობთ: „შემდეგ ჯერზე, როდესაც საყვარელ რესტორანში ღვინის მოლოდინში თბილ პურს მოიტეხავთ, გახსოვდეთ, რომ ამ ტრადიციის ფესვები 8 000 წლის წინანდელ საქართველოში იყოს.“
საერთაშორისო გამოხმაურება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს განსაკუთრებულ როლს კაცობრიობის აგრარული ისტორიის ფორმირებაში. თუ აქამდე საქართველო მსოფლიოში უპირველესად ღვინის სამშობლოდ იყო ცნობილი, უახლესი კვლევა და მისი საერთაშორისო აღიარება ქვეყანას ახალ შესაძლებლობას აძლევს, მსოფლიო რუკაზე პოზიციონირდეს როგორც პურისა და ღვინის კულტურის ერთ-ერთი უძველესი ცენტრი.
კვლევას ხელმძღვანელობდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, აკადემიკოსი დავით ლორთქიფანიძე. კვლევის შედეგები დიდწილად ეფუძნება საქართველოს ეროვნული მუზეუმის პალეოეთნობოტანიკოსის, დოქტორ ნანა რუსიშვილის მრავალწლიან სამეცნიერო საქმიანობას და ქართველი, კანადელი და ისრაელელი მეცნიერების საერთაშორისო თანამშრომლობას.