სამწუხარო რეალობაა, როდესაც ასეთი პოლემიკა მიმდინარეობს პარტიებსა და ოპოზიციურ ლიდერებს შორის. როგორც ჩანს, წარსული ტრავმები მძიმეა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
როგორც ბეჟაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ცდილობენ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური როლის დაკნინებას, ხოლო მათი რიტორიკა ხშირად ემთხვევა იმ გზავნილებს, რომლებიც წარსულში ხელისუფლების მხრიდან ისმოდა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მძიმე პერიოდი გაიარა 2012 წლის შემდეგ. ამ ფონზე, სამწუხაროა, რომ ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ არის კრიტიკის ობიექტი და მის მიმართ ხდება პრეტენზიების გაჟღერება, განსაკუთრებით იმ ადამიანების მხრიდან, რომლებსაც პარტიასთან კავშირები ჰქონდათ, გავლენებიც ჰქონდათ და იციან, ეს პარტია როგორ მუშაობს.
რეალურად მიმდინარეობს მცდელობა, რომ მიხეილ სააკაშვილის როლის ნიველირება მოახდინონ პატარა პარტიებმა. მეგობრებო, დააკვირდით თქვენს რიტორიკას, შეფასებებს მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით და შეადარეთ „ქართული ოცნების“ მიერ რამდენიმე თვის წინ წარმოებული კამპანია, ნახავთ, რომ იდენტურ თემაში ხარ. სამწუხაროდ, მათი ძალისხმევა არის უფრო „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, ვიდრე ამ ქვეყნის საერთო მოწინააღმდეგის - „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ“,- განაცხადა ბეჟაშვილმა.
ბეჟაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა საპროტესტო აქტივობების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ პოლიტიკური პროცესის გასაძლიერებლად აუცილებელია მუდმივი მოძრაობა და აქტიურობა.
„ვფიქრობ, რომ მთავარია მოძრაობა. როდესაც არ ვაქტიურობთ, არ ვმოძრაობთ, აქტიურ მოძრაობაში არ ვართ და დროებში უსაქმურობის პატარა პაუზები წარმოიშობა, შემდეგ იწყება ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები, საქმით უნდა ვიყოთ დაკავებულები. ამიტომ, უნდა გავაგრძელოთ აქტიური პროტესტი“,- განაცხადა ბეჟაშვილმა.