დიალოგისთვის, მეგობრობისთვის, თანამშრომლობისთვის მზად ვართ, მაგრამ ეს უნდა მოხდეს კონსტრუქციულ რეჟიმში - თითის ქნევით რომ ვინმემ გვესაუბროს, ეს დამოკიდებულება ჩვენთვის მიუღებელია, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ 11 ივნისს ვიზების საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირი საქართველსოთან დიალოგს გამართავს.
მისი თქმით, ხელისუფლება ქართველი ხალხისა და ქვეყნის ინტერესების მიხედვით მოქმედებს.
„ჩვენ დიალოგს მივესალმებით. თუმცა, ჩვენ ვართ ერი, რომლის მოსახლეობა ოთხ მილიონზე ნაკლებია. მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი, საუკეთესო მებრძოლები, საუკეთესო შემოქმედები, მომღერლები დიზაინერები, მწერლები არიან ქართველები. მსოფლიოში ასეულობით ერი არსებობს, ჩვენზე უფრო მრავალრიცხოვანნი, უფრო დიდი სახელმწიფოებიც, თუმცა უმეტესობას ხალხი არ იცნობს. ჩვენ, ოთხ მილიონიანი ერი ისტორიის ყველა მონაკვეთში ჩვენს კვალს ვტოვებთ. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენს ერში რაღაც განსაკუთრებულია. იმას კი არ ვამბობ, რომ ვიღაც ჩვენზე უკეთესი ან უარესია. არა, მე იმის თქმა მინდა, რომ განსხვავებული ხასიათი გვაქვს. სამწუხაროდ, ვერცერთმა უცხოელმა ვერ დაინახა ეს, რომ ქართველებთან თითის ქნევით საუბარი და ზემოდან ყურება წარმოუდგენელია.
ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ ჩვენ ქვეყნის ინტერესებიდან გამოვდივართ. არავის ვებრძვით - არც ამერიკას, არც ევროპას. საკუთარ ქვეყანასა და ხალხს ვიცავთ. ჩვენი პოლიტიკა აქედან გამომდინარეობს, რომ პირველ რიგში იდგეს სამშობლოს ინტერესები. ბევრჯერ ვთქვით, რომ დიალოგისთვის, მეგობრობისთვის, თანამშრომლობისთვის მზად ვართ, მაგრამ ეს უნდა მოხდეს კონსტრუქციულ რეჟიმში. თითის ქნევით რომ ვინმემ გვესაუბროს, ეს დამოკიდებულება ჩვენთვის მიუღებელია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისი თქმით, კრიტიკაც და რეკომენდაციებიც არგუმენტებზე უნდა იყოს დაფუძნებული და არა თითის ქნევაზე.
„დიალოგზე ზუსტად იმიტომ ვსაუბრობთ, რომ კრიტიკაც და რეკომენდაციებიც არგუმენტებზე დაფუძნებული უნდა იყოს. როდესაც რაღაც კანონპროექტთან დაკავშირებით ევროკავშირისგან კრიტიკა მოდის, ჩნდება კითხვები, ხომ არ არის ეს ორმაგი სტანდარტი. ვხედავთ, რომ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანაც მსგავსი კანონის მიღებაზე იწყებს საუბარს. თუ მათთვის შეიძლება, ჩვენთვის რატომ არ შეიძლება? თუ ისინი საკუთარ ქვეყნის ინტერესებს იცავენ, რატომ არ შეიძლება, რომ ამ პატარა ქვეყანამ, რომელსაც უდიდესი წარსული და კულტურა აქვს, თავისი ქვეყანა დაიცვას?!“, - განაცხადა თბილისის მერმა.
ცნობისთვის, „რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირი მომავალ კვირას, 11 ივნისს, ვიზების საკითხთან დაკავშირებით საქართველოსთან დიალოგის გამართვას გეგმავს.
„მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელზეც განიხილება ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერება“, - წერს იოზვიაკი.
მისი ინფორმაციით, ევროკომისია დეკემბერში წარადგენს ყოველწლიურ ანგარიშს ვიზების შესახებ, იანვარში კი წევრმა სახელმწიფოებმა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.