რუსთავში, მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიებით პატიმრობა შეეფარდა

რუსთავში, მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიებით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიიღო. სასამართლო პროცესი დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ბრალდებულის ადვოკატმა განაცხადა, არასრულწლოვანი შემთხვევის დროს თავიდან ბოლომდე თავდაცვის რეჟიმში იყო.

„ბავშვის მიმართ არასწორი შუამდგომლობის დაყენება და ბრალდება დღევანდელი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას საფუძვლად დაედო. სასამართლომ ვერც კი განმარტა თუ რატომ გამოიყენა პატიმრობა. თავისუფლად შეიძლებოდა 100 000 ლარის გირაო დამატებით ვალდებულებებთან ერთად საკმარისი ყოფილიყო... ბრალდებული თავიდან ბოლომდე თავდაცვის რეჟიმში იყო...

ჩვენ, რა თქმა უნდა, პროკურატურას დავანახებთ და სასამართლოშიც წარვადგენთ, რომ არიან სხვა მოზარდებიც, რომლებიც ამ პედოფილი მოძალადის მსხვერპლი შეიძლება გამხდარიყვნენ...“, - განაცხადა საქმის ადვოკატმა ალი ბადიროვმა.

ამასთან, როგორც საქმის პროკურორმა განაცხადა, ბავშვის დროებით იზოლაცია მის მიმართ შესაბამისი სამედიცინო და ფსიქოლოგიური პროცესების ჩატარების მიზნით გახდა საჭირო.

„მოცემულ საქმეზე დღეს მიღებული გადაწყვეტილება არ არის საბოლოო. ბავშვის დროებით იზოლაცია საჭირო გახდა მის მიმართ შესაბამისი სამედიცინო და ფსიქოლოგიური პროცესების ჩატარების მიზნით, თუმცა გამოძიებას გავაგრძელებთ, რომელიც ჩატარდება ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად. მოპოვებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მიღებული იქნება საბოლოო გადაწყვეტილება...

მოპოვებული მტკიცებულებები შეჯერდება ყველა იმ სხვა მტკიცებულებასთან ერთად, რომელიც მომავალში იქნება მოპოვებული და სწორედ ამის შემდეგ შესაბამისად მივიღებთ კვალიფიკაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას“, - განაცხადა საქმის პროკურორმა, ხატია გოგრიჭიანმა.

ცნობისთვის, 5 მაისს რუსთავში არასრულწლოვანმა მამაკაცი მოკლა. საქმეზე გამოძიება სსსკ 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში