გზების დეპარტამენტი - ფშაველი-აბანო-ომალოს გზის წმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები გეგმის შესაბამისად პირველი აპრილიდან მიმდინარეობს.

ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„სამუშაოების მიმდინარეობისას, აპრილის შუა რიცხვებში, გზაზე ზვავები და ჩამონაშალები ჩამოვიდა, რის შედეგადაც დაზიანდა სპეციალური ტექნიკა. სტიქიური პროცესების გამო, უკვე გაწმენდილ მონაკვეთებზე ტრანსპორტის გადაადგილება კვლავ შეიზღუდა და გზის გახსნის სამუშაოების გაგრძელება შეუძლებელი გახდა. ვითარების გათვალისწინებით, კონტრაქტორმა კომპანიამ დამატებითი ტექნიკის მობილიზებით გზის უკვე გაწმენდილი მონაკვეთების ხელმეორედ წმენდა დაიწყო. სამუშაოების შეუფერხებლად მიმდინარეობისთვის დამატებითი ტექნიკა ზვავსაშიშ მონაკვეთებზეა მობილიზებული.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საუღელტეხილო მონაკვეთზე თოვლის უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა დაფიქსირდა. ზოგიერთ ზვავსაშიშ უბანზე თოვლის მასის სიმაღლე 15 მეტრსაც კი აღემატება. ამჟამად სამუშაოები გზის 42-ე კილომეტრზე, აბანოს უღელტეხილის მიმდებარედ მიმდინარეობს ექსკავატორებით, დამტვირთველებითა და ბულდოზერებით. რელიეფისა და გზის განსაკუთრებული სირთულის გამო, სხვა ტიპის მძიმე სპეციალური ტექნიკის გამოყენება აღნიშნულ მონაკვეთზე შეუძლებელია. ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე ზამთრის პერიოდში გადაადგილება რთული კლიმატური და გეოგრაფიული პირობების გამო აკრძალულია. წლის დანარჩენ პერიოდში კი გზით სარგებლობა მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისთვის არის დაშვებული. ფშაველი-აბანო-ომალოს გზა ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ და გამორჩეულ მაღალმთიან საავტომობილო გზად მიიჩნევა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა