გუშინ, სომეხი ხალხის უმრავლესობას ეყო სიბრძნე აერჩია სწორი კურსი მიუხედავად პროპაგანდისა და შანტაჟისა - ჩვენ ვართ აღმოჩენილი პრორუსულ ჭაობში და სულ უფრო ვეფლობით მასში. ეს არის ძალიან საშიში, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისი თქმით, სომხეთში ჩატარებული არჩევნების სახით გუშინ მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა.
„ჩვენ შეჩვეულები ვართ, რომ ისტორიული მოვლენები ხდებოდა ხოლმე საქართველოში, მაგრამ გუშინ რაც აღმოჩნდა, საქართველო იყო თამაშგარე მდგომარეობაში და ჩვენს ყურის ძირას, ერევანში დამარცხდა რუსეთი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. დამარცხდა იმიტომ, რომ ყველაფერი იცვლება მსოფლიოში, დამარცხდა იმიტომ, რომ სომეხი ხალხის უმრავლესობას ეყო სიბრძნე აერჩია სწორი კურსი მიუხედავად პროპაგანდისა და შანტაჟისა. სომხებს თვალწინ ჰქონდათ საქართველოს გამოცდილება. მათ ჩაუტარეს ზუსტად ისეთივე სპეცოპერაცია, რაც ატარეს საქართველოში...
მათ ( რუსებს) იმედი ჰქონდათ, რომ ფაშინიანი დაემხობოდა და არ დაემხო, ამის მერე გამოაგორეს რუსი ოლიგარქი, იქაური ივანიშვილი, კარაპეტიანი... ფაშინიანმა გააკეთა ის, რაც მე არ გავაკეთე, დააპატიმრა კარაპეტიანი, თუმცა უკვე გამოშვებულია. დააპატიმრა ის ხალხი, ვინც არიგებდა ფულს“, - განაცხადა სააკაშვილმა.
გარდა ამისა, მან ისაუბრა ობამას ადმინისტრაციის დამოკიდებულებაზე ივანიშვილთან მიმართებით.
„აქეთ „უგორებდნენ“ ივანიშვილს და იმიტომ კი არა, რომ ივანიშვილი მოსწონდათ, უბრალოდ, რუსეთთან არ უნდოდათ პრობლემები. ევროპა მე კი მიჭერდა მხარს პიროვნულად, მაგრამ დიდ საფრთხეს ივანიშვილში ვერ ხედავდა და არც უკრაინის ომი იყო დაწყებული“, - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, საქართველო არის დაუცველი.
„დღეს ჩვენ ვართ სიტუაციაში როცა საქართველო არის სრული ანომალია. ჩვენ ვართ აღმოჩენილი პრორუსულ ჩეჩმაში, ჭაობში და სულ უფრო ვეფლობით მასში. ეს არის ძალიან საშიში. რუსეთს არ აუღია ხელი თავის აგრესიულ ქმედებებზე, ჩვენი ქვეყანა არის დაუცველი. მშვიდობა ვერ გექნება „ქოცების“ პირობებში. ლოზუნგი, რომ „დათვს ბაბაია დაუძახე“ და არ შეგჭამს, თავი მოიმკვდარუნე, დაუწექი და არ შეგჭამს-არის სრული სისულელე და ამაზე ჩვენმა ისტორიულმა მეცნიერებამ უნდა მოიმოქმედოს რაღაც.
2008 წელს რომ არ დავუწექით, იმიტომ გადარჩა საქართველო და რეალურად, რუსეთმა ვერცერთი სტრატეგიული მიზანი ვერ შეასრულა.
მაშინ მე რომ გავქცეულიყავი საქართველოდან, როგორც დასავლელი ჩვენი „მეგობრები“ მომიწოდებდნენ, დღეს აქ რუსეთის გერბი იქნებოდა, დამოუკიდებლობა არ გვექნებოდა და ფიზიკურად განადგურდებოდა ყველა ქართველი ვინც ხმის ამოღებას გაბედავდა. ახლა ბევრი მეუბნება, შეწყვიტე ძახილი იმისა, რომ საფრთხე არსებობსო, ნუ ზაფრავ ხალხსო. მე განსხვავებით იმ ხალხისა, ვინც მაკრიტიკებს, ჩემ თავზე ცოტა უფრო მეტი წარმოდგენა მაქვს. ჩვენ უნდა დავინახოთ, რა რისკებიც არსებობს.
საქართველოს აუცილებლად სჭირდება თავდაცვის პაქტის ხელმოწერა თურქეთთან და აზერბაიჯანთან, სასწრაფოდ სჭირდება აღადგინოს ურთიერთობები ევროპასთან, იმიტომ, რომ ევროპა ჩამოყალიბდება სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკად“, - განაცხადა სააკაშვილმა.
ამასთან, მისი თქმით, მას ყოველთვის ამოძრავებდა საქართველოს კონკრეტული ხედვა. როგორც მან აღნიშნა, ყველაზე ბნელ წლებში, რთულ სიტუაციაში ამერიკის კონგრესის დაფინანსებით წავიდა ამერიკაში, მოიპოვა კოლუმბიის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი. სააკაშვილის თქმით, მუშაობდა ნიუ იორკის საუკეთესო იურიდიულ ფირმაში.
„რომ დავრჩენილიყავი იქ, მექნებოდა ძალიან ბევრი ფული, მექნებოდა რამდენიმე სახლი ამერიკაში, ვიქნებოდი დაფასებული, მისტერ სააკაშვილი, ცნობილი იურისტი, მაგრამ მე მქონდა ხედვა, რომ დავბრუნებულიყავი ჩვენი ქვეყანა დაგვეყენებინა ფეხზე“, - განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ზურაბ ჟვანიასთან ერთად იმდროინდელმა გუნდმა მართლაც სასწაული შეძლო.
„ახლა, მე ვაქებ სომხეთს მაგრამ სომხეთში ის რეფორმები არ გატარებულა, რაც ჩვენ გავატარეთ...
შეიცვალა სიტუაცია, არჩევნები წავაგეთ, უპრობლემოდ გადავაბარე ხელისუფლება. ვიცოდი, რომ არჩევნებს ვაგებდი იმიტომ, რომ შეიძლება ავტორიტარად გადავქცეულიყავი. ეს არ იყო ჩემი ხედვა.
მე მაქვს ის ხედვა, რომ ჩვენ აუცილებლად შევძლებთ ყველაფრის გადალახვას და ამ ხედვით ჩამოვედი უკრაინიდან. ჩემი კომფორტული ცხოვრებიდან ამოვაძვრე საკუთარი თავი, დაფასებული ძალიან, ჩამოვედი აქ სიცოცხლის რისკის ფასად იმიტომ, რომ გზაში უპრობლემოდ შეეძლოთ ჩემი ლიკვიდაცია ისე, რომ ვერც გაგებდა ვერავინ, სად გავუჩინარდი და იქ ვარ, სადაც ვარ. დღესაც მამოძრავებს ეს ხედვა.
მიუხედავად ყველაფრისა, ამ უბედურებისა ჩვენ გარშემო, საქართველოს გამოვგლეჯთ ამ ბანდას და მათ პატრონებს მოსკოვში. საქართველო იქნება სტაბილური, განვითარებული, წარმატებული ქვეყანა.
დღეს „ქოცური“ ნარატივია, რომ დათვს უნდა დავუწვეთ, გავიყურსოთ. მეორე - ოპოზიცია არის ამრევი და ისინი ციხეში უნდა გვყავდნენ, მესამე - ჩვენ ყველამ საკუთარ თავს უნდა მივხედოთ. ეს არის დამღუპველი და წამგებიანი ეროვნული პროექტი“, - განაცხადა სააკაშვილმა.