მიშა ვისზეც თვლის, რომ არის „ლუზერი“, სახელებსა და გვარებს როცა საჭირო გახდება, თვითონვე დაასახელებს - „ლუზერები“ არიან ის ადამიანები, ვისაც არ აქვს რწმენა გამარჯვების, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციაში მიხეილ სააკაშვილის შესაძლებლობები უნდა იქნას გამოყენებული.
„ოპოზიციის მხრიდან მართლაც დიდი უგუნურება იქნებოდა, რომ არ გამოვიყენოთ მიხეილ სააკაშვილი და მისი შესაძლებლობები. მიშას გვერდზე გაწევა არაფრის მომცემი საერთო საქმისთვის არ არის.
მე ვფიქრობ, რომ ყველა უნდა დაგეს თავის ეგოზე, ამბიციებზე მაღლა იმიტომ, რომ მთავარი ამბიცია არის საქართველოს ამ რეჟიმისგან გათავისუფლება. მე დარწმუნებული ვარ, ეს უნდა იყოს მთავარი ამბიცია და არის და იქნება კიდევაც. მიშა ვისზეც თვლის, რომ არის „ლუზერი“, სახელებსა და გვარებს როცა საჭირო გახდება, თვითონვე დაასახელებს. სოციალური ქსელებით აქვს შესაძლებლობა, რომ ეს სახელები და გვარები გააჟღეროს, მარჩიელობას აქ ხომ არ დავიწყებ?
იცით, „ლუზერები“ არიან ის ადამიანები, ვისაც არ აქვს რწმენა გამარჯვების. ვისაც აქვს მომავლის იმედი, ვინც ხედავს დიდ სურათს, გნებავთ, თუნდაც გეოპოლიტიკურ კონტექსტში და ვისაც აქვს გამარჯვების რწმენა და იმედი ის „ლუზერი“ ვერ იქნება“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.
კითხვაზე, „ოპოზიციურ ალიანსში“ არის თუ არა ისეთი ვინმე, ვისაც გამარჯვების არ სჯერა“, ცისკარიშვილი ასე პასუხობს:
„თქვენ იმ ხალხს შეეკითხეთ, აქვს თუ არა რწმენა. თუ ვინმე გამოიკვეთება ისეთი, რომ არ აქვს არაფრის იმედი და შეგუებულია „ქოცობას“ სამუდამოდ, მაშინ ჩავთვალოთ, რომ ის არის ლუზერი“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
ცნობისთვის, მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც 7 ნოემბრის საქმეზე მისი პროცესი გაიმართა, მის მიმართ კრიტიკულად განწყობილებს, მათ შორის ოპოზიციიდან „ლუზერი“ უწოდა. სააკაშვილი მიიჩნევს, რომ თუ სახალხო ერთიანობა იქნება, „აუცილებლად დამარცხდება რეჟიმი“.
„ჩვენ უნდა გაგვიჩნდეს გამარჯვებულის ფსიქოლოგია, სამწუხაროდ, იმ ხალხს, მათ შორის ოპოზიციიდან, ვინც მე მაკრიტიკებს, ჩამოუყალიბდათ „ლუზერის“ ფსიქოლოგია, რომ არაფერი გვეშველება. შევარდნაძის დროსაც ასე იყო, გოგი თოფაძე იყო მაშინ პარტიის ლიდერი და იძახდა, რომ „შევარდნაძე ყოველთვის იქნება და სხვა უნდა მოვნახოთო“, - აღნიშნა სააკაშვილმა.