პარლამენტის პლენარულ სხდომებზე საკანონმდებლო ინიციატივების კენჭისყრის პროცედურა მარტივდება

პარლამენტის პლენარულ სხდომებზე საკანონმდებლო ინიციატივების კენჭისყრის პროცედურა კიდევ უფრო მარტივდება. საუბარია საკანონმდებლო პაკეტების მიღების წესზე, რომელიც პარლამენტს რამდენიმე კანონპროექტის შემადგენლობით წარედგინება.

საკანონმდებლო პაკეტების მიღებასთან დაკავშირებით პარლამენტში მოქმედებდა წესი, რომლის მიხედვით, პაკეტის როგორც პირველი, ასევე მეორე და მესამე მოსმენით მიღების დროს, მასში შემავალი თითოეული კანონპროექტი კენჭისყრაზე ცალ-ცალკე დგებოდა.

ეს წესი დაახლოებით ორი წლის წინ შეიცვალა და რეგლამენტის ახალი ნორმა ამოქმედდა, რომლის მიხედვით, საკანონმდებლო პაკეტს პირველი და მეორე მოსმენით მიღების დროს ერთად ეყრება კენჭი და არა ცალ-ცალკე კანონპროექტებს. უფრო კონკრეტულად კი, საკანონმდებლო პაკეტის პირველი ან მეორე მოსმენით განხილვის დასრულების შემდეგ, პაკეტში შემავალ იმ პროექტებზე, რომელთა მისაღებად თანაბარი რაოდენობის ხმებია საჭირო, კენჭისყრა ერთიანად იმართება, თუმცა მოქმედი რეგლამენტითვე, მესამე - საბოლოო კენჭისყრის დროს პაკეტში არსებული თითოეული კანონპროექტი კენჭისყრაზე ცალ-ცალკე დგება.

რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებებით, საკანონმდებლო პაკეტის მესამე მოსმენით მიღებაც პირველი და მეორე მოსმენით კენჭისყრის ანალოგიურად - კანონპროექტების ერთიანად მიღებით მოხდება. იმავდროულად, თუ რომელიმე დეპუტატი მესამე მოსმენისას საკანონმდებლო პაკეტში წარდგენილი პროექტების ცალ-ცალკე კენჭისყრას მოითხოვს, ასეთ შემთხვევაში პროექტებს ცალ-ცალკე ეყრება კენჭი.

საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით დაგეგმილია კიდევ ერთი ცვლილება. კერძოდ, თუკი კანონპროექტი პარლამენტში საკანონმდებლო პაკეტის სახით იქნება წარდგენილი, პაკეტში შემავალ კანონპროექტებს ერთი საერთო განმარტებითი ბარათი დაერთვება. სადღეისოდ საკანონმდებლო პაკეტში შემავალ თითოეულ კანონპროექტს განმარტებითი ბარათი ცალ-ცალკე ერთვის თან.

რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება
ნათია ლოლაძეს ესექსის უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
SBC Summit Tbilisi-ს რეკორდული რაოდენობის, 44 ქვეყნის 2500-მდე დელეგატი დაესწრო