„გახარია საქართველოსთვის“ - ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ახალი ეტაპი დაიწყო

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ახალი ეტაპი დაიწყო, - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც სოციალურ ქსელში პარტიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

პარტია „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, მისცეს მკაფიო პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე წარმოებულ ანექსიურ პროცესებსა და უზრუნველყოს ანექსიის საწინააღმდეგოდ საერთაშორისო პარტნიორების მობილიზება.

„უკვე ამოქმედდა მოსკოვსა და ცხინვალის რეჟიმს შორის მიმდინარე წლის მაისში გაფორმებული ე.წ. „სამოკავშირეო ურთიერთქმედების გაღრმავების ხელშეკრულება“ და დაიწყო მისი პრაქტიკული აღსრულება. რუსეთის მიერ წარმართული საკადრო პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ამის დადასტურებაა.

კერძოდ - რუსეთმა ოკუპირებულ ცხინვალში წარგზავნა რუსი საკადრო ჩინოსანი მარატ კამბოლოვი, რომელიც ჯერ დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩევლად დანიშნეს, ამჟამად კი - მედიის ცნობით, იგეგმება მისი დანიშვნა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის „პრემიერ-მინისტრად“.

როგორც მოგეხსენებათ, ზემოხსენებული ე.წ. ხელშეკრულება მიზნად ისახავს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური, სატრანსპორტო, ენერგეტიკული და სამხედრო სფეროების სრულ ინტეგრაციას რუსეთის ფედერაციასთან, რაც ცალსახად წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართულ მორიგ ქმედებას და პირდაპირ საფრთხეს უქმნის ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობას.

ჩვენ მოვუწოდეთ საქართველოს ხელისუფლებას, მოეხდინა სათანადო საკანონმდებლო რეაგირება და უზრუნველეყო საერთაშორისო პარტნიორების მობილიზება ანექსიის ამ ტალღის წინააღმდეგ, თუმცა „ოცნების“ ხელისუფლებამ არაფერი იღონა. მმართველმა პარტიამ ჩვენ მიერ პარლამენტში ინიციირებულ ანექსიის დამგმობ რეზოლუციასაც კი არ დაუჭირა მხარი, ხოლო ანექსიის წინააღმდეგ მიმართულ ჩვენს ძალისხმევას ,,პოლიტიკური მატრაკვეცობა“ უწოდა.

„ოცნების“ სრული უმოქმედობის ფონზე, რუსეთი უკვე საკუთარ საჯარო მოხელეს ნიშნავს ცხინვალის რეჟიმის ხელმძღვანელ თანამდებობაზე, რაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოსკოვის პირდაპირი მმართველობის დამყარებას ნიშნავს.

„ოცნება,“ რომელმაც მიზანმიმართულად მოახდინა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან წლობით ნაშენები თანამშრომლობის საბოტაჟი და ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცია, ქვეყნის ინტერესების დაცვის ნაცვლად, ოკუპანტ სახელმწიფოს დანაშაულებრივი დუმილით ჩვენი ტერიტორიების ანექსიაში ეხმარება.

მოვუწოდებთ „ოცნებას”, აღასრულოს კონსტიტუციური ვალდებულები - მისცეს მკაფიო პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე წარმოებულ ანექსიურ პროცესებს და უზრუნველყოს ანექსიის საწინააღმდეგოდ საერთაშორისო პარტნიორების მობილიზება.

„ოცნების“ ხელისუფლებისგან მოვითხოვთ, დააფიქსიროს მკაფიო პოზიცია სოფელ ჩორჩანასთან დაკავშირებით საოკუპაციო რეჟიმის მიერ წამოყენებულ პრეტენზიებზე და განმარტოს, გეგმავს თუ არა იქ განთავსებული ქართული საგუშაგოს გაუქმებას.

კიდევ ერთხელ მივმართავთ საქართველოს პარლამენტს და მთავრობას: შეწყვიტეთ დუმილი, დაუბრუნდით კონსტიტუციურ ჩარჩოებს, აღადგინეთ აქტიური მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან და მხარი დაუჭირეთ ანექსიის საწინააღმდეგო რეზოლუციას. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების მიტაცების პროცესში დუმილი და უმოქმედობა ოკუპანტი სახელმწიფოს ხელშეწყობას ნიშნავს, რაზეც პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა!“ - ნათქვამია განცხადებაში.

სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანის პარტიამ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება ვერ შეძლო, მაგრამ გაიმარჯვა, მთავრობის დაკომპლექტებისა და ევროპასთან ინტეგრაციული პროცესის გაგრძელების შესაძლებლობა ექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2026
სოკარმა Italiana Petroli-ს შეძენის პროცესი დაასრულა
სილქ+ ახალ პაკეტებში ყველაზე პოპულარული მობილური პირობები გაერთიანდა
მსოფლიოში პირველი Rotana-ს მთის კურორტი გუდაურში აშენდება
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა