France 24 - ფრანგული ბიბლიოთეკებიდან იშვიათი წიგნების ქურდობის საქმეზე პარიზში საქართველოს მოქალაქეების სასამართლო პროცესი იწყება

ფრანგული ბიბლიოთეკებიდან იშვიათი წიგნების ქურდობის საქმეზე პარიზში საქართველოს მოქალაქეების სასამართლო პროცესი იწყება, - ინფორმაციას France 24 ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, პარიზის სასამართლოში საქართველოს შვიდი მოქალაქის სასამართლო პროცესი იწყება, რომელთაც ბრალად ედებათ ფრანგული ბიბლიოთეკებიდან იშვიათი რუსული წიგნების ქურდობა. კერძოდ, საუბარია მილიონობით ევროს ღირებულების რუსულ კლასიკურ ნაწარმოებებზე.

საქართველოს მოქალაქეებს ბრალად ედებათ კრიმინალური შეთქმულების მოწყობა და დანაშაულის ჩადენის განზრახვა. ასევე, ბრალდებულთაგან ზოგიერთს ბრალად ედება კულტურული ობიექტის გაქურდვა. მათ 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ბრალდებულთაგან ორს დაუსწრებლად გაასამართლებენ, მათ დასაკავებლად ორდერებია გაცემული.

მედიის ინფორმაციით, ორი მათგანი, მიხეილ ზ. და ბექა თ. მსგავსი დანაშაულებისთვის სხვა ქვეყნებში არიან გასამართლებული და ახლა ისინი საფრანგეთს დროებით გადასცეს. 50 წლის მიხეილ ზ.-ს გასულ წელს ლიეტუვაში სამი წლით და ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ხოლო 49 წლის ბექა თ.-ს სამი წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა ესტონეთში მიუსაჯეს.

გამოძიების მტკიცებით, სავარაუდოდ, ბრალდებულები „ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელის“ წევრები იყვნენ.

საფრანგეთში აღნიშნული დანაშაულები 2023 წელს მოხდა. ასევე, წიგნების ქურდობებს ადგილი ჰქონდა გერმანიის, ჩეხეთისა და შვეიცარიის ბიბლიოთეკებშიც, რის შემდეგაც „ევროპოლისა“ და „ევროჯასტის“ ფარგლებში საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნა და 2024 წელს რამდენიმე პირი დააკავეს.

2024 წლის აპრილში ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქურდობის ფაქტებთან დაკავშირებით რამდენიმე პირის დაკავების შესახებ საქართველოს პროკურატურამაც გამოაცხადა. მაშინ საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა. 2025 წლის იანვარში თბილისის საქალაქო სასამართლომ ევროპული ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქურდობის ფაქტებზე დამნაშავედ ხუთი პირი ცნო.

სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანის პარტიამ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება ვერ შეძლო, მაგრამ გაიმარჯვა, მთავრობის დაკომპლექტებისა და ევროპასთან ინტეგრაციული პროცესის გაგრძელების შესაძლებლობა ექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2026
სოკარმა Italiana Petroli-ს შეძენის პროცესი დაასრულა
სილქ+ ახალ პაკეტებში ყველაზე პოპულარული მობილური პირობები გაერთიანდა
მსოფლიოში პირველი Rotana-ს მთის კურორტი გუდაურში აშენდება
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა