სვანეთის მოსახლეობა წლებია საუბრობს უკანონო მაინინგით გამოწვეულ პრობლემებზე, მაგრამ არასდროს ხელისუფლებას ამაზე რეაგირება არ ჰქონია. ახლა გადაწყვიტეთ, რომ საჩვენებელი ბრუტალური სპეცრაზმის რეიდები მოგეწყოთ. სპეცრაზმის ენით ლაპარაკის დაწყება მაშინ, როცა არცერთი სხვა ნაბიჯი არ გადაგიდგამთ პრობლემის მოსაგვარებლად, არის უბრალოდ სადამსჯელო ღონისძიება, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ვიკა ფილფანმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სანამ ხელისუფლება „ხალხის დაშინებას და მაინინგთან მოჩვენებით ბრძოლას დაიწყებს, სჯობს, გაზიფიცირებაზე დაიწყოს ზრუნვა, ცენტრალურ გზაზე და დაპირებულ გვირაბზე“.
„მინდა გამოვეხმაურო სვანეთში მიმდინარე პროცესებს. მმართველობის 14 წლის თავზე სვანეთი რომ გაგახსენდათ, ძალიან კარგია, მაგრამ ცოტა დაგვიანებული. ვინაიდან აღმოჩნდა, რომ არანაირი ინფორმაცია არ გაქვთ სვანეთში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. მე გამოვიყენებ ჩემს დროს, რომ ამ პრობლემებზე გაცნობოთ. პირველ რიგში გეტყვით, რომ სვანეთი არის მაღალმთიანი რეგიონი, ძალიან მძიმე კლიმატური პირობებით, სადაც მოსახლეობას 8 თვის განმავლობაში გათბობა ესაჭიროება. სვანეთი არის რეგიონი, სადაც მუდმივად მცხოვრები არის 12 000 - მდე ადამიანი, რომლებიც არც ზამთარში არ ტოვებენ საკუთარ საცხოვრებელს იმის მიუხედავად, რომ მკაცრი ზამთარი გრძელდება 5-6 თვის განმავლობაში, ყინვები კი გაცილებით დიდხანს გრძელდება. სვანეთში ცხოვრება დაკავშირებულია მძიმე შრომასთან, გამძლეობასა და ყოველდღიურ ბრძოლასთან. აქვე შეგახსენებთ, რომ მოსახლეობის 70% სოციალურად დაუცველია თქვენივე მონაცემებით.
ვინაიდან სვანეთში არ არის გაზიფიცირება, გათბობის ერთადერთი საშუალება არის შეშის ღუმელი და ელექტროენერგია, რომელიც უბრალო მოსახლეობას ზამთრის პერიოდში მიეწოდება ძალიან შეზღუდულად. მიეწოდება შეზღუდულად იმიტომ, რომ არსებული საბჭოთა დროის ინფრასტრუქტურა, ელექტროსადგურები მაღალი დატვირთვის გამო მწყობრიდან გამოდის. მწყობრიდან გამოდის ასევე მოძველებული ელექტროსადენები, რომელსაც არ დაადგა საშველი არცერთი ხელისუფლების დროს. ელექტროენერგიის გადასახადისგან განთავისუფლება სოციალური მხარდაჭერის ფორმად დაწესდა, რათა შეჩერებულიყო მოსახლეობის მასობრივი გადინება, ეს იყო 1990 -იან წლებში.
სვანეთის მოსახლეობა წლებია საუბრობს უკანონო მაინინგით გამოწვეულ პრობლემებზე, მაგრამ არასდროს ხელისუფლებას ამაზე რეაგირება არ ჰქონია. ახლა გადაწყვიტეთ, რომ საჩვენებელი ბრუტალური სპეცრაზმის რეიდები მოგეწყოთ, რაც ასევე აჩვენებს ძალიან სამწუხარო დამოკიდებულებას რეგიონის მიმართ. სპეცრაზმის ენით ლაპარაკის დაწყება მაშინ, როცა არცერთი სხვა ნაბიჯი არ გადაგიდგამთ პრობლემის მოსაგვარებლად, არის უბრალოდ სადამსჯელო ღონისძიება. სპეცრაზმით რეიდები არც წინა ხელისუფლებამ დააკლო სვანეთს.
რაც შეეხება უკანონო მაინინგს, ადგილობრივმა „ენერგოპრომაც“ და ხელისუფლებამაც ძალიან კარგად იცის ვინ მდიდრდება ხალხის ხარჯზე. საუბარია არა 100 მაინერზე, არამედ ათასობით მოწყობილობაზე, რომელსაც ფუნქციონირებისთვის ტექნიკურად მაღალი სიმძლავრის სამფაზიანი ელექტრო მომარაგება სჭირდება, რაც სვანეთში მცხოვრებ რიგით ოჯახს ნამდვილად არ აქვს.
გამრიცხველიანებაზე გაჟღერდა ინფორმაცია, რის გამოც მოსახლეობა შიშობს, რომ ცვლილებები მათ სოციალურ მდგომარეობაზე მძიმედ აისახება. როდესაც მსგავს ცვლილებებს აანონსებთ, აუცილებელია მას თან ახლდეს ალტერნატიული ეკონომიკური შესაძლებლობები და მოსახლეობასთან დიალოგი. სვანეთში ენგურჰესის აშენების შემდეგ, ბალს ქვემო სვანეთი ფაქტობრივად მეწყერ საშიშ ზონად იქცა, დღე არ გავა ცენტრალურ გზაზე ქვის ცვენა და მეწყერი. მეწყერსაშიში ზონაა მთელი ცენტრალური გზა. სვანეთში ბოლო წლებში 12 ახალი მცირე ჰესია აშენებული, თუმცა არავითარი ინფრასტრუქტურული სარგებელი ამას ადგილობრივი მოსახლეობისთვის არ მოჰყოლია. ამ დარბაზში მყოფთაგან რამდენი ადამიანია ავტომობილით ჯვარი მესტიის გზაზე ნამყოფი ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ეს გზა დიდი ხანია აღარ არის უსაფრთხო, ყოველდღიურად უფრო მეტად ზიანდება და ამ გზის გაკეთების დაპირება ჯერ კიდევ 2021 წელს გაიცა.
ასევე გაიცა 2024 წელს არჩევნებამდე საგერგილი - ჭუბერის დამაკავშირებელი გზის გაკეთება, რომელიც დღემდე არაა დასრულებული და ყველაზე საშიში მონაკვეთი, სადაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე დასრულდა ტრაგიკულად ჯერ კიდევ ხელუხლებელია. სვანეთის გზა სასაკლაოა. წელი არ გადის, რომ რამდენიმე ადამიანი არ დაიღუპოს. 3 საპარლამენტო არჩევნები ჩაატარეთ გვირაბის გაკეთების დაპირებით, დღეს საერთოდ დღის წესრიგშიც არ დგას ეს პროექტი. ერთი რეანიმობილი ემსახურება მთელს ზემო სვანეთს, რომელსაც დაშავებულის გადასაყვანად 6 საათი სჭირდება უახლოეს მაღალ პროფილურ კლინიკაში და როცა პარალელურად მეორე ადამიანიც ავად ხდება, საკუთარი ავტომობილებით გადაჰყავს მოსახლეობას. ერთადერთი სახანძრო პუნქტია მესტიაში განთავსებული, საიდანაც სოფლები 40-50 კილომეტრითაა დაშორებული, სახლები ისე იწვება, ვერც ასწრებს სახანძრო მანქანა მისვლას და ვერ მივაღწიეთ ამდენი წელი, რომ ქვედა ზონაში მეორე სახანძრო პუნქტი დაემატოს.
ზამთარში სოფლები საერთოდ წყდება ცივილიზაციას ყველანაირი მნიშვნელობით, არის სოფლები, სადაც ინტერნეტი კი არა მობილური ტელეფონის ქსელს არ აქვს მიღება. საჯარო სამსახურის მიღმა სოფლების უმეტესობაში არანაირი დასაქმების პერსპექტივა არ არის. რამდენიმე ლოკაციაზე, სადაც ტურიზმია განვითარებული ამის მიზეზი მხოლოდ ბუნება და წინაპრების დატოვებული კულტურული მემკვიდრეობაა, ასევე თვითდასაქმებული პროფესიონალი გიდები. ტურისტული საინფორმაციო ცენტრი არ არის სვანეთში. წლიდან წლამდე კოშკები ზიანდება და ინგრევა, რაზეც ხელის დაკარება ეკრძალება ადგილობრივს, მაგრამ რიგითობით როდის მოუწევს რესტავრაციის დრო არავინ იცის.
არაერთ სოფელს აქვს წყლის პრობლემა, გზის პრობლემა. რამდენიმე სოფელი პირდაპირ მეწყერსაშიშ ზონაშია, ამ ყველაფრის მიუხედავად ჯიუტად არ ტოვებენ იქაურობას და მკაცრი პირობების მიუხედავად ყველაფერს აკეთებენ, რომ შეინარჩუნონ რეგიონი. გოჩა ენუქიძეა სვანეთის დელეგატი ამ პარლამენტში. ბოლოს როდის იყო საერთოდ სვანეთში? ბოლოს როდის გაეცნო სვანეთში არსებულ პრობლემებს ან ბოლოდ როდის მოახდინა რაიმე რეაგირება?! ასე რომ, სანამ ხალხის დაშინებას და მაინინგთან მოჩვენებით ბრძოლას დაიწყებთ, რომელსაც წლებია ახალისებთ და მფარველობთ, გაზიფიცირებაზე დაიწყეთ ზრუნვა, ცენტრალურ გზაზე და დაპირებულ გვირაბზე“,- განაცხადა ვიკა ფილფანმა.