გვეუბნებიან, რომ რუსეთს დაუწესეთ სანქციები, თავი მოიკალით, თუ გინდათ უვიზო მიმოსვლა. თუ თავი დავიხოცეთ და დავინგრიეთ, ვიღამ უნდა იაროს უვიზოდ ევროკავშირში?! - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც 11 ივნისს, უვიზო მიმოსვლის საკითხზე დაგეგმილ შეხვედრას შეეხებოდა.
როგორც მან აღნიშნა, „ქვეყანას ვერ დავანგრევთ იმის გამო, რომ ბრიუსელს უნდა ვიზა აქციოს დღეს პოლიტიკურ იარაღად“.
„საქმე ეხება დიპლომატიური პასპორტებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას. როდესაც შემოღებული იყო ეს, იყო საერთაშორისო შეთანხმების დარღვევა ევროკავშირის მხრიდან. ევროკავშირი არის საერთაშორისო სამართლის დამრღვევი საქართველოს მიმართ. რაც თავისთავად უდიდესი სირცხვილია, მაგრამ ვხედავთ, რომ სირცხვილის გრძნობა, მაინცდამაინც, არ არსებობს ბრიუსელში. იმ მომენტში, როდესაც მიხვდნენ, რომ ეს იყო საერთაშორისო სამართლის დარღვევა, შემოიღეს დამატებითი წესები სპეციალურად საქართველოსთვის, სადაც მანამდე არსებულ კრიტერიუმებს, რომელიც ტექნიკური ხასიათისაა, დაამატეს პოლიტიკური კრიტერიუმები, რომლებიც არასდროს, რაც ევროკავშირი, მისი ვიზა და უვიზობა არსებობს, არ არსებობდა. ევროკავშირი შეიყარა, დრო დახარჯა იმისთვის, რომ სპეციალური წესები შემოეღო და მოერგო თავისი წესები საქართველოზე. ეს მეორე დარღვევა, რომ მოარგეს ევროკავშირის წესები ერთ სპეციფიკურ სუბიექტს, საქართველოს. და ასევე, ამ პოლიტიკური კრიტერიუმებით გაიხსნეს თავისი აზრით და ჭკუით, თავისუფლება, რომ რასაც უნდათ იმას მოგვთხოვენ. ახლა დგანან და ფანტაზიას აღარ აქვს საზღვარი. ხან გვეუბნებიან, რომ რუსეთს დაუწესეთ სანქციები, თავი მოიკალით, თუ გინდათ უვიზო მიმოსვლა. თუ თავი დავიხოცეთ და დავინგრიეთ, ვიღამ უნდა იაროს უვიზოდ ევროკავშირში?! ამისკენ გვიბიძგებენ, საკუთარი ქვეყნის დანგრევას გვთხოვენ იმით, რომ გვეუბნებიან, დავუწესოთ რუსეთს სანქციები. ამას ითხოვენ პირდაპირ. ქვეყანას ვერ დავანგრევთ იმის გამო, რომ ბრიუსელს უნდა ვიზა აქციოს დღეს პოლიტიკურ იარაღად. ყველა ქვეყანას აქვს სავიზო სისტემა და მაშინ ახლა ჩვენ უნდა შემოვიღოთ ვიზა პოლონელი ჩინოვნიკებისთვის თუ რა ვქნათ? ეს არის უმწიფარი პოლიტიკა ევროკავშირის.
რაც შეეხება ამ შეხვედრას, ტექნიკური ჯგუფი არის საქართველოდან წარმოდგენილი, რომელიც გაივლის ამ საკითხებს. პოლიტიკური პრეტენზიები თუ აქვთ, ელაპარაკონ პოლიტიკოსებს, ტექნიკურ დონეზე ეს საკითხები ვერ განიხილება. პოლიტიკურ კითხვებზე პოლიტიკური პასუხები გვაქვს. როგორც რეგიონში დამკვიდრდა გამოთქმა: „სუვერენიტეტი მარწყვზე არ იყიდება“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, სავიზო რეგულაციის თანახმად, შეჩერების მექანიზმის მოქმედების პერიოდში, ევროკომისიამ შესაბამის მესამე ქვეყანასთან უნდა დაიწყოს დიალოგი და 11 ივნისს საქართველოს მხარეს და ევროკომისიას შორის დიალოგის პირველი შეხვედრა გაიმართება.