გამახსენდა ძველი, საბჭოთა დრო - ბრეჟნევი რომ ჩამოვიდა, მაშინ იყო დაახლოებით ანალოგიური სიტუაცია, როდესაც კომპარტიის ლიდერები მიმართავდნენ მას და ლამის მესიად მოიხსენიებდნენ. ჩვენ გუშინ ამ ტრადიციის გაგრძელება ვიხილეთ. როგორც ჩანს, ბატონ ივანიშვილს აკლია საჯარო აღიარება და დაუფასებლობის განცდა აქვს, - ამის შესახებ „ლიბერალური აკადემიის“ ხელმძღვანელმა, ლაშა ტუღუშმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრიფინგთან დაკავშირებით განაცხადა.
ტუღუშის შეფასებით, შესაძლოა, ამ ბრიფინგით გუნდის წევრები ბიძინა ივანიშვილს ერთგულებას უმტკიცებდნენ ან კიდევ გარე ფაქტორების გათვალისწინებით, სხვა ქვეყნის ლიდერებისგან აკლია ივანიშვილს ქება და ეს დანაკლისი ამით „ამოავსეს“.
„ძალიან უცნაური ბრიფინგი იყო იმიტომ, რომ ბრიფინგი, როგორც წესი, ტარდება რაღაც კონკრეტიკის ირგვლივ, ასეთი ტიპის ბრიფინგი კი პირველად ვნახე.
გამახსენდა ძველი, საბჭოთა დრო - ბრეჟნევი რომ ჩამოვიდა, მაშინ იყო დაახლოებით ანალოგიური სიტუაცია, როდესაც კომპარტიის ლიდერები მიმართავდნენ მას და ლამის მესიად მოიხსენიებდნენ და ჩვენ გუშინ ამ ტრადიციის გაგრძელება ვიხილეთ.
რატომ მოხდა ეს? ძნელია ამის თქმა... პირველი ლოგიკური დასკვნა, რაც შეიძლება გავაკეთოთ, არის ის, რომ შიგნით არის უკმარისობა როგორც ჩანს და, პირველ რიგში, ეს გულისხმობს ბატონ ივანიშვილს. მას, ეტყობა, აკლია საჯარო აღიარება და დაუფასებლობის განცდა აქვს. ან ეს არის მიზეზი და მას უმტკიცებენ ერთგულებას, რაღაც აღმატებული ფორმატით იმიტომ ჩატარდა ე.წ. ბრიფინგი ან კიდევ, მეორე გამოძახილი არის გარე ფაქტორები. როგორც ჩანს, სხვა ლიდერების მხრიდან დააკლდათ დაცვა მათი პოლიტიკური ლიდერის...
ეს ე.წ. ბრიფინგი მარტო ამით არ არის საინტერესო. საინტერესოა იმ კონცეფციით, რომელიც პრემიერ-მინისტრს აქვს მსოფლიო სახელმწიფოების მიმართ, თითქოს არსებობს რაღაც ძალა, რომელიც მართავს მსოფლიოს, აკნინებს ევროპაში დემოკრატიას, მათ ეროვნულ ღირსებას ეხება, ქრისტიანობას აკნინებს და ა.შ.
თუ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ლოგიკა, მათ შორის, საერთაშორისო ურთიერთობებში დამყარებულია ამ კონცეფციაზე, რომ სადღაც რაღაც ბნელი ძალა არსებობს, ძალიან მძიმედ ჰქონიათ საქმე და ძალიან სერიოზული პრობლემაა, ამიტომ მე მოვუწოდებ მათ, ვინც ჩართული არიან პოლიტიკურ პროცესებში, მიაქციონ ამას ყურადღება იმიტომ, რომ ეს ძალიან რთული საკითხია.
ასევე, ძალიან საინტერესო იყო მათი შიდა დისკუსიების შეფასება. ითქვა ის, რომ მათი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ერთვება ხოლმე შიდა დისკუსიებში და ის „ყოველთვის მართალია“. ძალიან უცნაურია ეს ვითარება იმიტომ, რომ თუ ჩვენ არ გვაქვს საქმე ტოტალიტარული ან დიქტატორული მმართველობის ხასიათზე, ბუნებაში არ არსებობს, რომ რომელიმე ლიდერი ერთვებოდეს დისკუსიებში და ის ყოველთვის მართალი იყოს“, - განაცხადა ტუღუშმა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ქმედებები, გადაწყვეტილებები და განცხადებები ლოგიკას არის აცდენილი, რაც იმის მანიშნებელია, რომ პარტია უკვე დაისის ხანაშია და ძალაუფლების დაკარგვის ეშინია.
„რაციონალურად თუ შევხედავთ, არ მგონია, ასეთი ქებათა ქება აწყობდეს ბატონ ივანიშვილს და არც ის მგონია, რომ რასაც ბატონი კობახიძე საუბრობს, ამ პოზიციებს იზიარებდეს ივანიშვილი. მე ვერ გეტყვით, მაშინ რატომ ხდება ის, რომ ამას არ აწყობს და მაინც აქებენ.
ჩემი აზრით, ის პოლიტიკური კურსი, რომელიც აიღეს, ის შიშები, რომელიც დომინირებს მათ პარტიაში, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია მათი შიდა პოლიტიკის გადაწყვეტილებებში. ყველაფრის ეშინიათ - ეშინიათ დასავლეთის, დემოკრატიის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ეშინიათ და აუქმებენ, პარტიების ეშინიათ და აუქმებენ, ჟურნალისტების ეშინიათ და იჭერენ, აუქმებენ, სცემენ... ყველაფრის ეშინიათ. ალბათ, ეს არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, თუ რატომ არის აცდენილი ლოგიკას მათი მოქმედებები.
სხვათა შორის, ეს ახასიათებს რეჟიმებს, რომლებიც დაისის ხანაში არიან, ანუ ვარდნა აქვთ, კარგავენ პოპულარობას და ეშინიათ ამის დაკარგვის. ბუნებრივია, ძალაუფლებას რომ კარგავ, ფიქრობ, რომ რაღაც სერიოზული გეკარგება და ეს ყველაფერი არაჯანსაღ ვითარებას ქმნის - ეს ტრენდები, ეს პოლიტიკური დისკურსები, ეს იდეები, რომლებიც მოდის, აცდენილია ლოგიკას.
მე არ მგონია, ვინმე თავს კომფორტულად გრძნობდეს ამ პოლიტიკური ძალის შიგნით, მით უფრო ის, ვინც მაღალ თანამდებობაზეა. ბატონი ივანიშვილი არავის არ ინდობს, ვინც მის გარშემოა და ვხედავთ, რომ მისი ერთგული გარემოცვის მნიშვნელოვანი ნაწილი საკმაოდ სერიოზული ბრალდებით დღეს ციხეშია. ამას ჩვენ ისე არ აღვიქვამთ, თითქოს რაღაც ანტი-კორუფციული პროცესია, მართლმსაჯულება მუშაობს და სამართალმა პური ჭამა. ეს არის შერჩევითი სამართალი და როდესაც დასჭირდებათ, ვიღაცას იჭერენ.
ეს არ არის სამართლებრივი სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი პროცესები, ეს არის ერთ პიროვნებაზე დამოკიდებული სახელმწიფო სისტემისთვის დამახასიათებელი პროცესები., ამიტომ, ლოგიკა მარტივია - ლიდერს თუ მოსწონხარ, კარგად ხარ, არ მოსწონხარ და ცუდად ხარ“, - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.
ანალიტიკოსმა ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი დაპირისპირებები საზოგადოებაში იმ ნდობის ნაპერწკალს აქრობს, რომელიც დიდხნიანი უნდობლობის შემდეგ გაუჩნდა ოპოზიციის მიმართ.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ასეთი სისტემის პირობებში აუცილებელია ძლიერი ოპოზიციური ძალის არსებობა. ძლიერი ოპოზიციური ძალა შეიძლება იყოს ერთი პარტია ან პარტიათა გაერთიანება. როდესაც ვამბობთ, რომ ერთიანობა არის მნიშვნელოვანი, ეს ნიშნავს იმას, რომ ერთმანეთს არ უნდა ძირავდნენ, ერთმანეთს არ უნდა აგინებდნენ, არ უნდა ლანძღავდნენ, არ უნდა აბრალებდნენ მოღალატეობას და რაღაც საშინელებებს იმიტომ, რომ ეს მუშაობს ერთიანობის წინააღმდეგ.
ბოლო დიდი მანიფესტაცია, რომელიც ქვეყანაში ჩატარდა, ოპოზიციური გაერთიანების ეგიდით იყო. როგორც იქნა, საზოგადოებამ მხარდაჭერა გამოუცხადა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და ცოტა ხანში იწყება ყველაზე გამორჩეულ ლიდერებს შორის დაპირისპირება და ამაზე უარესი რაღა უნდა უთხრან ერთმანეთს? საბოლოო ჯამში, ეს ხომ ენთუზიაზმს, იმ რაღაც ნაპერწკალს აქრობს, რომელიც საზოგადოებაში გაჩნდა?
რატომ უპირისპირდებიან ერთმანეთს? ამას შეიძლება რაღაც ახსნა ჰქონდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ჩვენ ხომ დავინახეთ, რომ ასეთი ტიპის მოქმედებები მარცხდება უკვე წლებია. ვხედავთ, რომ ეს დაპირისპირება კი არ აძლიერებს რომელიმე ფლანგს, პირიქით, ეს იწვევს გაუთავებელ ფრუსტრაციას.
იმის გამო, რომ ახალი კურსის, ახალი პოლიტიკური ძალის პერსპექტივას ვერ ხედავენ ქვეყანაში, ადამიანები ნებდებიან, განსაკუთრებით ახალგაზრდები და შემდეგ გარბიან ამ ქვეყნიდან.
ოპოზიციური სპექტრის ნაწილი, სამწუხაროდ, ძნელად იცვლება. მე ვერ წარმომიდგენია, რომ მათ შეცვალონ თავიანთი ქცევის წესები და თავიანთი დამოკიდებულებები პოლიტიკაში. როგორც ჩანს, კიდევ დამატებითი ძალისხმევა სჭირდება ქართულ საზოგადოებას იმ გაგებით, რომ ამ პოლიტიკურ ელიტებში კიდევ ახალი სახეები გამოჩნდეს ან ახალი კონფიგურაციები შეიქმნას, თუნდაც ის ძველები რომ რაღაცნაირად გადაეწყონ, თუმცა, ძალიან რთული ამოცანაა. ერთია, რომ სურვილი გქონდეს და მეორეა, გაქვს თუ არა ამის შესაძლებლობა“, - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.