ლევან ცუცქირიძე - რანაირი გროსმაისტერი გამოდის ივანიშვილი? აირჩია მარგველაშვილი და არ ვარგოდა ეს კაციო, ზურაბიშვილიც შემეშალაო, ღარიბაშვილი ციხეში ზის მილიონების მოპარვისთვის და ეს არის გროსმაისტერობა?

რანაირი გროსმაისტერი გამოდის თუ ყველა ატყუებს? აირჩია მარგველაშვილი და თქვა შემეშალა მომატყუეს, არ ვარგოდა ეს კაციო. ზურაბიშვილის სარეკლამო ბანერზე კობახიძე, ივანიშვილი და ღარიბაშვილი იყო და ესეც შემეშალაო. პრემიერი იყო ღარიბაშვილი, რომელიც წარმოგვიდგინეს ერის გადამრჩენელად და ახლა ციხეში ზის მილიონების მოპარვისთვის. თურმე, ახლა კობახიძე ატყუებს და რანაირი გროსმაისტერი გამოდის. ეს არის გროსმაისტერობა? ეს არის უცოდინარობა,- ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა "დღის ნიუსრუმში" „თავისუფლების მოედნის“ ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის ბრიფინგს, სადაც მან „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეზე, ბიძინა ივანიშვილზე ისაუბრა.

კითხვაზე, რამდენად იზიარებს გამოთქმულ მოსაზრებას, რომ კობახიძესაც „შეუდგა წყალი“ ცუცქირიძე აღნიშნავს, რომ ეს არაფერს შეცვლის.

„შეუდგა წყალი კობახიძეს“, აი, დარდი. ეს არაფერს ცვლის. რანაირი გროსმაისტერი გამოდის თუ ყველა ატყუებს? აირჩია მარგველაშვილი და თქვა შემეშალა მომატყუეს, არ ვარგოდა ეს კაციო. ზურაბიშვილის სარეკლამო ბანერზე კობახიძე, ივანიშვილი და ღარიბაშვილი იყო და ესეც შემეშალაო. პრემიერი იყო ღარიბაშვილი, რომელიც წარმოგვიდგინეს ერის გადამრჩენელად და ახლა ციხეში ზის მილიონების მოპარვისთვის. თურმე, ახლა კობახიძე ატყუებს და რანაირი გროსმაისტერი გამოდის. კაცი, რომელსაც ყველა მთავარი გადაწყვეტილება შეეშალა, რომლის ნახევარი მთავრობა არის სანქცირებული, ეს არის გროსმაისტერობა? ეს არის უცოდინარობა. ერთადერთი რაზეც კიდია ახლა „ქართული ოცნება“, ეს არის მათი ძალადობის მყიფე ინსტიტუტები. გუშინ წინ დავბრუნდი 10-დღიანი ტურიდან, კახეთიდან, ფიზიკურად ძალა სადამდეც გვეყო არ გავჩერებულვართ, იმდენ ადამიანს შევხვდი. ვეპატიჟები კობახიძეს, მდიდრულ სტუდიებში კი ნუ სხედან ჟურნალისტებთან ერთად და ვითომ დებატობენ, წამომყვნენ სოფლის ბირჟებზე და ბავშვს ჩახედონ თვალებში. იმას ელაპარაკონ რა კარგია ცხოვრება, რომელსაც სკოლიდან აგდებდნენ, რადგან დაწერა, წინ ევროპისკენ, 85 წლის მწვანილის გამყიდველ ქალს დაელაპარაკონ, როგორ მდიდრდება ეს ქვეყანა, რომელიც თაკარა მზის ქვეშ იჯდა“,- განაცხადა ცუცქირიძემ.

მისივე თქმით, ირაკლი კობახიძემ, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილის რეკორდი მოხსნა, მოკლე დროში ბიძინა ივანიშვილისთვის ბევრი მადლობის გადახდის.

„ალბათ, ეს რეკორდი რამდენჯერმე სხვების მიერაც მოიხსნება. ეს ადამიანები ცდილობენ ერთმანეთს აჯობონ ივანიშვილისადმი ერთგულების დამტკიცებაში. ისინი საქართველოსთვის კი არ ცდილობენ ერთგულების დამტკიცებას, ივანიშვილისთვის ცდილობენ“- განაცხადა ცუცქირიძემ.

რაც შეეხება მოქალაქეების განწყობას, როგორც ცუცქირიძემ აღნიშნა, ცვლილებების აუცილებლობას ხედავენ „ქართული ოცნების“ მომხრეებიც კი.

„პრაქტიკულად, მთელი წელია არ გავჩერებულვართ სხვადასხვა სოფელსა და ქალაქში ვართ. ცვლილებების აუცილებლობა ყველგან ჩანს. ცხოვრება კარგი არავისთვის არის, თუ არ ხარ „ქართული ოცნების“ კორუმპირებული ელიტის წევრი და არ იპარავ ფულს. რაც არ უნდა ისაუბრონ დიდი მადლობა გროსმაისტერს, ცხოვრება ყველასთვის მძიმდება. ასევე, არის განახლების მოთხოვნა. ჩვენი კამპანიის ამოცანაა, საზოგადოება დავარწმუნოთ, რომ პოლიტიკა არ არის მხოლოდ წარუმატებელი ფარისევლების თავშესაფარი. უნდობლობა პოლიტიკოსების და პოლიტიკური პარტიების მიმართ არსებობს, ეს უნდა ვაღიაროთ“,- განაცხადა ცუცქირიძემ.

გარდა ამისა, მან „ოპოზიციურ ალიანსში“ მიმდინარე დაპირისპირებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არ მოსწონს ის ვითარება, რაც არის.

„თავისუფლების მოედნისთვის“ ალიანსი არის მრავალპარტიული შეთანხმება ქცევის წესებსა და ზოგად პრინციპებზე. რა თქმა უნდა, მე არ მომწონს ის ვითარება, რაც არის. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ფოკუსირებული ვიყოთ საზოგადოების პრობლემების კიდევ უფრო გამოვლენაზე, ამ პრობლემებში „ქართული ოცნების“ ბრალის კიდევ უფრო კარგად ჩვენებასა და რწმენის აღდგენაზე, არსებობს კამათი და დისკუსია ზოგიერთ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას შორის. პარტიებს შორის განსხვავებები ბუნებრივია. ჩვენ, „თავისუფლების მოედანი“ მოწოდებული ვართ, რომ თუ საჭიროა ამ ალიანსში ქცევის წესები და ნორმები, რომლებზეც გვაქვს ხელი მოწერილი დაიხვეწოს, გაუმჯობესდეს, რომ მსგავსი რამ მომავალში ნაკლებად მოხდეს. ალიანსი არათუ დასუსტდეს და შემცირდეს, არამედ სხვა ჯგუფებიც შემოუერთდეს მას.

ჩვენ ახლა დავბრუნდით. იმდენად დატვირთული შეხვედრები გვქონდა, 1600 კმ გავიარე მარტო მე 10 დღეში. დღეში, საშუალოდ, 160 კმ-ს გავდიოდით. ამ დისკუსიებს ვერ მივადევნე თვალი, ახლა ვადევნებ თვალს ამბებს. ჩვენ შევთავაზებთ შეხვედრებს კოლეგებს, ვისაუბრებთ, როგორ შეიძლება უკეთ ვუპასუხოთ იმას, რაც დღეს საზოგადოებას სჭირდება“,- განაცხადა ცუცქირიძემ.

კითხვაზე, ხედავს თუ არა „ოპოზიციური ალიანსის“ შერიგების შანსს და მოსალოდნელია თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ გარიცხვა, ცუცქირიძე აცხადებს, რომ კოლეგებს მომდევნო დღეებში შეხვდება და აღნიშნულ საკითხზეც ისაუბრებენ.

„მე ჯერ არ მქონია შეხვედრა კოლეგებთან. გვექნება ამ დღეებში და ვნახავთ, რას ფიქრობენ ამ საკითხზე. სამუშაო საუბარი გვექნება. ჩემი მთავარი ენერგია მიმართულია იმისკენ, რომ მიუხედავად იმ ყველაფრისა, რაც ახლა ხდება, საზოგადოებამ დაინახოს რომ ცვლილებები აუცილებელია და ამ ცვლილებებში შეიძლება იყვნენ ადამიანები, რომლებსაც შეიძლება ენდო. „თავისუფლების მოედნის“ ენერგიის 90% იხარჯება საქართველოს მოქალაქეებთან შეხვედრებზე. არ გვაქვს ფუფუნება ბევრი საერთაშორისო მოგზაურობის, ბევრი სხვა რაღაცის კეთების. რაც შეგვიძლია, ეს არის მოქალაქეებთან საუბარი. სანამ მომდევნო დღეები თბილისში ვიქნებით, ამ დროის ნაწილს დავუთმობ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს ურთიერთობები ალიანსის შიგნით, სამუშაო პროცესი უკეთესი ხარისხის გახდეს. პოლიტიკურ პარტიებს, პოლიტიკოსებს, განსხვავებები ყოველთვის გვექნება. უნდა მოვახერხოთ, ეს განსხვავებები სიძლიერედ ვაქციოთ. თუნდაც, საკამათო გვქონდეს, ცივილური ფორმით გამოვხატოთ, შეურაცხყოფის გარეშე.

რაც შეეხება იმას, თუ რა ნაბიჯები იქნება გადადგმული ალიანსის მიერ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ეს საკითხები, რაც პრობლემურია რა ფორმით და როგორ მოგვარდება. ჩვენ, „თავისუფლების მოედანი“ ვემზადებით შემდეგი კამპანიისთვის, რომელსაც დასავლეთ საქართველოში გავაგრძელებთ“,- განაცხადა ცუცქირიძემ.

კითხვაზე, 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებიან, თუ რიგგარეშე არჩევნებისთვის, ცუცქირიძე აღნიშნავს: „ვფიქრობ [რიგგარეშე არჩევნები] შესაძლებელია. „თავისუფლების მოედანი“ ვემზადებით ყველა დემოკრატიული შესაძლებლობისთვის, რომელიც შეიძლება გაიხსნას ქართული საზოგადოების წინაშე“.

სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანის პარტიამ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება ვერ შეძლო, მაგრამ გაიმარჯვა, მთავრობის დაკომპლექტებისა და ევროპასთან ინტეგრაციული პროცესის გაგრძელების შესაძლებლობა ექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2026
m² განვითარების ახალ ეტაპზე გადადის - კომპანია საქმიანობას ახალი სტრატეგიითა და გრძელვადიანი განვითარების ხედვით განაგრძობს
X2 Development-ი - „სახლი, ზრუნვით აშენებული“
სოკარმა Italiana Petroli-ს შეძენის პროცესი დაასრულა
სილქ+ ახალ პაკეტებში ყველაზე პოპულარული მობილური პირობები გაერთიანდა
მსოფლიოში პირველი Rotana-ს მთის კურორტი გუდაურში აშენდება