პროკურატურა - კიბერდანაშაულისა და კრიპტოვალუტის გათეთრების ბრალდებით, დაკავებული არიან ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, რომლებმაც რამდენიმე ასეული მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტის გათეთრებაში მიიღეს მონაწილეობა

კიბერდანაშაულისა და კრიპტოვალუტის გათეთრების ბრალდებით, დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე, რომლებმაც რამდენიმე ასეული მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტის გათეთრებაში მიიღეს მონაწილეობა, - ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილემ, ბექა კვიციანმა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საქართველოს პროკურატურის, ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის და პოლონეთის რესპუბლიკის კიბერდანაშაულთან ბრძოლის ცენტრალური ბიუროს წარმომადგენლების ერთობლივი ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კვიციანმა განაცხადა, დანაშაულებრივი ჯგუფი ასევე მართავდა კიბერკრიმინალურ ფორუმს დასახელებით „Dark2Web“, რომელიც გამოიყენებოდა უკანონო სერვისების რეკლამირებისა და მსოფლიოს მასშტაბით კიბერკრიმინალების ერთმანეთთან დასაკავშირებლად.

„საქართველოს პროკურატურის, ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის, პოლონეთის რესპუბლიკის კიბერდანაშაულთან ბრძოლის ცენტრალური ბიუროსა და ლოძის საოლქო პროკურატურის, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურების თანამშრომლებმა საქართველოში ფართომასშტაბიანი ღონისძიება ჩაატარეს.

სპეციალურ ღონისძიებაში, რომელიც ევროჯასტის და ევროპოლის მხარდაჭერით საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მომზადდა, ამერიკის შეერთებული შტატების, პოლონეთის რესპუბლიკის და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების 100-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა და საგამოძიებო მოქმედებები საქართველოს ტერიტორიაზე ათეულობით ლოკაციაზე ჩატარდა.

ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა ფიზიკური პირების, მათი საცხოვრებელი სახლების, ავტომანქანების და სამუშაო ადგილების ჩხრეკა. შედეგად ამოღებულია გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ელექტრონული მტკიცებულებები და დოკუმენტაცია. ამავდროულად, ყადაღა დაედო სავარაუდოდ, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით შეძენილ 173 ერთეულ სატრანსპორტო საშუალებას, ძვირადღირებულ უძრავ ქონებებს და საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ თანხებს.

ერთობლივი ოპერაციის ფარგლებში, 10 ივნისს, აჭარის ტერიტორიაზე დავაკავეთ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები - უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე გამოძიებებით დადგენილია, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი - ფსევდონიმით „AudiA6“, რომელიც 2022 წლიდან ფუნქციონირებდა, ინტერნეტსივრცეში კიბერდამნაშავეების და სხვა კრიმინალებისთვის უზრუნველყოფდა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული კრიპტოვალუტის გათეთრებას - დანაშაულის კვალის სამართალდამცავებისგან დაფარვას, რაშიც იღებდნენ სოლიდურ სარგებელს. 2022-2025 წლებში, უკანონო საქმიანობის ფარგლებში, „AudiA6“-ის წევრების მიერ გათეთრებულია რამდენიმე ასეული მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა.

გარდა აღნიშნულისა, დანაშაულებრივი ჯგუფი ასევე, მართავდა კიბერკრიმინალურ ფორუმს დასახელებით „Dark2Web“, რომელიც გამოიყენებოდა უკანონო სერვისების რეკლამირებისა და მსოფლიოს მასშტაბით კიბერკრიმინალების ერთმანეთთან დასაკავშირებლად.

ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა საქართველოს პროკურატურისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და უწყებას ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის კარგი გამოცდილება აქვს.

საქართველოს პროკურატურა მადლობას უხდის მაღალპროფესიონალურად და წარმატებით ჩატარებული ღონისძიებისთვის საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს. ასევე აღნიშნული ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში გაწეული დახმარებისთვის ევროჯასტის და ევროპოლის წარმომადგენლებს.

საქართველოს პროკურატურა, ადასტურებს საკუთარ პატივისცემას ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის, პოლონეთის რესპუბლიკის კიბერდანაშაულთან ბრძოლის ცენტრალური ბიუროსა და ლოძის პროკურატურის წარმომადგენლების მიმართ და კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ეფექტიანი თანამშრომლობისთვის”, - განაცხადა კვიციანმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები
m² განვითარების ახალ ეტაპზე გადადის - კომპანია საქმიანობას ახალი სტრატეგიითა და გრძელვადიანი განვითარების ხედვით განაგრძობს
X2 Development-ი - „სახლი, ზრუნვით აშენებული“