თეიმურაზ პაპასქირი - ჩინეთთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპზე გადასვლა არის აშშ-ს მოწოდებაზე „ქართული ოცნების“ პასუხი: „ჩვენ არ ვაპირებთ თქვენთან ურთიერთობას, ჩინეთი გვირჩევნია“

საკითხავია, რამდენად არის ეს მომგებიანი - რუსეთის სტრატეგიულ მოკავშირესთან სტრატეგიული მოკავშირეობის გაფორმება, ფაქტობრივად, რუსეთთან მოკავშირეობაც გამოდის, - ამის შესახებ “პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა თეიმურაზ პაპასქირმა, საქართველოს მიერ ჩინეთთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ჩინეთთან ურთიერთობები ვერაფრით ჩაანაცვლებს საქართველოს ურთიერთობებს ევროკავშირსა და აშშ-სთან.

„ჩვეულებრივ ცუდი არაფერია ხოლმე სტრატეგიული ხელშეკრულების გაფორმებაში, რადგანაც რაც მეტი სტრატეგიული მოკავშირე გყავს, მით უკეთესია საერთაშორისო პოლიტიკაში, მაგრამ ახლა სხვა ვითარებაში ვართ. სტრატეგიული მოკავშირეობის შესახებ ხელშეკრულება გაუქმებულია აშშ-სთან, ფაქტობრივად შეჩერებულია. ევროკავშირთან გვაქვს ძალიან მძიმე ვითარება. ასეთ პირობებში ფორმდება ხელშეკრულება ჩინეთთან, რომელიც რეალურად რამდენად არის მოკავშირე ისიც საკითხავია, რადგანაც არც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს, ისე როგორც უჭერს ჩვეულებრივ აშშ და ევროკავშირი. ჩინეთი მუდმივად თავს იკავებს დევნილების შესახებ გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერისაგან, აფხაზეთში დევნილების დაბრუნებასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, უკვე საკითხავია რამდენად არის ეს მომგებიანი.

ვისი სტრატეგიული მოკავშირეა დღეს ჩინეთი? არის სტრატეგიული მოკავშირე რუსეთის და ირანის. ამ კამპანიაში მოხვედრა მაინცდამაინც სასურველი არასდროსაა. პლუს ამას, რუსეთი არის ჩვენი მტერი. ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორია. აქედან გამომდინარე, რუსეთის სტრატეგიულ მოკავშირესთან სტრატეგიული მოკავშირეობის გაფორმება, ფაქტობრივად რუსეთთან მოკავშირეობაც გამოდის.

რთულია, რით შეიძლება დააინტერესო ჩინეთი და რა შეიძლება იყოს ჩინეთის ინტერესი შენს ქვეყანაში. ვიცით, რომ ჩინეთი სხვადასხვა რეგიონში დაინტერესებულია ხოლმე გარკვეული ფინანსური გარიგებებით, რომელიც ძალიან მძიმედ სრულდება იმ ქვეყნებისთვის, ვისთანაც ჩინეთი აფორმებს ასეთ ხელშეკრულებებს. პირველ რიგში, აფრიკის ქვეყნებზე გვაქვს საუბარი, სადაც მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა რამდენიმე ქვეყანა ჩინეთის ასეთი ფინანსური პოლიტიკის წყალობით.

ჩინეთთან ურთიერთობები ვერაფრით ჩაანაცვლებს საქართველოს ურთიერთობებს ევროკავშირთან. რადგანაც ევროკავშირი და ევროპა არის ის პარტნიორი, რომელიც ყველაზე მეტად ახლოსაა და ჩვენი მოსახლეობისთვის ყველაზე ახლოსაა თავისი ცხოვრების სტილით თუ მენტალობით. ამერიკის შეერთებული შტატებიც ამ მხრივ ასევე ახლოსაა, უბრალოდ უფრო შორია გეოგრაფიულად. მთავარი აქ ისაა, რომ აშშ ჩინეთს განიხილავს თავის სტრატეგიულ ოპონენტად და შესაბამისად, მასთან კავშირის გაფორმება, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ჩინეთის კიდევ ერთ მოკავშირე ირანსა და აშშ-ს შორის დღეს ფაქტობრივად, გამოუცხადებელი ომი მიმდინარეობს, შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ ეს არც თუ შორსმჭვრეტელი ნაბიჯია და არც არაფრის მომტანი, იმიტომ, რომ ჩინეთი ვერაფრით ჩაანაცვლებს აშშ-სა და ევროპას. მგონი ეს პასუხი იყო რეალურად, რომ „ჩვენ არ ვაპირებთ თქვენთან ურთიერთობას, ჩვენ ჩინეთი გვირჩევნია“. „ქართულ ოცნებას“ რაც სჭირს არის ის, რომ უნდა იყოს დიქტატორი, ბოლომდე ვერ ახერხებს ამას და სურს მოეპყრონ ისე, როგორც დიქტატორულ რეჟიმებს ეპყრობიან, არ მოხდება ასე“, - განაცხადა პაპასქირმა.

გარდა ამისა, გადაცემაში სტუმრობისას მან ბრიუსელში ვიზალიბერალიზაციის საკითხზე დღეს დაგეგმილ შეხვედრაზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ვიზალიბერალიზაციის შეჩერება აწყობს მხოლოდ „ქართულ ოცნებას“.

„თუ ვინმე რამეს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობას შეუჩერდეს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, ეს არის „ქართული ოცნება“ მთელი თავისი უკანასკნელი წლების პოლიტიკით, რომელიც არის ერთდროულად ანტიევროპული და ანტიქართული. „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენ აღმოვჩნდეთ რუსულ ბანაკში და რუსეთის მოკავშირეებში.

როცა შენ არ ასრულებ ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მაშინ ეს დღის წესრიგში აუცილებლად დადგება განურჩევლად იმისა, თუ ვის რა ურთიერთობა აქვს ბრიუსელთან. საქართველოში ვიზალიბერალიზაციის შეჩერება აწყობს დღეს მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა პაპასქირმა.

კიდევ ერთი საკითხი, რასაც პოლიტიკოსი შეეხო, ოპოზიციურ ალიანში არსებული მდგომარეობაა. მისი თქმით, ამ დროისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის შემადგენლობაში რჩება.

„არის თუ არა ალიანსის ნაწილი, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტი. აქტიურობა მათ ნაკლებად ჰქონდათ. 26 მაისის აქციის მზადებაში მცირე როლი ითამაშეს, თუმცა ბოლო მომენტში მაინც მხარი დაუჭირეს ერთობას. ამ მომენტისთვის ისინი ალიანსის წევრები არიან, მაგრამ იქნებიან თუ არა მათი გადასაწყვეტია. ვიცით, რომ მაინცდამაინც აქტიურად არ იღებენ მონაწილეობას შეხვედრებში. გარიცხვა - ასეთი რამ ალიანსის შიგნით არ არსებობს. მე ვფიქრობ, მათთვისაც მომგებიანია, რომ იყვნენ ალიანსის წევრები“, - განაცხადა პაპასქირმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები
m² განვითარების ახალ ეტაპზე გადადის - კომპანია საქმიანობას ახალი სტრატეგიითა და გრძელვადიანი განვითარების ხედვით განაგრძობს
X2 Development-ი - „სახლი, ზრუნვით აშენებული“