ირანის ელჩი გულბაათ რცხილაძეზე - მედიაში გაიჟღერა, თითქოს ერთ-ერთი ქვეყანა იყო ირანი, რის საფუძველზე ითქვა, რაიმე მტკიცებულებები წარმოადგინეს? - ნებისმიერი ადამიანის დაკავება ჩვენთან კავშირში ვერ იქნება, რადგან ეს ქვეყნის შიდა საქმეა

არასდროს ვიკადრებ იმას, რომ ზოგიერთი სხვა ქვეყნის ელჩის მსგავსად, საქართველოს შიდა საკითხებში ჩავერიო,- ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა საქართველოში სეიედ ალი მოუჯანმა ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გულბაათ რცხილაძის საქმესთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გულბაათ რცხილაძე ირანის საელჩოში ერთხელ იყო პრესკონფერენციაზე მისული.

„ჩვენ მასთან ძალიან გახსნილი ურთიერთობა გვქონდა. არაფერი დაფარული არ იყო. ორი, სამი კვირის წინ გულბაათი კითხვას უსვამდა მინაბის სკოლაში დაღუპული ერთ-ერთი მოსწავლის მშობელს. ჩვენ ყველა ექსპერტთან, მკვლევართან გვაქვს ურთიერთობა, ვინც რეგიონის პრობლემატიკაზე და ზოგადად, საზოგადოებრივ საკითხებზე მუშაობს. არ აქვს მნიშვნელობა, გულბაათი ერქმევა მას თუ ზაზა. ჩვენ ყველა ექსპერტის, მკვლევრის ანალიტიკურ ნაშრომს ვეცნობით. შესაბამისად, მათ მოსაზრებებს ვუსმენთ და რჩევებსაც ვითვალისწინებთ.

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში უსაფრთხო გარემო პირდაპირ აისახება ირანის უსაფრთხოებაზე, ქართველი ანალიტიკოსების მოსაზრებები ჩვენთვის მნიშვნელოვანია და მათ მოსაზრებას თეირანს გადავცემთ. არასდროს ვიკადრებ იმას, რომ ზოგიერთი სხვა ქვეყნის ელჩის მსგავსად, საქართველოს შიდა საკითხებში ჩავერიო. ნებისმიერი ადამიანის დაკავება ჩვენთან ვერანაირ კავშირში ვერ იქნება იმიტომ, რომ ეს ქვეყნის შიდა საქმეა. მედიაში გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ თითქოს ერთ-ერთი ქვეყანა იყო ირანი, რის საფუძველზე ითქვა, რომ ირანია? დოკუმენტაცია იყო, რაიმე მტკიცებულებები წარმოადგინეს? სასურველია შესაბამის უწყებებს მიმართოთ ამ კითხვით. მე საქართველოს შიდა საქმეებში ვერ ჩავერევი და კომენტარს ვერ გავაკეთებ. ის ერთხელ იყო საელჩოში მოსული მსგავს პრესკონფერენციაზე და ერთხელ მე ვიყავი მასთან მიწვეული, კონფერენცია ჰქონდა. ერთ-ერთ პანელურ სხდომაზე საკითხი ეხებოდა ირანს, სადაც გავაკეთე მოხსენება ირანში მიმდინარე პროცესების შესახებ. ზოგი ექსპერტი გვყავდა მოწვეული, ვახშმით გავუმასპინძლდი, მაგრამ გულბაათთან არანაირი ვახშამი არ გვქონია“,-განაცხადა ირანის ელჩმა.

მისი თქმით, დიპლომატების მოვალეობა არ არის ის, რომ ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები გააკეთოს და ამ განცხადებებით ხელყოს ქვეყნის სუვერენიტეტი ან ტერიტორიული მთლიანობა.

ცნობისთვის, გულბაათ რცხილაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით 30 მაისს დააკავა. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯაშუშობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებულს ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურთან კავშირს ედავებიან. კერძოდ, გამოძიების მიხედვით, ბრალდებული ერთდროულად თანამშრომლობდა ორი უცხო სახელმწიფოს სპეციალურ სამსახურთან და ახორციელებდა პარალელურ სადაზვერვო საქმიანობას.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა