მარკეტა გრეგოროვა - საქართველოში „ქართული ოცნების“ უზენაესობაა და არა კანონის, ეს არ არის ქვეყანა, რომელიც იმსახურებს კანდიდატის სტატუსს - ანგარიში მოქალაქეებისადმი კრიტიკული არ არის, მაგრამ ისინი ცხოვრობენ საქართველოში და მათაც მოუწევთ ცვლილებების გადატანა

ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვას განცხადებით, საქართველოში „დემოკრატიული უკუსვლისა“ და „რეპრესიული რეჟიმის“ გამო, ევროპარლამენტის ანგარიში, რომელიც შემდეგ კვირაში განიხილება, კრიტიკული იქნება.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ მარკეტა გრეგოროვამ განუცხადა, ყოველწლიური ანგარიში "ძალიან კრიტიკული" იქნება მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მიმართ.

მარკეტა გრეგოროვას თქმით, ქვეყანაში „ქართული ოცნების“ და არა კანონის უზენაესობაა, რის გამოც დღის წესრიგში მიზნობრივი სანქციების დაწესება დგება. ის იმედოვნებს, რომ სანქციების წინსვლას აღარავინ დაბლოკავს.

გრეგოროვას თქმით, ანგარიშში კრიტიკა საქართველოს მოქალაქეებს არ ეხება, არამედ საქართველოს მთავრობაზე და მათ „რეპრესიულ რეჟიმზეა“.

“შემდეგ კვირას სტრასბურგში პლენარული სხდომა გვექნება და წლიური ანგარიში იქნება საქართველოზე. ცოტა ხნის წინ რეზოლუციები გვქონდა, მაგრამ ეს მთელი წლის შეფასებაა, თუ რა ხდებოდა საქართველოსთან დაკავშირებით.

იმისდა მიუხედავად, რომ შესწორებების მხრივ საბოლოო ფორმით არ არის [ანგარიში] , უკვე შემიძლია გითხრათ, რომ ის ძალიან კრიტიკულია საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებით, ვინაიდან, უფრო მეტი რეპრესიებია განსაკუთრებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ. პრაქტიკულად აღარ არსებობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც კომენტარს გააკეთებენ პოლიტიკურ საკითხებზე.

დამოუკიდებელი მედიისთვის უკიდურესად რთული ვითარებაა. მათ უმეტესობას ასევე მოუწია [ქვეყნის] დატოვება. ეს დემოკრატიული ქვეყანა არ არის, ყველამ ვიცით ეს. და ეს არ არის ქვეყანა, რომელიც რაიმე ფორმით იმსახურებს კანდიდატის სტატუსს ევროკავშირთან, ვინაიდან ევროკავშირში კანონის უზენაესობა გვაქვს და საქართველოში “ქართული ოცნების” უზენაესობაა და არა კანონის უზენაესობა. ასე რომ, სამწუხაროდ, სასიამოვნო არ იქნება.

რა თქმა უნდა, მიზნობრივი სანქციების მოწოდება იქნება, განსაკუთრებით მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობის ჩამდენების წინააღმდეგ, ვინაიდან ახლა, როდესაც უნგრეთმა მთავრობა შეცვალა, იმედი გვაქვს, რომ ორბანის მსგავსად არავინ არ დაბლოკავს სანქციებს და წინსვლა შეგვეძლება, რათა ამ მხრივ მაინც დავეხმაროთ საქართველოს მოქალაქეებს.

რა თქმა უნდა, ანგარიში საქართველოს მოქალაქეებისადმი კრიტიკული საერთოდ არ არის. ეს ყველაფერი საქართველოს მთავრობაზე და მათ რეპრესიულ რეჟიმზეა, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეები ჯერ კიდევ ცხოვრობენ საქართველოში და მათ ასევე, მოუწევთ ამ ცვლილებების გადატანა, როგორიცაა, კანდიდატის სტატუსის გაუქმება და ა.შ. მაგრამ ეს მათ არ ეხება. მათ მიიღეს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ მას მათ არ ართმევენ, რეჟიმს ართმევენ”, - განაცხადა გრეგოროვამ.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება