გიორგი კეკელიძე BTU-ს ქართული ენის სუვერენიტეტის პროექტის შესახებ - ზოსიმეს ტექსტის დამუშავების შემდეგ ქართული ჰაგიოგრაფია და ჰიმნოგრაფია იოლად დაუმეგობრდება ხელოვნურ ინტელექტს

BTU-მ ქართული ენის სუვერენტიტეტის პროექტი დაიწყო. პირველი ტექსტი, რომელიც ამ პროექტის ფარგლებში მუშავდება, გახლავთ იოანე ზოსიმეს „ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“.

„იოანე ზოსიმეს ჰიმნი სიმბოლოა ქართული ენის მარადიულობის, სიდიადის და მარადგანახლების. ხელოვნური ინტელექტისთვის ეს რთულად დასამუშევებელი ტექსტი იქნება, თუმცა მისი დამუშავების შემდეგ ქართული ჰაგიოგრაფია და ჰიმნოგრაფია უკვე იოლად დაუმეგობრდება ალგორითმებს და ეს მნიშვნელოვანი პრაქტიკული ნაბიჯია, გარდა იმისა, რომ სწორედ ამ ტექსტით დაწყება ღრმა სიმბოლურ ნიშანს ატარებს“, - ამ სიტყვებით აფასებს მწერალი და პროექტის ამბასადორი გიორგი კეკელიძე იმ უმნიშვნელოვანეს წამოწყებას, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ქართული ენის ციფრულ სივრცეში სწორად ინტეგრირებას ისახავს მიზნად.

საუკუნეების წინ დაწერილი იოანე ზოსიმეს ტექსტი, „ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“, დღეს სრულიად ახალ მნიშვნელობას იძენს და BTU-ს მასშტაბური პროექტის საწყისი წერტილი გახდა.

ინიციატივის მიზანია, ახალ ტექნოლოგიურ რეალობაში ქართულმა ენამ არ დაკარგოს თავისი აზრობრივი სიზუსტე, გრამატიკული ლოგიკა და კულტურული სიღრმე. პრობლემა ისაა, რომ AI-ს ქართულ ენასთან დასამეგობრებლად მხოლოდ ტექსტების დიდი რაოდენობით მიწოდება არ ჰყოფნის. ალგორითმს შეიძლება მივცეთ მილიონობით წინადადება, მაგრამ თუ მან ვერ დაინახა, როგორ მუშაობს ქართული ზმნა, ბრუნვა, ზმნისწინი, ნაგულისხმევი ობიექტი, იდიომი და კონტექსტი, ის ენას მხოლოდ ზედაპირულად დაამუშავებს. ქართული სტრუქტურულად განსაკუთრებით რთული ფენომენია ხელოვნური ინტელექტისთვის. მაგალითად, ზმნის ერთმა ფორმამ შეიძლება დაიტიოს უზარმაზარი ინფორმაცია, რომელშიც ერთდროულად ჩანს მოქმედი პირი, ადრესატი, მესამე შემსრულებელი, მიმართულება, მიზეზობრივობა და პირობითობა. სხვა ენაზე ამ აზრის სრულყოფილად გადმოსაცემად შესაძლოა მთელი წინადადება გახდეს საჭირო.

ენის აღნიშნული სპეფიციკიდან გამომდინარე ალგორითმმა შინაარსი სრულად რომ გაიგოს, აუცილებელია არა უბრალოდ ლექსიკონი, არამედ ენის შიდა კოდის დეტალური ანალიზი. სწორედ აქ ჩნდება ზოსიმეს ტექსტის მნიშვნელობა და უნიკალურობაც. ის მიგვანიშნებს, რომ ქართული ენის ღრმა მნიშვნელობა გარედან კი არ უნდა აიხსნას, არამედ თავად ქართული ენის შიგნით უნდა მოიძებნოს. ეს ნიშნავს, რომ თუ ქართული ენის ძალა მის შიდა სტრუქტურაშია, მაშინ XXI საუკუნეში ეს სტრუქტურა უნდა აღიწეროს, დაიშალოს, გაიზომოს და AI-სთვის გასაგებ ფორმად გადაიქცეს.

უნივერსიტეტის მიერ დაწყებული ეროვნული სამუშაო მოიცავს ზმნის ფორმების ანალიზს, წინადადებების ანოტაციას, იდიომური და ღირებულებითი ფრაზების კოდირებას, ბირთვული ცნებების სემანტიკურ რუკასა და AI შეცდომების ტიპოლოგიის შესწავლას.

როგორც პროექტის ავტორები განმარტავენ, ქართული ენის ციფრული სუვერენიტეტი ნიშნავს, რომ ჩვენი ენა არ უნდა დარჩეს უცხოენოვანი მოდელების ზედაპირულ დამუშავებაზე დამოკიდებული. ზოსიმემ საუკუნეების წინ დასვა დიდი კულტურული კითხვა იმის შესახებ, თუ რა ინახება ქართულ ენაში, დღეს კი ეს პროექტი ამ კითხვას თანამედროვე ტექნოლოგიურ ენაზე აგრძელებს და ალგორითმებისთვის გასაგებ პასუხს თავად ამზადებს. შესაბამისად, ზოსიმეს ტექსტი დღეს არა მხოლოდ ეროვნულ ისტორიულ საგანძურად, არამედ ქართული ენის ციფრული მომავლის ერთ-ერთ პირველ და უმთავრეს გასაღებად უნდა ჩაითვალოს.

(R)

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა