გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული მიკრობიოლოგიური მონიტორინგის შედეგებით, საქართველოს შავი ზღვის სანაპირო წყლებში ძირითადი მიკრობიოლოგიური პარამეტრები სანიტარიული ნორმების ფარგლებშია.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.
„გარემოს ეროვნული სააგენტო უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს. ჰიდრო ბიოლოგიური და ქიმიური პარამეტრები ყოველთვიურად 14 წერტილში ისაზღვრება, მათ შორის, მძიმე მეტალები, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია. 2026 წლის მაისში იქნა შავი ზღვის წყლის ჰიდრო ბიოლოგიური და ქიმიური სინჯები შემდეგ ლოკაციებზე: გრიგოლეთი (2 სინჯი), მალთაყვა-ფოთი, ურეკი-მაგნეტიტი, ყვავილნარი, განმუხური, ანაკლია (2 სინჯი), მწვანე კონცხი, ბათუმის ნავსადგური, სარფი, ქობულეთი, ბობოყვათი და ჭოროხის შესართავიდან. განსაზღვრული კომპონენტების შემცველობა სინჯებში ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა. აღნიშნული კვლევები განხორციელდა ივნისის თვეშიც და ამ ეტაპზე აღებულ სინჯებში ტარდება შესაბამისი ანალიზები.
ასევე, გარემოს ეროვნული სააგენტო შავ ზღვაში ახორციელებს შავი ზღვის საქართველოს სანაპირო ზოლისა და კონტინენტური შელფის მონიტორინგს, მათ შორის მიკრობიოლოგიურ მონიტორინგს ყოველთვიურად, სარფი-ანაკლიის მონაკვეთის 10 სადგურზე, ხოლო ჰიდრობიოლოგიურ მონიტორინგს, სეზონურად, სარფი-ანაკლიის აკვატორიის 20-ზე მეტ სადგურზე. აღნიშნული მიმართულებებით ბოლო კვლევა, ასევე განხორციელდა მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისში. მონიტორინგის არეალი მოიცავდა როგორც ურეკი-განმუხურის, ისე აჭარის სანაპირო ზოლის მონაკვეთებს.
სააგენტოს მიერ ჩატარებული მიკრობიოლოგიური მონიტორინგის შედეგებით, საქართველოს შავი ზღვის სანაპირო წყლებში ძირითადი მიკრობიოლოგიური პარამეტრები სანიტარიული ნორმების ფარგლებშია”,- ნათქვამია სააგენტოს მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ მოწოდებულ ინფორმაციაში.