მხოლოდ ერთეულებმა შეძლეს ისეთი შედეგის დადება ევროპაში, რაც თქვენ გაქვთ და ეს ძალიან საამაყოა. ვერ ვიტყვი, რომ მშურს, იმიტომ, რომ სიტყვა არ მომწონს, მაგრამ ვისურვებდი, რომ მსგავსი წარმატება ყველა მიმართულებით ჰქონდეს ჩემს ქვეყანას, - ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
სერბეთის პრეზიდენტის თქმით, 2012 წლიდან დღემდე საქართველოს საოცარი შედეგები აქვს, მათ შორის ეკონომიკური განვითარების კუთხით. ვუჩიჩის თქმით, ევროპაში საუბრობენ, რომ დასავლეთ ევროპაში ეკონომიკური განვითარების ასეთი ტემპის ქონა კარგი იქნებოდა.
„დიპლომატიური ურთიერთობების მიღმა ჩვენს ქვეყნებს აქვთ განსაკუთრებული ურთიერთობა - მე ვარ პირველი პრეზიდენტი, რომელიც ჩამოვედი თქვენს მშვენიერ ქვეყანაში და მადლობას გიხდით ასეთი მშვენიერი მიღებისთვის და ასევე ურთიერთობისთვის. საქართველოს არა მხოლოდ როგორც მეგობარ ქვეყანას და ერს ისე ვუყურებთ, არამედ ხანგრძლივი მართლმადიდებლური ტრადიციები გვაქვს და ძალიან მიხარია, რომ მქონდა საშუალება, პატრიარქთან, შიო მესამესთან მქონდა ურთიერთობა. ჩვენი ძმური ორთოდოქსალური ურთიერთობა განსაკუთრებულია. ასევე მესმის რამდენად შორს მიმავალია თქვენი ხედვა. ჩვენ მეგობრები ვართ და ყოველთვის პატივს ვცემთ ერთმანეთს. ჩვენ ყოველთვის გვესმის ერთმანეთის, იმ პოლიტიკის, რასაც ვახორციელებთ ჩვენს ქვეყნებში. მიხარია სერბეთის შედეგები და ვამაყობ იმითაც, რასაც თქვენ მიაღწიეთ 2012 წლიდან დღემდე, საქართველომ საოცარი შედეგები იქონია. ამაზე ვსაუბრობ სერბეთის სახელით. ქვეყანა აღიარებს თქვენს მიღწევებს. ზოგი ამას აღიქვამს ისე, რომ თავისთავად უნდა მომხდარიყო ასე, მაგრამ ჩვენ ასე არ ვფიქრობთ. სერბეთში ყველამ იცის, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი პირველ კვარტალში იყო 9,3 პროცენტი. ჩვენ ვიცით, რომ ევროპას მსგავსი მაჩვენებელი არ აქვს და ჩვენც ვამაყობთ ამ თქვენი შედეგით. როდესაც პირველი კვარტალი დაჯამდება, ჩვენც ვნახავთ, რა მაჩვენებლით გაიზარდა, მაგრამ ჩვენ უკვე ვხედავთ საქართველოში რამხელა წინსვლაა და რა ტემპი აქვს საქართველოს განვითარებას. დასავლეთ ევროპაში ასეთი ტენდენცია რომ არსებობდეს, ასეთი ტემპი რომ იყოს ეკონომიკური განვითარების, საოცარი იქნებოდა. მე ვამაყობ იმით, რაც ხდება საქართველოში. ძალიან მიხარია თქვენი მიღწევები და ბევრს ვსწავლობთ თქვენგან. 12% იყო მშენებლობის სექტორში ზრდის მაჩვენებელი საქართველოში, ესეც განსაკუთრებული მაჩვენებელია, ტურიზმშიც ძალიან მაღალი იყო ზრდის მაჩვენებელი. ჩვენ ვხედავთ, სად შეიძლება ვისწავლოთ თქვენგან, რაზე უნდა ვიმუშაოთ სერბეთში უფრო მეტად, რომ თქვენს მაჩვენებლებს მივუახლოვდეთ. მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს ეროვნული პოზიციის, ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის დაცვის კუთხით ამხელა მიღწევისთვის. ძალიან ბევრი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც გაკვირდებათ, ძალიან ყურადღებით სწავლობს საქართველოში არსებულ მიდგომებს და ცდილობენ, რომ გაუმჯობესდნენ“, - განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, უახლოეს პერიოდში საქართველოსა და სერბეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გაფორმდება.
„პირველ კვარტალში 36,4% იყო ორმხრივი ვაჭრობის მიმართებით ზრდა. სერვისები, ტურიზმი, ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს წინსვლა იმიტომ, რომ პირდაპირი ფრენები არსებობს და ეს მაჩვენებელი იზრდება სერბი ტურისტების საფუძველზე. მე ვისურვებდი, რომ ბევრი ქართველი ტურისტი ჩამოდიოდეს სერბეთში. თბილისში ჩამოსვლა არის დიდი სიამოვნება და ველი, რომ ქართველი ბიზნესმენები ჩამოვლენ სერბეთში და ნახავენ იმ შესაძლებლობებს, რაც არის ქვეყანაში. ჩვენ ვისაუბრეთ ბევრ მიმართულებაზე, ხედვაც ძალიან დიდი გვაქვს და მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გვექნება საშუალება, რომ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გავაფორმოთ. ეს განსაკუთრებული აქცენტია ჩვენს ურთიერთობებში. ამის საფუძველზე მოხდება დაჩქარება ჩვენი ურთიერთობების ზრდის. ეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები არის ის საკითხი, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ და დაგვრჩა სულ მცირე, რომ დავასრულოთ ამაზე მოლაპარაკება და დავიწყოთ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ აქტიური ვაჭრობა ამ შეთანხმებით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოდან შემოდის კომერციული არხებით ძალიან ბევრი სერვისი. წარმოიდგინეთ, რამდენად გაიზრდება იმპორტი საქართველოდან ამ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმების შემდეგ. ჩვენი წვდომა იქნება შეუზღუდავი. მომხმარებლები სერბეთში დიდად ისარგებლებენ ასეთი მნიშვნელოვანი იმპორტით საქართველოდან. მწარმოებლებისთვის, მომხმარებლებისთვის ეს ორმაგად მნიშვნელოვანი იქნება. საქართველოში მალე გაიხსნება სერბეთის საელჩო და ძალიან მიხარია, რომ მსგავსი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, იმედია სერბეთში საქართველოს საელჩოს გასახსნელადაც იქნება გადაწყვეტილება მიღებული და ამით მხარს დაუჭერთ ჩვენს ურთიერთობებს, მათ განვითარებას და ასეთი მაღალი კალიბრის ინტეგრაცია იქნება მნიშვნელოვანი. ჩვენ ამით სერბეთის და საქართველოს ინტერესებს კიდევ უფრო მყარად დავუჭერთ მხარს და ძალიან კარგი იქნება ეს ორივე მხარისთვის. ძალიან ბევრი ურთიერთობა შეიძლება ვახსენოთ მაგალითებად, მაგრამ ემოციური ურთიერთობა ძალიან ძლიერია- ტურიზმის სფეროში იქნება, ხალხთაშორის ურთიერთობაში იქნება თუ ნებისმიერი სხვა მიმართულებით. ჩემთვის საოცარი იყო აღმომეჩინა, რომ ღვინის მიმართულებით ტურიზმის გარდა, თქვენ სათხილამურო ტურიზმიც გქონიათ. ეს ჩემთვის სიახლეა, ბევრმა იცის. ეს თქვენი სათხილამურო ინფრასტრუქტურა ევროპის ინფრასტრუქტურის მსგავსია. ძალიან ბევრს უყვარს საქართველოში ჩამოსვლა და ყველას უყვარს საქართველო ბევრი მიზეზის გამო. მინდა საქართველოს წარმატება ვუსურვო მომავალში. ძალისხმევა ნამდვილად შესაშურია. დიდი მადლობა ასეთი თბილი მიღებისთვის და იმედი მაქვს თქვენც ჩვენთან სახლში გაგრძნობინებთ თავს, როცა ჩვენთან ჩამობრძანდებით. დიდი მოგონებები მიმყვება თბილისიდან,“ - განაცხადა ვუჩიჩმა.